ცნობილი თეატრალური მოღვაწე ივანე ასკურავას მიხედვით, პირველი წარმოდგენა ლანჩხუთში 1895 წელს გამართულა. მაშინ დაიდგა ვალერიან გუნიას ხუთ მოქმედებიანი დრამა ,,და-ძმა”. წარმოდგენიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა მოსწავლე მიხეილ მალაქიას ძე მენაღარიშვილს (შემდგომში ცნობილი კბილის ექიმი) რუსეთში სასწავლებლად გამგზავრებისათვის.
1895 წელს გაიმართა პირველი საბავშვო წარმოდგენა ,,ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან” და ვოდევილი ,,მონადირე”. გაზეთი ,,ცნობის ,,ფურცელი” (#76, 1897) იუწყებოდა: ,,აგერ სამი-ოთხი წელიწადი იქნება, რაც ლანჩხუთში ყოველ ზაფხულობით იმართება ოთხ-ხუთჯერ ქართული წარმოდგენები. ეხლა ყველა, ცოტა თუ ბევრად შეგნებულმა ქართველმა იცის, თუ რა არის წარმოდგენა და რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ-კი არ გვქონია ისეთი შემთხვევა, რომ ლანჩხუთელები სიამოვნებით მიჰგებებოდნენ ამ საქმეს და თავისს სურვილით ბილეთი ეყიდოთ! თუ გამოგვიჩნდება ისევ თითო-ოროლა ისეთი პატივსაცემი კაცი, რომლის ხათრისთვის ძალათ თუ იყიდიან, თორემ თავის სურვილით ღმერთმა დაიფაროს, რომ ლანჩხუთელები ჩვენს წარმოდგენას დაესწრენ!.. გვეუბნებიან: ათი შაურის და მანათის გამოღება არ შეგვიძლია, ბილეთები ძვირი არისო! რა ბრძანებაა, ბატონო! ბილეთი და სიძვირე რა შუაშია! თუ ათი შაური და მანათის გამეტება არ შეუძლია, განა აბაზიან ბილეთს ვერ იყიდის?! მაგრამ აბაზიან ბილეთზე დაჯდომა ეზარება და ესეც რომ არ იყოს, არც იმ აბაზის გადახდა უნდა!.. ვის არ უნდა სული სამოთხეში და ხორცი ბედნიერებაში, მაგრამ ყველაფერს ჩვენ ვინ მოგვცემს!..”
თავდაპირველად სპექტაკლში ქალების მონაწილეობის წინააღმდეგები იყვნენ და ზოგჯერ ქალის როლს კაცი ასრულებდა, მაგრამ სცენის მოყვარული ქალბატონები მაინც ახრხებდნენ მონაწილეობის მიღებას სპექტაკლებში. წარმოდგენაში აღებული ფული, ძირითადად, ქველმოქმედებას ხმარდებოდა.
1899 წელს მაქსიმე ზენაიშვილის სიმინდის საწყობში დიდი საქველმოქმედო საღამო გაიმართა. 1900 წელს კი სოფრომ ბარამიძის სახლში დაიდგა პიესა ,,ქოროღლი” და ცაგარელის ,,ციმბირელი”, სადაც მონაწილეობდა ცნობილი ბელეტრისტი ჭოლა ლომთათიძე. 1901 წელს პეტრე კილაძის სადურგლო შენობაში, სადაც შემდგომში პირველი მუდმივი თეატრი მოეწყო ნოე ბზეკალავას ხელმძღვანელობით, წარმოდენილი იქნა პიესა ,,ბაიყუში”, ხოლო იმავე წელს ზაფხულში ლანჩხუთს პირველად ეწვია პროფესიონალ მსახიობთა პატარა დასი. იმავე კილაძის სადურგლოში დაიდგა ბზეკალავას მიერ აკაკის კომედია ,,კინტო” და ვოდევილი ,,ორი მშიერი”.
