ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა, შეუძლიათ გუნდი დატოვონ, – აღნიშნული განცხადებით “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გედევან ფოფხაძის მიერ გუნდის დატოვების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.
“პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას არავინ ზღუდავს – შეუძლებელია ყველას ყველა თემაზე ერთნაირი მოსაზრება ჰქონდეს. როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება არასწორად მიმაჩნია. ეს ხელს უწყობს გუნდის რღვევას – ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი არის ღია – შეუძლიათ დატოვონ გუნდი!“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.
გედევან ფოფხაძემ, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს. ფოფხაძის თქმით, უმრავლესობის რიგებიდან წასვლის შესაძლებლობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გაეცნო, რომლის შინაარსსაც არ ეთანხმება.