თანამედროვეობას ხშირად უჭირს იმის გაგება, რომ მის გარემოცვაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ისეთი ხელოვანნი, რომელთა შემოქმედება უკვე გასცდა თანამედროვეობის ზღვარს და მომავლის კლასიკურ ხელოვნებაში გადაინაცვლა. ასეთი ხელოვანია ცნობილი მხატვარი ზურაბ წერეთელი.
ზურაბ წერეთლის შემოქმედების საწყისი ეროვნული ფესვებიდან ამოიზარდა. სრულიად ახალგაზრდა, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხელდებით ეზიარა ქართულ მრავალსაუკუნოვან ეთნოგრაფიულ მემკვიდრეობას. ,,(ზურაბ წერეთელი) ნიჭიერი და შრომისმოყვარე მხატვარია. აქვს ფართო ინტერესი, კარგი თვალი, განსაკუთრებით ბუნებრივი ფერის შეგრძნების უნარი. მე ვთხოვე იმუშაოს თავის თავზე, ეთნოგრაფიული ჩანახატები გააკეთოს ფერებში. ცნობილია, რომ ეროვნული მხატვარი ყალიბდება თავისი ქვეყნის ბუნებასთან, ხალხთან და მის კულტურასთან ურთიერთობაში. ამის მონაცემი არის. უთუოდ კარგი მომავალი აქვს”, ასე ახასიათებდა გიორგი ჩიტაია წერეთელს.
ზურაბ წერეთლის, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია პარიზულმა სკოლამ (საფრანგეთის დედაქალაქში ის 1964 წელს ჩავიდა, სადაც სამი თვე დაჰყო). ,,ახალგაზრდა მხატვარს, ზურაბ წერეთელს კარგი საწყისი აქვს. ის ღრმად შეიგრძნობს ფერს. საოცარი უნარი აქვს განზოგადების. მე ვფიქრობ, უდაოდ დიდი ფერმწერი დადგება. მდიდარი ტრადიციები მიიღო მან ფიროსმანისგან, რომლის შემოქმედება დამეხმარა მეც, როცა ახალგაზრდა ვიყავი”, ამბობდა მის შესახებ პაბლო პიკასო. დიდი მხატვრის სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა – წერეთელმა ხელოვნების ყველა მწვერვალი დაიპყრო. მხატვარი დაუღალავი ექსპერიმენტატორი, ნოვატორი და მრავალი ინოვაციური პროექტის ავტორია – იქნება ეს ფერწერა, გრაფიკა, მინანქარი, ჭედურობა, მოზაიკა, დაზგური და მონუმენტური ხელოვნება. ასევე ის ბევრ დროს უთმობს ქველმოქმედებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ზოგადად ხელოვნების მიმართ.
,,(პარიზში) მივხვდი, რომ მხატვარს შეუძლია აკეთოს ყველაფერი _ ქანდაკებაც, ფაიფურიც, ვიტრაჟიც, მოზაიკაც. ვნახე როგორ აკეთებდა ვიტრაჟს შაგალი, პიკასო ეწეოდა ჩამოსხმას, ფაიფურის, კერამიკის მოხატვას. მთავარი რასაც მივხვდი ისაა, რომ მხატვარი თავისუფალია. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ახლებურად დავიწყე მუშაობა”, – იხსენებდა მხატვარი. საინტერესოა, რომ მრავალი წლის შემდეგ სწორედ პარიზში მხატვარი დაჯილდოვდება საპატიო ლეგიონის ორდენით.
2019 წლის 4 იანვარს XX-XXI საუკუნეების მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. უზარმაზარი ეპოქალური შემოქმედების ავტორი, ზურაბ წერეთელი 85 წლის გახდა.
მოსკოვში არსებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, ფრანგი კურატორის ერვე მიკაელოფის და Tsukanov Family Foundation-ის ხელშეწყობით ლონდონის Saatchi Gallery-ში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით ,, უფრო მეტი, ვიდრე სიცოცხლე”, რომელიც მხატვრის იუბილესთან იყო დაკავშირებული. Saatchi Gallery არის თანამედროვე ხელოვნების გალერეა, რომელიც 1985 წელს დააფუძნა ცნობილმა კოლექციონერმა ჩარლზ საათჩიმ. გალერეა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პრესტიჟულ და პოპულარულ გალერეად ლონდონში. გალერეას დიდი გავლენა ჰქონდა და აქვს ბრიტანულ ხელოვნებაზე. მის კედლებში გამოფენილი იყო მაყურებლისათვის ბევრი უცნობი მხატვარი, რომელიც გამოფენის შემდეგ სახელგანთქმული გამხდარა. აღსანიშნავია, რომ ზურაბ წერეთელი პირველი ქართველი მხატვარია, რომელსაც გალერეამ საკუთარი დარბაზები დაუთმო.
გალერეაში გამოფენილია სხვადასხვა დროს შექმნილი ასამდე ფერწერული ტილო, ქანდაკება, გრაფიკა, და მინანქარი. გამოფენა რეკორდულად მცირე დროში – სულ ერთ თვეში მოეწყო. თავად წერეთელმა განაცხადა, რომ ის არ მონაწილეობდა გამოფენის მოწყობაში და რაც გაკეთდა, იმით ძალიან კმაყოფილი დარჩა. ,,მე გამიკვირდა: ნამუშევრები, რომლებიც არ მახსოვდა გამოფენილი დამხვდა! ეს განსაკუთრებულად მესიამოვნა!” მნახველებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ნახონ საარქივო ფილმები მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ზურაბ წერეთლის ექსპოზიცია Saatchi Gallery-ში 17 თებერვლამდე იქნება წარმოდგენილი.
,,ფერწერა ზურაბისთვის ყველა საწყისის საწყისია. ბრავო, ბრავო ზურაბ!” – მარკ შაგალი.