სცენა ბჟოლის ჩხოტაზე
მარო და ვარდო
ვარდო _ მარიკო, დედას გაფიცებ ერთი იგი ლექსი თქვი ციციასთან რომ გეთქვა გუშინ…..
ვარდო – რას მაფიცებ ცავ ციცქნაი გასაჩენო აგია-ა:
ჩვენის სცენის მოყვარენი,
მართვენ ლანჩხუთს წარმოდგენას,
მეორე დღეს ანგარიშზე
წარბებს ხუშვენ, ვატყობთ წყენას….
ვარდო – ცავ ბევრი იყვენ მაყურებლები?
მარო – საფსე, მარა დასაფსებლებს იმფერი საჯდომები კი გიეკეთებიენ რომ ხან თავი გვქონდა აღმა და ხან ფეხი.
ვარდო – რავას თამაშობდენ?
მარო – საანცოს ცავ, იგი უწინ რომ ათამაშეს ბატონი და ყმაიო, კურცხალი ვერ დევიმაგრე, მარა მოვრჩი კი იგი გარყვნილი ბატონი რომ ჩააძაღლა გაბრიელმა. დაბოლოს ერთი საათის საცოლეს რომ ეძებდა იგი ვინცხა თვალგატეხილი იყო გაგვტკლიცა სწორეთ ნაკერავზედ სიცილით. საშინელს თამაშობდა ქალებიც მარა რა გინდა დავო იგენს ყოლიფერი შვენის თვარა მე რომ ისეი ვქნა დუღარით ამომლანჯავს ნენაი თვალებს. იგენი იგენია და აფიცერი და ვინცხა ციცეები რომ ტახუჯობდენ თვალებს დაჭუჭვიდი რომ გეყურებია…
სხვადასხვა მიზეზთა გამო 1908 წლამდე წარმოდგენები აღარ გამართულა. 1908 წლიდან განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის თეატრალური ცხოვრება, ორი წლის განმავლობაში წარმოდგენა-საღამოები კერძო პირთა ინიციატივით ეწყობოდა. 1910 წელს ლანჩხუთის საზოგადოებაში წარმოიშვა და მომწიფდა მუდმივი თეატრის დაარსების იდეა. ამ საქმის მეთაურობა ითავეს ლანჩხუთის მოწინავე ქალბატონებმა ელისაბედ ასკურავამ, ცუნუ ჟორდანიამ, იულია ჩიმაკაძემ, მაშა ცინცაძემ და სხვებმა.
თავდაპირველად საქმე იმით დაიწყეს, რომ თეატრალური ფონდის შესაქმნელად გამართეს წარმოდგენა ,,ამ დროის გმირები”. ამავე დროს გავლენიან პირთა მეშვეობით ლანჩხუთის ბოქაულს ილარიონ კუხალეიშვილს სთხოვეს თეატრის მშენებლობის ფონდისთვის დაეთმო გაუქმებული დიდი თავლა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან მამასახლისმა რაჟდენა კვირკველიამ აღნიშნული თავლა მიითვისა. თუმცა აქ სხვა მიზეზიც არსებობდა. ქალბატონებმა კრება გამართეს ორკლასიანი სკოლის შენობაში, მაგრამ ბოქაულისაგან წინასწარ არ აიღეს ნებართვა. როცა ბოქაულს კუხალეიშვილს ცნობა უფრინეს – ქალებს სკოლაში კრება აქვთ გამართულიო, მან თავისი თანაშემწე ყიფიანი გაგზავნა. ბოქაულის თანაშემწემ კრების კარი სწორედ მაშინ შეაღო, როცა ორატორი ქალი მაშა ცინცაძე, გაქართველებული რუსი და ქართულის ცუდად მცოდნე, ამთავრებდა თავის სიტყვას – ჩვენ გვინდა თეატრი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩევნი კუდრა. ანუ მას უნდოდა ეთქვა მყუდრო კუთხე ჩვენი თეატრისათვისო. ყიფიანმა ეს სიტყვა გაიგო, მაგრამ ვერ მიხვდა მის მნიშვნელობას და ქალებს დაუღრიალა – რაო, რაო! რის კუდრა და კუდრაჭაო! აბა! კუდრაჭებო ახლავე დაიშალეთ, თორემ!!! და ქალთა კრება გარეთ გამორეკა.
