მსახიობებს მეტად დატვირთული და ამავდროულად საინტერესო ცხოვრება გააჩნიათ. ისინი მუდმივად დაკავებულები არიან. სპექტაკლებში მონაწილეობას სხვადასხვა კინოფილმებში გადაღებები ენაცვლება, მოგზაურობაც ხშირად უწევთ და რა გასაკვირია, რომ ამ პროფესიის ადამიანებს გასახსენებელი ყოველთვის აქვთ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ და დღევანდელ წერილშიც მათ მორიგ “ისტორიებს” გაგაცნობთ.
მსახიობი იური ვასაძე ხშირად იხსენებს გივი ბერიკაშვილთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას:
“კახეთში ვართ, ვიღებდით კინოფილმს “სიყვარული ყველას უნდა”. მოგეხსენებათ, ფილმი კომედიური ჟანრისაა და გადაღებაც მხიარულ ტალღაზე მიმდინარეობდა.
იმ სოფელში სასტუმრო არ გახლდათ და მოსახლეობამ დაგვინაწილა თავიანთ სახლებში. კახელების სტუმართმოყვარეობა კი იცით, თან – გივი ბერიკაშვილი მაგათი კერპია. დარწმუნებული ვარ, საქართველოში რომ მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდება, გივის ძეგლსაც დაუდგამენ კახელები. მანამდე კი ვიღაც თაყვანისმცემლებმა ოთხი პატარა და დიდი ზომის საზამთრო აჩუქეს.
– ჩააცივე ახლა იურა შენთან წყალში ეს საზამთროები, საღამოს მოვალთ გადაღებიდან და შევექცეთ.
ეს ამბავი დილით მოხდა. წავიღეთ მე და ტრისტან სარალიძემ ეს საზამთროები “ნომერში” და სამი შემოგვეჭამა. დარჩა ერთი წრიპა საზამთრო და შევინახეთ წყალში დიდი ამბით გივისთვის.
მოსაღამოვდა, მორჩა გადაღება, მოვლასლასდით გადაღებიდან გასავათებულები, ტრისტანი არ ჩანს, შევრჩი გივის და საზამთროს მარტო.
– აბა, გამაიტა საზამთროები, – მეუბნება გივი.
– რა უნდა გამოვიტანო? – დამასხა ოფლმა სიცხისგან და უხერხულობისგან ერთბაშად. რა გამოვუტანო, გასკდეს ჩემი და ტრისტანას გასახეთქი მუცლები, რა მოვიფიქრო?
– ჰა, გამაიტანე, ჯო! – გამიმეორა გივიმ.
ღმერთმა არ გამწირა და იდეა მომივიდა, გავლასლასდი მეორე ოთახში, გამოვიტანე ის გასაცოდავებული საზამთრო, დავდე მაგიდაზე და ვითომ აქაც არაფერი, დანას დავუწყე ძებნა.
გივიმ საზამთროს შეხედა, არ მოეწონა. ეპატარავა. პატარაა და აბა, რა იქნება! ამოიღო სათვალე, მოირგო თვალზე. მაინც პატარაა! შეიშმუშნა.
– რა იყო, გივი? – “შევჯექი ტყემალზე”.
– კაცო, ე რა ჩემსავით პატარა გამოიტანე, უფრო დიდებიც იყო, მახსოვს.
– კარგი, ბატონო, დიდს გამოვიტან, – დავავლე საზამთროს ხელი, გავიტანე
მეორე ოთახში ისე, რომ ხელიდან არ გამიშვია, ამოვასველე წყალში და შემოვიტანე ისევ.
– ოო, ეს კი ჯობია, მაგრამ უფრო დიდიც იყო იქა, – “ესეც” დამიწუნა გივიმ.
მესამედ რომ წავიღე და შემოვიტანე, მოეწონა. აი, ეს მესმისო და გავჭერით. ვჭამდით და იცინის, – შენ მე შტერი გეგონე, მოტყუება გინდოდა და არ ჩაგივიდა ფეხი, მაინც დიდი საზამთრო გაგაჭრევინეო.”
ზურაბ ყიფშიძე იგონებს:
“ფილმს ვიღებდით შუაგულ ურალში. მასში ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებდი. ჩემი მანქანით წავედი გადაღებაზე და მსახიობთა ბრიგადას ორი დღით ჩავასწარი. დაიწყო გადაღება. ერთი მსახიობი გვყავდა, ჩემი ხნის, დალევის დიდი ტრფიალი იყო და რომ დათვრებოდა, “კრუპნად” აფრენდა ხოლმე.
ერთ დღესაც, როცა გადაღება არ გვქონდა, სასწაულად გამოთვრა და მეუბნება:
– ზურა, ახალი გამოგონება მაქვს, სხვა არ მომისმენს და შენ უნდა გაგანდო, ვიცი, დაგაინტერესებს.
– “ვალიაი”, – ვუთხარი მეც.
– რა, ბიჭო და, ძროხას რომ ინტენსიურად ვაჭამოთ ქათმის საკენკი, ერთში არა, მაგრამ ორ-სამ თვეში აუცილებლად დადებს უზარმაზარ კვერცხს.
