გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სოფლის კრებები. ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა 17 იანვარს დაიწყო და 27 თებერვალს დასრულდება. პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე სასაუბროდ “გურია ნიუსი” მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) აღმასრულებელ დირექტორს და კოალიცია “ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობისთვის” ექსპერტს კოკა კიღურაძეს დაუკავშირდა.
“2009 წელს, ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადასაწყვეტად, დაამტკიცა სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა. მას შემდეგ 2017 წლამდე, ყოველწლიურად განსაზღვრული თანხა გამოიყოფოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აღნიშნული თანხა ნაწილდებოდა სოფლებში, ძირითადად, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. პროგრამის ბოლო წლებში, პროგრამის ბიუჯეტმა 50 მილიონ ლარს მიაღწია. პროგრამას გააჩნდა ორი გამოკვეთილი მიზანი _ ადგილობრივი პრობლემების მოგვარება და მოსახლეობის მონაწილეობის გაძლიერება“, _ გვითხრა კოკა კიღურაძემ.
მისივე თქმით, 2017 წელს პროგრამა გაუქმდა, ძირითადად, იმ მიზეზებით, რომ პროგრამა იყო ძალიან ცენტრალიზებული, მოქალაქეთა მონაწილეობა კი _ ზედმეტად ფორმალური; პროგრამის ბიუჯეტი იმდენად ცოტა იყო, რომ არ ყოფნიდა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას:
“ხელისუფლებამ პროგრამის გაუქმებისთანავე დადო პირობა, რომ მას ბევრად გაუმჯობესებულს დააბრუნებდა. ხელისუფლებამ ამ პირობის შესრულება გადაწყვიტა 2019 წელს. თუმცა, ამ პროგრამას გაუმჯობესების ბევრი არაფერი ეტყობა _ მისი ბიუჯეტი 20 მილიონამდე ჩამოვიდა და უკმაყოფილების გამოწვევის შემდეგ მისი გაზრდა, მაქსიმუმ, 40 მილიონამდე იგეგმება. პროგრამა ისევ ცენტრალიზებულია და საერთოდ არ ემსახურება ფისკალური დეცენტრალიზაციის მიზნებს, რომელიც გულისხმობს ფინანსების ადგილებზე გადაცემას. პროგრამა იყენებს მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას _ დასახლების საერთო კრების. აღნიშნულ ფორმაზე თითქმის ყველა თანხმდება, რომ ზედმეტად ფორმალიზებულია. ერთადერთი დადებითი ფაქტორი ის არის, რომ პროცესში შემოვიდა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო, შესაბამისად, ცენტრალიზების ხარისხი შედარებით შემცირდა.
პროგრამის დაბრუნების შედეგად მივიღეთ უფრო მეტად კითხვები, ვიდრე _ პასუხები. რატომ გააუქმა ხელისუფლებამ ეს პროგრამა 2017 წელს, თუ ისევ იმავე ან/და უფრო უარესი პირობებით უნდა დაებრუნებინა? როდის მისცემს ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივ ხელისუფლებას რეალურ შესაძლებლობებს, რომ მოსახლეობამ მართლა თავად გადაწყვიტოს ადგილობრივი პრობლემები? როდის გაიაზრებს ცენტრალური ხელისუფლება, რომ ცენტრალიზებული პროგრამებით, ადგილობრივი პრობლემები ვერ გადაწყდება?” _ ეს კითხვები დასვა “გურია ნიუსთან” საუბრის დასასრულს კოკა კიღურაძემ.