შემდგომში ლანჩხუთის მოწინავე პირთა შორის შეგროვილი თანხით ქრისტინე ჟორდანიას ეზოში გაიმართა დიდი ფარდული. სასცენო დასი შედგებოდა შემდეგი პირებისაგან: დათიკო ჩარკვიანი – რეჟისორი, ალექსანდრე ჯაყელი, საშა გუგუშვილი, დესპინე ივანიძე, გაიანე ურბნელი. მათ დახმარებას უწევდნენ ადგილობრივი სცენის მოყვარულები: ელენე ასკურავა, პაჭე ჟორდანია, შალვა ჟორდანია, კოწია ჭუბაბრია, ივანე ასკურავა, მარო მათითაიშვილი, ლუდმილა ცინცაძე, ლუბა ჩხარტიშვილი.
პირველ სეზონზე დაიდგა 19 წარმოდგენა – ,,ცხოვრების გმირი”, ,,ირინეს ბედნიერება”, ,,დარისპანის გასაჭირი”, ,,ლეკის ქალი გულჯავარ” და სხვა.
1912 წლის ზაფხულში ლანჩხუთს ლექციის წასაკითხად გრიგოლ რობაქიძე ეწვია – თემაზე შოთა რუსთაველის და ვაჟა ფშაველას შემოქმედება. რომელიც ადგილობრივ თეატრში გაიმართა. მაშინ თეატრი ზენაიშვილის სიმინდის საწყობში იყო გამართული რკინიგზის სადგურის მიღმა დაჭაობებულ მიდამოში. დაიწყო ლექცია. ცოტა ხნის შემდეგ თეატრის ირგვლივ ბაყაყების ყიყინი ატყდა. რობაქიძემ ვერ აიტანა ეს უფასო აკომპონიმენტი, ლექცია შეწვიტა და ხალხს მიმართა – ბატონებო, მე ლექციას ვეღარ გავაგრეძელებ, თუ ბაყაყები არ დააჩუმეთო! და კულისებში მიიმალა. ხალხი სახტად დარჩა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ეს მოთხოვნა უნდა შეესრულებინათ. ჭაობის ნაპირს მიუყენეს აპოლონ ცინცაძე (ჩიხათოთ წოდებული) და დაავალეს ბაყაყების გასაჩუმებლად ქვების სროლა. მაგრამ საქმეს ის ართულებდა, რომ ბაყაყები ჭაობის ორივე ნაპირზე ყიყინებდნენ, როცა ქვების მეშვეობით ერთ მხარეს გააჩუმებდა, მეორე ტეხდა ვაი-უშველებელს, მაგრამ ბოლოს როგორღაც შეძლო ბაყაყების მორჯულება. ლექცია განახლდა. მეორე დღეს ხალხი ოხუნჯობდა – ,,რობაქიძემ, როგორც ესთეტური ბუნების კაცმა, ბაყაყების მძლავრი და გამაყურებელი კონცერტი ვერ აიტანა, შემდეგ კი მელოდიურ აკომპანიმენტს თვითონაც საუცხოვოდ შეეგუა და ხმაც შეუწყოო”.
