გურული ცხენოსნების წასვლა უცხოეთში, პირველ რიგში, განპირობებული იყო სარფით, რადგან უმეტესობას ძალიან უჭირდა და საგასტროლოდ წასვლა გახლდათ მშვენიერი შანსი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, საკუთარი თავის გამოჩენისა და, რაღა თქმა უნდა, ამერიკის სანახავად: ,,ღმერთო, რა ნახა თვალმა აგი, იმფერ სანახავებს ვხედავ”, _ წერდა ერთი მოჯირითე. ამერიკის ნახვის და ფულის მოგების სურვილი უკვე დიდი ცდუნება იყო და ყოფილა შემთხვევები, როცა გუნდის მეთაურს თანასოფლელები ქრთამსაც კი სთავაზობდნენ, რათა ისინი წაეყვანა. ამის შესახებ მოგვითხრობს ამერიკაში ნამყოფი უცნობი მოჯირითე, ,,გურულის” ფსევდონიმით, რომელმაც ჟურნალში ,,კვალი~ (1898) დაბეჭდა წერილი სათაურით ,,გურია (ამერიკაში ნამგზავრ გურულთა საყურადღებოთ)”, რომელსაც მთლიანად გთავაზობთ:
“ხუთი წელიწადი შესრულდა, რაც გურულებმა ამერიკის ქალაქ ნიუ-ორკში მოგზაურობა დაიწყეს; ისინი წელიწადში ერთხელ მოგზაურობენ ხოლმე და ამერკაში რჩებიან შვიდი თვე (მართიდან ოკტომბრამდე). პირველ ორ მოგზაურობის დროს მეთაურათ იყო ბ. ივანე მახარაძე, შემდეგ კი ბ. ლუკა ჩხარტიშვილი. ამერიკაში გურულებთან ერთად მოგზაურობდა ერთი ინგლისელი, რომელმაც პირვალათ გამოიწყო ეს საქმე და რომელიც აძლევდა მათ პირობის ბარათს ყოველ მოგზაურობის ბოლო დროს. ამ პირობის ძალით მეთაურთ შეეძლოთ თავის სურვილით აერჩიათ გურიაში ათამდე საუკეთესო ცხენოსანი და მომღერალი გურულები ამერიკაში წასაყვანათ. თითოეულ იმათგანისათვის ყოველ ხარჯს გარდა უნდა მიეცათ ათ თუმნამდე თვიურათ; მეთაურნი კი თვეში ათ თუმანზე მეტს იღებდნენ. აქედან ცხადია, რომ ბევრ ახალგაზრდა გურულს აღეძრა ამერიკაში წასვლის სურვილი. ამასთან უკან დაბრუნებულთა ნაამბობმა ამერიკის შესახებ უსაზღვრო აღტაცებაში მოიყვანა ახალგაზრდა გურულები და ამერიკაში წასვლის სურვილი ისე განუძლიერა, რომ ამბობდნენ, ოღონდ კი იქ წაგვიყვანოს ვისაც შეუძლია და ამისთვის არაფერს არ დავზოგავთო. ვერ გავკეთდები კაცი თუ? აი, რა ოცნებამ შეიპყრო ისინი. ამისთვის ვინ რა მიუძღვნა მეთაურს საჩუქრათ და ვინ რა. მეთაური კი თავის მხრით იმას შეხედავდა მოწყალების თვალით და აღუთქვამდა: `ადგილი მაქვს, წაყვანილი იქნებიო~, ვინც, რასაკვირველია, დიდ საჩუქარს მიართმევდა. ნათქვამია: `მართლის მთქმელს ყბაში ჰკრესო~, იქნებ მეც ასე დამიპირონ მეთაურებმა, მაგრამ მათთან ნურას უკაცრავად, მე მაინც სიმართლე უნდა ვთქვა. ამის დასამტკიცებელი საბუთები ბევრია, რომელთა შორის ერთს, უფრო ცხადს, აქ მოვიყვან: ბ. ლუკა ჩხარტიშვილმა, მიიღო თუ არა ცეცხლაძისგან საჩუქრათ კარგი თეთრი ცხენი, მაშინვე პირობა აღუთქვა ამერიკაში წასაყვანად და კიდეც წაიყვანა. მეთაურთ კარგათ უნდა ახსოვდეთ ის დრო, როცა საჩუქრებში ირჩევდნენ რომელი უკეთესი იყო, და მხოლოდ იმას აიღებდნენ. მაგრამ საბედნიეროთ ეს დრო მათ აღარ დაუბრუნდებათ: შემდეგში ვინც ამერიკაში წავა, იმათთან საჩუქრის მიტანა აღარ დასჭირდება, უსაჩუქროთ წავლენ.
