აუცილებლად უნდა დადგინდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების პირველწყარო, _ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, ინფორმაციის გავრცელების პირველ დღეებში მიმდინარეობდა მუშაობა, თუ რამდენად შეესაბამებოდა დეპუტატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს:
“აღნიშნულთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები და შესაბამისად, ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. ყოველდღიური კავშირი მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის მინისტრებთან. ჩემი ჩართულობა არის ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფილი, რათა საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული”, – თქვა კობახიძემ.
მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს იმის შესახებ, რომ ვიდეოში “აიფონ 5” ჩანს, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ვიდეო “ქართული ოცნების” მმართველობის დროს შეიძლება იყოს ჩაწერილი. ამაზე კობახიძემ თქვა, რომ ეს “სპეკულაციაა”.
“იქ ტელეფონების გარჩევა სრულიად შეუძლებელია. 5 ჩანს, მაგრამ აიფონ 5 არ ვიცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 ადამიანი დააკავეს. საქმეზე განცხადება შსს-ში გაკეთდა. უკანონო ვიდეოჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული მომღერალი გიორგი გასვიანია.
ბრიფინგზე საპოლიციო უწყებამ მოუწოდა საზოგადოებას შეწყვიტონ ჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება, რადგან ეს დანაშაულია, რომელიც ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით 1 თებერვალს დეპუტატი ეკა ბესელიაც გამოკითხეს.
გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.