1913 წლის მიწურულში მოწვეულ იქნა ლანჩხუთის საზოგადოების მოწინავე ნაწილის საერთო კრება. ამ კრებამ თავი გამოაცხადა ,,დრამატული საზოგადოების” დამფუძნებელ კრებად და აირჩია გამგეობა. ახლადარჩეულმა გამგეობამ პეტრე კილაძისაგან თეატრისათვის დაიქირავა სადურგლო, რომელიც 200-250 კაცამდე იტევდა. თეატრი გაიხსნა 1914 წლის 8 თებერვალს; ნაჩვენები იქნა ცაგარელის დრამა ,,ერთი ნაბიჯი წინ” და საკონცერტო ნომრები. იმჟამად თეატრის მუდმივი რეჟისორი იყო ალ. ჯაყელი. კილაძის შენობაში გამართული თეატრი ათეული წლების მანძილზე ემსახურა ლანჩხუთის საზოგადოებას.
თეატრში ასევე სპექტაკლებს მართავდა თბილისის მსახიობთა დასი. აქ ჩამოდიოდნენ ვალერიან შალიკაშვილი, ვალერიან გუნია, ტასო აბაშიძე, მარო მდივანი, ნატალია ჯავახიშვილი და სხვები.
1916 წლის ივნისში ლანჩხუთის თეატრში ქუთაისიდან ჩავიდა ქართული გიმნაზიის სცენისმოყვარეთა წრე, რომლის შემადგენლობაში, სხვებთან ერთად აკაკი ვასაძეც იყო. ქუთაისლების ჩასვლამ თურმე დიდი რეზონანსი გამოიწვია და ახლომახლო სოფლებიდან ხალხი მიაწყდა თეატრს. წარმოდგენამდე ცოტა ხნით ადრე თეატრში მივიდა ღვინით გალეშილი ბოქაული კახიძე და მკაცრად მოითხოვა სპექტაკლის წინ ,,ბოჟე ცარია ხრანის” დაკვრა. შემდეგ მიტრიალდა და წინა რიგში დაჯდა. ამ ულტიმატუმმა დიდი კამათი გამოიწვია რევოლუციონურად განწყობილ ახალგაზრდებში, მაგრამ რა უნდა ექნათ? როგორც კი ფარდა აიწია, ორკესტრმა ჰიმნის დაკვრა დაიწყო. ხალხი ფეხზე ადგა, ხოლო მთვრალი ბოქაული არც კი განძრეულა – ის ხვრინავდა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ორკესტრმა ჰიმნი ,,მარსელიეზით” დაასრულა. სახტად მყოფი მაყურებელი გამოერკვა და მქუხარე ტაშით იქაურობა დაანგრია. ტაშის ხმაზე ბოქაულ კახიძესაც გამოეღვიძა და დარწმუნებული რომ ორკესტრი ,,ბოჟე ცარია ხრანის” ასრულებდა, ისიც დიდხანს უკრავდა ტაშს.
პირველი მსოფლიო ომის დროს 1917 წლის რევოლუციამდე ლანჩხუთში თეატრალური მუშაობა მიყუჩდა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ კი ისევ აღორძინდა. დასის ხელმძღვანელობა დაეკისრა ივანე ასკურავას. დასმა დადგა რიგი სპექტაკლებისა: ,,მეზობლები”, ,,სოფლის გმირები”, ,,მაწანწალა სამოთხეში”, ,,ლურჯი ხალათი” და სხვა. შემდგომში არჩეულ იქნა ახალი დრამატული საზოგადოების გამგეობა. გამგეობამ დიდი მუშაობა ჩაატარა მსახიობთა პირობების გასაუმჯობესებლად. ჯამაგირები დაენიშნათ როგორც პროფესიონალ მსახიობებს, ასევე სცენის მუშებსაც. დადგმულ იქნა შემდეგი წარმოდგენები ,,ციმბირელი”, ,,უმუშევარნი”, ,,პატარა კახი”, ,,თამარ ბატონიშვილი”, ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავ” და სხვა.
