დღეს ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის ისტორიული აბანოს კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით განახორციელებს.
გურიის გუბერნიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის ცენტრში მდებარე არქიტექტურული ნაგებობის განახლებული იერსახით წარმოსაჩენად სარესტავრაციო გეგმას სააგენტო მიმდინარე წლის უახლოეს თვეებში მოამზადებს, რომელიც ძირითად საპროექტო დოკუმენტაციასთან შეჯერდება. არსებული კონცეფციის მიხედვით, ისტორიული აბანოს რეაბილიტაციის გეგმა კონსერვაციასთან ერთად, მისი წყალმომარაგების სისტემის ნაწილობრივ აღდგენას და ღია საექსპოზიციო ფორმით ინფრასტრუქტურული ელემენტებით გამრავალფეროვნებას ითვალისწინებს. 7 წლის წინ ჩაშენებული ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მოეწყობა ლითონკოსტრუქციის მოაჯირები, საფეხმავლო ხიდები და განათების თანამედროვე სისტემები. ქალაქის ურბანულ ქსოვილს ჰარმონიულად შერწყმული არქიტექტურული ნაგებობა ტურისტული სანახაობის დატვირტვასაც შეიძენს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გურიის რეგიონში იმყოფებოდნენ. მათ სახელმწიფო რწმუნებულთან ზურაბ ნასარაიასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ოზურგეთის მერის მოადგილესთან ოსიკო თოთიბაძესთან და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროს ლაშა ჭელიძესთან ერთად, ის ტერიტორიები მოინახულეს, სადაც აღნიშნული სამუშაოები უნდა განხორციელდეს.
ისტორიული აბანოები ქალაქ ოზურგეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან უძველესია. ძველი ნაგებობის ნაშთები მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ქალაქის ცენტრში რესტორან “იზაბელას” მშენებლობისას აღმოაჩინეს. არქიტექტურული ნაგებობის ნაშთები მეორედ 2012 წელს, იუსტიციის სახლის საძირკველის გათხრისას გამოვლინდა. აბანოს ნაშთები სავარაუდოდ დიუბუა დე მონპერეს მიერ XIX საუკუნის დასაწყისში აღწერილი გურიელების აბანოს ეკუთვნის. საქართველოში აღმოჩენილი სხვა აბანოების მსგავსად ოზურგეთის აბანოებიც ორ იარუსიანია (ქვედა გასათბობი ადგილი და სააბაზანო).