2019 წელს საქართველოში მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წლიდან კი აბიტურიენტებს მე-12 კლასის გამოცდების ჩაბარებაც აღარ მოუწევთ.
აღნიშნული ცვლილების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად, გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
საგანმანათლებლო სისტემაში კიდევ ერთი სიახლეა, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება აბიტურიენტისთვის სავალდებულო აღარ იქნება. რაც შეეხება უცხო ენისა და ქართული ენა-ლიტერატურის გამოცდას, აღნიშნული საგნების ჩაბარება კვლავ სავალდებულოა. ამასთან, გორგოძის ინფორმაციის მიხედვით, საგამოცდო ცენტრში ჩასაბარებელი მესამე სავალდებულო საგანი უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით განისაზღვრება.
„ქართულმა ოცნებამ“ გაანადგურა ის მექანიზმი, რომელიც საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებდა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, რომელიც სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საატესტატო გამოცდების გაუქმება საგანმანათლებლო სისტემისთვის დიდი დარტყმა იქნება.
„როგორ შეიძლება გამოცდების გაუქმებამ განათლების ხარისხი გააუმჯობესოს?! ყველა ადამიანმა საკუთარ თავს ჰკითხოს, სასკოლო განათლება როდის იყო უკეთესი სანამ საატესტატო გამოცდები შეიქმნებოდა, თუ მაშინ, როცა საატესტატო გამოცდების ამოქმედა?! ამ შემთხვევაში, პასუხი ნათელია. საატესტატო გამოდების შემოღების შემდეგ, ბავშვები სკოლაში დავაბრუნეთ, რასაც განათლების ხარისხის გაზრდა მოჰყვა. „ქართულმა ოცნებამ“ ის მექანიზმი გაანადგურა, რომელიც აღნიშნულ პრობლემებზე მიუთითებდა.
ზოგადად, საატესტატო გამოცდები მაჩვენებელი იყო იმისა, თუ რამდენად რთული პრობლემები იდგა სასკოლო განათლების წინაშე. სამწუხაროდ, 2012 წელის შემდეგ, ყველამ ვიცით, რომ საატესტატო გამოცდებზე ყოველწლიურად მეტი და მეტი ბავშვი იჭრებოდა და ვერ აკმაყოფილებდა იმ მინიმალურ კომპეტენციას, რომელიც დაწესებული იყო, რაც პირდაპირი ნიშანი იყო იმისა, რომ სასკოლო განათლებაში პრობლემები გვაქვს, რომელიც ყოველწლიურად უარესდება. იმის ნაცვლად, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას აღნიშნული პრობლემები მოეგვარებინა, ის მექანიზმი გაანადგურა, რომელიც პრობლემებზე მიუთითებდა“,_ აღნიშნა შაშკინმა.
შაშკინი მიიჩნევს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტისთვის ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო იყოს.
„რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, არ მესმის. ამ საკითხზე შემიძლია, მათ რაციონალურად ვეკამათო. ზოგადი უნარების გამოცდა მსოფლიოს ყველაზე წარმატებული პრაქტიკიდან იყო გადმოღებული, რომელიც ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბარდება, ევროპის თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
უნარები, რომლიც ან გაქვს ან _არა, აბიტურიენტის კრიტიკულ აზროვნებას აფასებს. აქედან გამომდინარე, ზოგადი უნარების გამოცდა გარანტი იყო იმისა, რომ ბავშვის გრანტი დამოკიდებული იქნებოდა, არა რეპეტიტორებზე, არამედ საკუთარ კრიტიკულ აზროვნებაზე. ყოველივე ამის გაუქმება სისტემას როგორ გააუმჯობესებს ნამდვილად არ ვიცი“,_ აღნიშნა შაშკინმა.