1919 წელს თეატრს დიდი უბედურება დაატყდა თავს – გაჩნდა ხანძარი, რომელმაც შთანთქა მთელი ინვენტარი და დეკორაციები. გასაბჭოების შემდეგ, ლანჩხუთის რევკომთან არსებული განათლების განყოფილების გამგე ივანე ასკურავა განადგურებული თეატრის აღდგენას შეუდგა, მაგრამ მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, თეატრი ვერ იტევდა მოზღვავებული მაყურებელს. იმ პერიოდში წარმოდგენებს მართავდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები.
თეატრის ახალი შენობა თავიდან სახალხო სახლისთვის იყო განზრახული, სადაც განთავსდებოდა თეატრი, კინო, ბიბლიოთეკა, კრების დარბაზი. 1921-23 წლებში თეატრის მხოლოდ საძირკველი ამოიყვანეს და შემდეგ მშენებლობა შეჩერდა, რადგან იმ პერიოდში მიმდინარეობდა ქალაქის რეკონსტრუქცია და თეატრისთვის ჯერჯერობით არავის ეცალა. თეატრის პროექტი შექმნილი იყო ახალგაზრდა არქიტექტორების – კირილე გვასალიასა და შალვა თავაძის მიერ, რომლებიც მშენებლობასაც ხელმძღვანელობდნენ. თეატრს მიენიჭა ეგნატე ნინოშვილის სახელი. მისი დარბაზი 650 კაცს იტევდა. სცენა სავსებით მექანიზირებული იყო. სპექტაკლებისათვის საჭირო ტანსაცმელი და რეკვიზიტი ლანჩხუთის თეატრს რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებმა გადასცეს, კონსერვატორიამ კი როალი უსაჩუქრა.
1937 წლის 28 თებერვალს ლანჩხუთში დიდი ზეიმით გაიხსნა თეატრი. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ შალვა დადიანი, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, მანუელ აფხაიძე და სხვები.
თეატრის დირექტორად და სამხატვრო ნაწილის ხელმძღვანელად მიწვეულ იქნა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ვანიკო აბაშიძე. მსახიობთა დასის შემდგენლობა ასეთი გახლდათ: იესე ებრალიძე – რეჟისორი, ვალოდია წულაძე, მიხეილ იმნაძე, აკაკი ქერქაძე, იაკინთე კალანდირიშვილი, ალექსანდრე ჯორბენაძე, ნიკადრო იმნაძე, ვალოდია კვაჭაძე, ლილი ტურნავა, თამარ კირთაძე, სურა იმნაძე, ჟორა ბარამიძე, შოთა ვაშალომიძე და სხვები.
მოცეკვავეთა წრეს ხელმძღვანელობდა ვალოდია წულაძე, მომღერალთა გუნდს ბესარიონ ლორია, მეჩონგურეთა ანსამბლს – ცუნუ ჟორდანია, მუსიკალური ნაწილის გამგე – გრიშა იაკობიძე, სცენის მემანქანე იპოლიტე ებრალიძე, დეკორატორი – ბესარიონ ლორია. მხატვრულ გაფორმებაზე მუშაობდა რუსთაველის თეატრის მხატვარი – დიმიტრი თავაძე.
თეატრის გახსნისას წარმოდგენილ იქნა შალვა დადიანის ,,ნინოშვილის გურია”, რომელსაც არაჩეულებრივად ძლიერი გავლენა მოუხდენია მაყურებელზე. ზოგიერთი სცენის ჩვენებისას ისეთი ვითარება შექმნილა, რომ სცენასა და მაყურებელს შორის ზღვარი მოიშალა, მაყურებელი რაღაც მანქანებით წარსულში იქნა გადასროლილი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ გამოითქვა აზრი, რომ ადგილობრივი კოლორიტი ლანჩხუთის თეატრში დადგმული სპექტაკლით უფრო იყო შენარჩუნებული, ვიდრე მარჯანიშვილის თეატრშიო. რაც, არ უნდა იყოს გასაკვირი.