პირველ მოგზაურობის დროსვე უცხოეთისაკენ ახალგაზრდა გურულებთა შორის დაიბადა შური და მტრობა, რამაც მათ შორის ყოველგვარ განწყობილებას და თანხმობას მოუღო ბოლო. თქვენ შეიძლება იფიქროთ: პირველ მოგზაურობის დროს უთანხმოება იმიტომ ჩამოვარდა გურულებს შორის, რომ ორი სამი უხასიათო და ზნე გაფუჭებული კაცი ერეოდა მათ შორის და მათი ბრალი იქნებოდაო; შემდეგში იმედია კარგათ მოეწყობოდენო. მაგრამ ნუ გაგიწყრათ ღმერთი: თუმცა მეორე მოგზაურობის დროს მეთაურს ორი თუ სამი კაცის გარდა სხვა ახლათ არჩეული კაცები ჰყავდა წაყვანილი ამერიკაში, შურმა და მტრობამ მაინც იჩინა თავი და ისეთი არეულობა მოხდა მათ შორის, რომ კინაღამ ამერიკაში დახოცეს ერთმანეთი. Aმის შემდეგ პირველი მეთაური დათხოვნილ იქნა და მის მაგიერ მეთაურათ პირველ ორ მოგზაურობას დროს ნამყოფი ჩხარტიშვილი იქნა დანიშნული, რომლის მეთაურობის დროს, არამც თუ გაუმჯობესდა საქმე, არამრდ კიდევ უფრო აირია მონასტერი. ამერიკაში გამგზავრების წინ როცა ინგლისელის მოსვლა მოახლოვდებოდა, ატყდებოდა მათ შორის ერთი ვაი-ვაგლახი, ჩხუბი და ჩივილი, რომ ამ ნაირი საშუალებით დაერჩინათ ეს და ის და იმის მაგიერ სხვა წაეყვანათ, ან და თვით მეთაური გამოეცვალათ.
მაგრამ დავანებოთ თავი ამას და რამდენიმე სიტყვა ვთქვათ უკანასკნელ გამგზავრებაზე ამერიკაში. ახლა ჩხარტიშვილი მეთაურათ აღარ არის: თითოეულ გურულს საკუთარი ბარათი აქვს ინგლისელისაგან. ერთი იმათ შორის ჯ. ლომაძე, რევოლვერის ტყვიით ფეხში დაჭრილი. ბევრისგან გამიგონია, ლომაძე უსწავლელი მაგრამ პატიოსანი და სვინდისიერი ადამიანიაო, რომელიც იმიტომ დაჭრეს, რომ ამერიკაში წასვლა დაეშალათ. მისი ჭრილობა საშიარი არ არის, ტყვია გამოღებული აქვს და მალე მორჩება სრულიად. ასეთივე პატიოსანი და კეთილი კაცია ჩხაიძეც ამ ჟამათ ციხეში დატყვევებული.
იმედია, ამის შემდეგ ამერიკაში მოგზაური გურულნი თავს დაანებებენ ერთმანეთში მტრობას და შურის ძიებას”…