რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის გადადებას საგაზაფხულო სესიისთვის, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად _ ეს იყო რეალური სურათი. რაც შეეხება პროცედურას და კრიტერიუმებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის უკვე დაანონსებული“,_ ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიერ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, როგორც პროცედურა, ასევე, კრიტერიუმები, ორ ფორმატში _ სამუშაო ჯგუფისა და საპარლამენტო ფორმატში გაიწერება.
„ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება მსჯელობა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით ჩვენ პროცედურაზე და კრიტერიუმებზე, რასაც, ბუნებრივია, ალტერნატივა არ აქვს. ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხისა, რაზეც ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ“, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის ფორმატს, ირაკლი კობახიძის თქმით, შემადგენლობა იმავე პრინციპების შესაბამისად განისაზღვრება, რომელთა საფუძველზეც თავიდანვე იქნა განსაზღვრული.
„სამუშაო ჯგუფის ფორმატს რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და შემადგენლობა განისაზღვრება იმავე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე, დავაკონკრეტებთ იმას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კითხვაზე, ჯდება თუ არა აღნიშნულ კრიტერიუმეში ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიალოგის შედეგად გადაწყდება, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული ჯგუფის მუშაობაში.
„იქნება კონკრეტული დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ამ ფორმატში ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, სხვა სუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების და ამის საფუძველზე გადაწყდება ის, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში“, _ განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ეკა ბესელიამ პრესკონფერენცია გუშინ გამართა და ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხებზე, პარლამენტში წარმოდგენილ მოსამართლეთა სიაზე და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ პროცესებზე ისაუბრა.
„ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული. ეს არის პირველი ეტაპის ამოცანა, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია, წლის ბოლო კვირას, არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე, არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა სესიაზე, შეჩერებულიყო ამ საკითხის განხილვა და კანონში ცვლილებების მომზადებაზე მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ვინ შეიძლება დასახელდეს ასეთ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა. ეს მიზანი მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე და ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი. ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი სასამართლოს განხორციელება ქვეყანაში“, _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის წევრი მოსამართლეთა კანდიდატების განხილვის პროცესის შეჩერებას მიესალმა და შემდგომი პროცესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მთავარია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა და იგი ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების მომზადება, თუმცა პროცესი არ დასრულებულა და ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი. ამ პროცესში ჩემთვის, ჩემი თანამოაზრეებისთვის და კოლეგებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო მიზანი შესრულდეს – სამართლიანი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დავუტოვოთ ამ ქვეყანას და ჩვენს მომავალს, რომ შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნება წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის ის მოსამართლე ან ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ქმნიდნენ ამ სასტიკ რეჟიმს და იყვნენ მისი მსახურნი“, _ აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის წევრმა მის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი და კანონში შესატანი ცვლილებები წარმოადგენს.
„პირადად ჩემთვის უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან. მე გავაგრძელებ ბრძოლას თანამოაზრეებთან ერთად იმისთვის, რომ მაშინ, როცა არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანას დავუტოვოთ გამართული მართლმსაჯულება“, _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
კითხვაზე მიაჩნია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას „ყვითელი ბარათი“ უჩვენა ბესელიამ უპასუხა, რომ ბარათის ჩვენება საკუთარი თავისთვის მხოლოდ მას შეუძლია:
„ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ყოველთვის იდგა და დგას სახელმწიფოებრივი ინტერესი. ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩემთვის უცხო ადამიანი და ვერ იქნება ვერასოდეს უცხო. მასთან ერთად 7 წელია ფეხდაფეხ მოვდივარ და მოვდივარ 10 ოქტომბრიდან. ყველაფერი გამოვიარეთ ერთად და რა თქმა უნდა, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის საკითხები, რომელიც ჩემთვის ფუნდამენტურია, პრინციპულია, ჩემს მორალურ ფასეულობებს ეხება, აქ ვერავის წყენას ვერ მოვერიდები. მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობა არის ვემსახურო ამ ქვეყანას. მე არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემი მოწინააღმდეგეა. მგონია, რომ ეს არის დროებითი მოცემულობა და ამ ერთი განცხადებით პროცესს ნუ შევაფასებთ.
მხოლოდ მე შემიძლია საკუთარ თავს ვუჩვენო ყვითელიც და წითელი ბარათიც და ვეცდები ეს არ გავაკეთო. უმრავლესობიდან წასვლა-არწასვლას მე გადავწყვეტ. მე ვთქვი, რომ დავრჩები უმრავლესობაში და გავაგრძელებ საქმიანობას, მაგრამ თუ ეს უმრავლესობა ამ სიას სახეშეცვლილს, მაგრამ იგივე ვერსიით განიხილავს, მხარს დაუჭერს იგივე მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ჩემს ადგილს უმრავლესობაში ვერ დავინახავ“, _ განაცხადა ბესელიამ.
მიუხედავად ანონსისა, ბესელიამ ივანიშვილს არ უპასუხა და პარტიის თავმჯდომარის მწვავე კრიტიკა უპასუხოდ დატოვა.
იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ მხოლოდ ის თქვა, რომ მწვავე დაპირისპირების მიუხედავად არ აპირებს გუნდი დატოვოს და ამას იმ შემტხვევაში გააკეთებს, თუ “ქართული ოცნება“ მოსამართლეობის მისთვის არასასურველი კანდიდატებს დაამტკიცებს.
ეკა ბესელიას თქმით, მისი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება „ქართული ოცნების“ ე.წ. ახალგაზრდულმა ფრთამ დაიწყო და ისინი მზად იყვნენ, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დათმობის სანაცვლოდ მისთვის უფრო მაღალი თანამდებობა შეეთავაზებინათ.