– აუუ!!! – ავხედე ჭერს. არ გჯერა, ხომ? არადა, დაუჯერებელი არაფერია.
– და ქათამს რომ ბალახი ვაჭამოთ ინტენსიურად, დაიბღავლებს და რძესაც მოიწველის, არა? – ავუგდე სიტყვა ბანზე. ძლივს დავამშვიდე და დაიძინა.
ერთი “პახმელია” დილაა. თქვენი გადაღებაც-მეთქი, ვთქვი გულში, ჩავალაგე ჩემოდანში ტანსაცმელი, უნდა ჩავდო მანქანაში და ჰაიდა, თბილისისკენ. ვერაფრით მანქანის გასაღები ვერ ვიპოვე.
– სად არის გასაღები? – ავღრიალდი სასტუმროს ეზოში, – არავინ მეხმაურება.
მოულოდნელად მესამე სართულზე ფანჯარა გაიღო და რამაზ ჩხიკვაძემ გადმოიხედა.
– რა დაკარგე, ზურა? – მეკითხება მშვიდად.
– გასაღები!!!
– რისი?
– მანქანის!!!
– მე მგონი, მარტო მანქანის კი არა, შენ სხვა რამის გასაღებიც დაგიკარგავს.
გამეცინა მოსწრებულ პასუხზე და ჩემოდნიანად ავლასლასდი ჩემს ნომერში”.
ცნობილი ქართველი მსახიობი ბორის წიფურია ხშირად ხუმრობდა, ჩემმა პერსონაჟმა რაც ქალი გააუპატიურა ჭაობებში, მას მერე დაეცა ქალებში ჩემი ავტორიტეტი და ამიტომაც დავიარები უცოლოდო. ერთხელ ქუჩაში თავისთვის წყნარად მიდიოდა ბატონი ბორია, ერთმა ქალმა მიაძახა, მოძალადე, მუსუსო, გათახსირებულოო. ეს ლანძღვა, ცხადია, მის გმირს ეკუთვნოდა. ზოგს, შეიძლება, თავი არ გაეცხელებინა ახსნა-განმარტებით, მაგრამ წიფურიამ ძალ-ღონე არ დაიშურა და ქალს აუხსნა, არ ვარ გლახა და გვარის შემარცხვენელი, ცუდი კაცების როლებს მაძლევენ რეჟისორები და მათ კისერზე იყოს ჩემი არაკაცობის ცოდვაო.
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ერთ კურიოზულ შემთხვევას იგონებს:
“გასტროლებზე ვართ საზღვარგარეთ. ვთამაშობთ “კავკასიურ ცარცის წრეს”. მოგეხსენებათ, ამ სცენას ფარდა არ სჭირდება, რადგან ეზოდან, ღია სცენიდან იწყება სპექტაკლი. მაყურებლის წინა რიგებსა და სცენას შორის მანძილი, ფაქტობრივად, არ არსებობს. გავიხედე კულისებიდან და ვხედავ, ფუმფულა, თმებგადატკეცილ მანდილოსანს, რომელსაც თითქმის სცენაზე ულაგია ნახევრადშიშველი მკერდი და მასზე მიყრილი ოქრო-ვერცხლეული.
კარლო საკანდელიძემ შეამჩნია თუ არა “ვკუსნი პერაჟოკი”, განაცხადა, ეს ქალი ჩემიაო. ვუთხარი, შენი როგორ არის, მოჩიპჩიფებულ თმააბურძგნულ ბერიკაცს თამაშობ, შენს გვერდით არის ორმეტრიანი და მომხიბვლელი მამაკაცი, კახი კავსაძე. თვალები გაქირავებული კი არ აქვთ-მეთქი, ლამაზ ქალებს. მაგასაც ნახავთ, თუ ჩემი არ იქნებაო, ჯიუტად გაიმეორა კარლომ.
დაიწყო სპექტაკლი, ეშმაკის მახემ წააქცია კარლო და პირდაპირ ქალს ჩაეხუტა უნებლიედ. იმანაც მიიზიდა ახლოს და ხელში აიყვანა. ეტყობა, იგრძნო ახალგაზრდა კაცის კუნთები და აღარ ემეტებოდა ძირს დასასმელად. დაგვიბრუნე კაცი, გვჭირდებაო, როგორც იქნა, მივახვედრედ.
დამთავრდა სპექტაკლი ზარ-ზეიმით. მოვიდა კარლოს მხსნელი კულისებთან. ცხადია, მასთან შესახვედრად. კარლოს უკვე გამოცვლილი ჰქონდა ფორმა, ამიტომაც ვერ იცნო და ზედაც არ შეხედა, მაგრამ მალევე მიხვდა ქალური ალღოთი, რომ “ის – ის იყო” და სახლში დაპატიჟა. ჩვენი უცხოელი ქალი ძიუდოისტი აღმოჩნდა და იმ დღიდანვე ჩვენი კარლო საკანდელიძე არაერთხელ მოიგდო ფართო მხრებზე. ასე რომ, რწმენით ყველა სურვილი სრულდება. კარლო საკანდელიძეს კი, ტანმორჩილობის მიუხედავად, ყოველთვის შესწევდა ძალა ქადილისა და ასრულებდა ხოლმე სიტყვას”.