“საქართველოში ისეთ დროს ჩამოვედი, რომ სწორედ საარჩევნო პროცესების შუაგულში აღმოვჩნდი. გეტყვით, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, როცა შემეძლო ხელახლა გავცნობოდი საქართველოს.“- ეს განცხადება ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა აჭარის ტელევიზიის, პოლიტიკურ თოქ-შოუ “კვირის მთავარში“ გააკეთა.
მისივე თქმით, არჩევნები ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა, ასევე, რამდენიმე ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს დაკვირვების შედეგებს, რომლებიც ამ ორგანიზაციებმა წარმოადგინეს. ეუთოს საბოლოო დასკვნა თებერვალში იქნება და მასში ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე შევა რეკომენდაციები. ჩვენ ასევე ვიზიარებთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსაც საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. მოვუწოდებ და დაბეჯითებით ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს როკომენდაციები, განიხილოს რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ამომრჩეველებს სამომავლოდ უფრო მეტი ნდობა ჰქონდეთ საარჩევნო სისტემის მიმართ, გაიხსნას სივრცე პოლიტიკური მრავალხმიანობისათვის. ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის.
ჟურნალისტის კითხვაზე – გამოსავალს იმ ვითარებიდან, რომელიც არსებობს ქართულ პოლიტიკურ ველზე, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საარჩევნო სისტემის შეცვლასა და გაჯანსაღებაში ხედავს. არაერთი შეხვედრა გქონდათ მათთან და ფლობთ ინფორმაციას. თქვენ თუ ხედავთ ცვლილებების საჭიროებას? – როს უილსონმა შემდეგი პასუხი გასცა:
“მე, ალბათ, დავეყრდნობი იმ დასკვნას, რომელსაც ეუთო თებერვალში წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ეუთოს წინასწარი დასკვნა სხვადასხვა საკითხს და პრობლემას მოიცავდა და მათ შორის იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სახელმწიფო გადამხდელთა რესურსების გამოყენება. იყო, ასევე, ამომრჩეველთა დაშინების ფაქტები. ეუთოს მოხსენებაში საუბარია სიძულვილის ენაზე საარჩევნო პროცესში და მსგავს რიტორიკაზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან. სწორედ ამ საკითხების მოგვარება და გადაწყვეტაა საჭირო, რადგან საარჩევნო სისტემისადმი ნდობა უაღრესად მნიშვნელოვანია. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქართველო მიისწრაფის ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი გახდეს, წარმატებულ და დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს. როგორც მივხვდი, თქვენს შეკითხვაში ისიც იგულისხმებოდა, უნდა გადავიდეს თუ არა საქართველო ნაწილობრივი მაჟორიტარული სისტემიდან, მთლიანად პროპორციულ სისტემაზე…
ამასთან დაკავშირებით აშშ-ს არ აქვს ზუსტი პოზიცია. რა თქმა უნდა, არსებობს არგუმენტები, თუ რატომ უნდა იყოს ასე, ან, თუ რატომ არ უნდა იყოს… თუმცა, მთავარი აქ არის სისტემის გაჯანსაღება და გაუმჯობესება, რათა მას საზოგადოება ენდობოდეს. სისტემისა, რომლის მიხედვითაც დემოკრატია იმუშავებს, კარგი მმართველობის შესაძლებლობა იქნება და სამართლიანი საზოგადოების არსებობის პირობები შეიქმნება“, _თქვა როს უილსონმა.