ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბებში _ ნარუჯასა და ლაითურში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა და კრება გაიმართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, სოფლის პროგრამით 2019 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 537 000 ლარი გამოეყო, რომელსაც მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტით 100%-იანი თანადაფინანსებით უერთდება.
თანხა დასახლებებს რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით განესაზღვრა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წელს დაბა ნარუჯას (2 297 ამომრჩეველი) 10 000 ლარი გამოეყო, რასაც მუნიციპალიტეტი 10 000 ლარს უმატებს. ჯამში 20 000 ლარის ფარგლებში ადგილობრივებმა დაბაში გასახორციელებელი პროექტი შეარჩიეს. გამოიკვეთა 3 ძირითადი პრიორიტეტი: სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, სველი წერტილების მოწესრიგება და გზების რეაბილიტაცია. აქედან, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა სოფლის ცენტრში სკვერის კეთილმოწყობა და ცენტრალურ სტადიონზე არსებული შენობის რეაბილიტაცია.
გამოყოფილი 20 000 ლარის ფარგლებში დაბა ლაითურის მცხოვრებლებმა პრიორიტეტად სოფლის ცენტრში ამბულატორიის მოწყობა, შიდა გზების მოწესრიგება და სარიტუალო დარბაზის შენობის რეაბილიტაცია დაასახელეს.
შეხვედრებს გურიის გუბერნიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ატარებენ. მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში 27 თებერვლამდე გაიმართება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ბოლო ორი წელი შეჩერებული იყო და 2019 წელს განახლდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროგრამის ფარგლებში, 3 700 სოფლის კრება ჩატარდება.
უკვე ცნობილია, თუ რა პროექტები დაფინანსდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფინანსდება შემდეგი სახის პროექტები: სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა. შ. გაწმენდა); წყაროების მოპირკეთება; სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების, ხიდების, ცხაურების, ხიდბოგირების, გადასასვლელების მოწყობა; გარე განათების დამონტაჟება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით მოწყობა; ამბულატორიის შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია; კულტურის ობიექტების მოწესრიგება; სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოედნები და მოედნების ინვენტარის შეძენა; სკვერებისა და სველი წერტილების მოწყობა შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა; სასაფლაოს შემოღობვა; თავშეყრის ადგილებისა და მოსაცდელების მოწყობა; მინიჰესების მოწყობა და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.