კურორტ ნასაკირალში ინვესტიეციების გახორციელებით არაბი ინვესტორები დაინტერესდნენ, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BM-ge ავრცელებს.
როგორც გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ონლაინ გამოცემასთან ამბობს, ნასაკირალით დაინტერესებულნი არიან, აგრეთვე, ევროპაში მყოფი ქართველებიც.
გურიის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსის ნინო ლომჯარიას თქმით, არაბი ინვესტორები რამდენიმე კვირაში აპირებენ ოზურგეთში ჩამოსვლას და ყველა დეტალი მაშინ გახდება ცნობილი.
დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციული ერთეულის მთავარი სპეციალისტი ოთარ ადაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს პროექტი, მაგრამ ზუსტად არ იცის, როდის დაიწყება ნასაკირალში სარეაბილიტაციო სამუშაოები.
“ვიცი კოტეჯების, სასტუმროების და რესტორნების გაკეთება იგეგმება, ამისთვის კი ინვესტორებს ეძებენ. დეტალები მართლა არ ვიცი და არც ის ვიცი, შემოდის თუ არა არაბი ინვესტორები დაბა ნასაკირალში“, _ გვითხრა ოთარ ადაძემ.
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ალეკო მამეშვილის თქმით, კურორტ ნასაკირალში პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე ჩატარებულია.
„ყველაფერი მზადაა, რომ დაბა ნასაკირალმა დაიბრუნოს ბალნეოლოგიური კურორტის სახელი. მე, პირადად, არაბი ინვესტორების შესახებ არ ვიცი, მაგრამ საქართველოში მყოფნი ბიზნესმენების ერთი ნაწილი ამ ბოლო დროს მერიისგან ითხოვს კონკრეტულ ინფორმაციას. ვნახოთ, როგორ განვითარებდა მოვლენები.
პროექტ “რა ყოფილა გურიას“ ფარგლებში, უკვე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, გაიწმინდა ჭაბურღილი. წყალს ისევ ის დებეტი აქვს, რაც წლების წინ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ინვესტორებს“, _ გვითხრა ალეკო მამეშვილმა.
ინფორმაციისთვის, ნასაკირალი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლების გამო. ტყის კორომში, სადაც გავრცლებულია რცხილა, წიფელი, წაბლი, თხმელა და სხვა, მოედინება გოგირდ-წყალბადის შემცველი ქლორიდულ ნატრიუმიანი წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8-7,8 გ/დმ3. წყალი გამოიყენება წყლის აბაზანებისათვის (გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ), აგრეთვე სასმელად (კუჭის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ).