შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოში სოფლად მცხოვრები გლეხები, როლებიც შინამეურნეობას მისდევენ და მოსავალს მხოლოდ საკუთარი საოჯახო მოხმარებისთვის გამოიყენებენ, დასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან.
როგორც ეკონომისტები გვეუბნებიან, აღნიშნული ცვლილება საქართველოში უმუშევართა პროცენტულ მაჩვენებელს, დაახლოებით, 20%-დან 25%-მდე გაზრდის, რაც ნიშნავს, რომ ციფრების მანიპულაციით ვერავინ ისარგებლებს.
„საქართველო ნებისმიერი სტატისტიკური ინდიკატორის გაანგარიშების დროს, რომელიც საერთაშორისო შედარებებით სარგებლობს, შესაბამისი საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტის მეთოდიკას ეყრდნობა. მაგალითად, შიდა პროდუქტის გაანგარიშებაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. ამ შემთხვევაში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დასაქმებისა და უმუშევრობას განსაზღვრისთვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით ვსარგებლობთ“,_ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ ეკონომისტი იოსებ არჩვაძე .
მისივე განცხადებით, „ამავე ორგანიზაციაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ის ადამიანები, რომლებიც შინამეურნეობას აწარმოებენ და აღნიშნულს საკუთარი საოჯახო მოხმარებისთვის გამოიყენებენ და ბაზარზე არ ყიდიან, დასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან. გათვალისწინებულია, რომ მათი გადაყვანა უმუშევართა კატეგორიაში მოხდება“.
_ ბატონო იოსებ, გასაგებია, რომ საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს, რაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა აღნიშნულს აუცილებლად გაითვალისწინებს.
_ რეკომენდაციები, რომლებიც საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მოდის, ჩვენთვის სარეკომენდაციოა, მაგრამ, ფაქტობრივად, სავალდებულო ხასიათს ატარებს.
როგორ უნდა მოვახდინოთ უმუშევრობის დონის შედარება საქართველოში და მაგალითად, ესპანეთში თუ ეს ორი ქვეყანა აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდიკით იხელმძღვანელებს?! ამიტომ ეს სტანდარტიზირებული მეთოდიკაა, რომელიც ცივილიზებული ურთიერთობებისთვის და მონაცემთა შედარებისთვის სავალდებულოა.
_ დასაქმების ახალი მეთოდოლოგიის განსაზღვრის შემდეგ, დაახლოებით, რამდენი პროცენტით გაიზრდება უმუშევართა მაჩვენებელი?
_ ნებისმიერ შემთხვევაში, უმუშევართა რაოდენობა, დაახლოებით, 20%-დან 25%-მდე გაიზრდება.
ჩვენ უმუშევართა რაოდენობის რეალური სურათი გვჭირდება. წლების განმავლობაში, ესპანეთი და პორტუგალია საქართველოზე მაღალ უმუშევრობის დონეს აჩვენებენ, მაშინ, როდესაც დამერწმუნებით, რომ საქართველოდან ამ ქვეყანაში წასული ადამიანები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე იქედან ჩამოსული სამუშაოს საძიებელნი.
სტატისტიკურად საქართველოში სოფლად უმუშევრობის დონე სამჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ქალაქად, შესაბამისად, ვინ დაიჯერებს, რომ ქალაქად სამუშაო ადგილების რაოდენობა ნაკლებია?! რამდენ ხანს უნდა ვუყუროთ ასეთ არასწორ ციფრებს?!
_ საქართველოში, დაახლოებით, როდის ამოქმედება აღნიშნული ცვლილება?
_ ამის ბედნიერება მომავალი წლიდან გვექნება.