1934-35 წლებში დასმა სხვა პიესებთან ერთად დადგა ნინო ნაკაშიძის პიესა ,,ვინ არის დამნაშავე?”, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. გ. ებრალიძე ნაშრომში ,,წარმოდგენების მართვის საქმე ლანჩხუთში” დაწვრილებით და ძალიან საინტერესოდ განიხილავს ამ პიესას და მაღალ შეფასებას აძლევს მასში დასაქმებულ მსახიობებს – იესე ებრალიძეს – სიკო, ლილი ტურნავას – ფატი, რისიმე რუსიას – სალიხე, აკაკი ქერქაძეს – არსენა და სხვა. დადგმა განახორციელა იესე ებრალიძემ, რომელიც ლანჩხუთის საზოგადოებაში საკუთარი ნიჭის წყალობით დამსახურებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.
იესე ებრალიძე ერთ ასეთ შემთხვევას იგონებს: ვიღაც დალაქი გადაეკიდა ახალგაზრდა გათხოვილ ქალს, რომლის ქმარი რუსეთში იყო სამუშაოდ წასული. ,,ჩვენი საიდუმლო ურთიერთობას ადამიანი კი არა, ეშმაკიც ვერ გაიგებსო” – ეუბნებოდა დალაქი და თან ძვირფას საჩუქრებს ჰპირდებოდა. ,,ვინ არის დამნაშავეს?” ნახვის შემდეგ კი დალაქი ქალს მოულოდნელად დაშორდა და ცოლი შეირთო. როცა ამის შესახებ უკითხავთ, დალაქს უპასუხია, რომ ქალის დამორჩილება შეიძლებოდაო, მარა სპექტაკლის ნახვის შემდეგ მე სხვის ცოდვაში ვერ ჩავდგებოდიო. მაინცდამაინც თუ წამძლია სულმა, ისევ ქვრივების კვალდაკვალ დევნა ჯობია ქმრიანი ქალების მოტყუებას და მათი ოჯახის დანგრევასო.
ერთხელ ნიგოითში ლანჩხუთელთა დასი თამაშობდა პიესას ,,ორი გმირი”. ერთ სცენაში საგუშაგოზე მდგარ გუშაგს გვერდით ჩაუვლის წყაროდან მომავალი მწყემსი. ისინი ერთმანეთს გამოელაპარაკებიან, გუშაგი მწყემსს წყლის დალევას სთხოვს. მწყემსი გუშაგს პირთამდე წყლით სავსე კოკას მიაწოდებს. იმ დღეს ცხელი ამინდი იდგა, გუშაგმა მიიყუდა კოკა, ცივი წყალი ესიამოვნა და ლამის მთლიანად გამოცალა. სუფლიორმა პაჭუ ჟორდანიამ ნახა რა, რომ მსახიობი წყლის დალევით ძლიერ აჭიანურებს სცენას, მას უჩურჩულა: ,,გაათავე ბიჭო, გეყოფა აწი, გასკდა შენი მუცელი.” მწყემსს ეგონა ეს მისი სათქმელი სიტყვები იყო, რიხიანად მიაძახა ეს ფრაზა გუშაგს, პირიდან გამოგლიჯა კოკა და კულისებში გაექანა. მაყურებლისთვის ეს შეუმჩნეველი იყო, მაგრამ კულისებში ატყდა გიჟური სიცილ-ხარხარი, თავად პაჭუ ჟორდანია ცრემლებამდე იცინოდა თურმე…
რაც შეეხება კინემატოგრაფს, მას ლანჩხუთელები უფრო გვიან გაეცნენ. 1917 გვიმბალაურელმა იასონ ჯორბენაძემ პირველმა შემოიტანა ლანჩხუთში კინოდანადგარი და მოსახლეობას ფილმებს უჩვენებდა.
ამონარიდი მომავალი წიგნიდან ლანჩხუთი, ავტორები ირაკლი მახარაძე, ნონა იმნაძე და ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის თანამშრომლები