ოზურგეთის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ახალი პეტიცია დაარეგისტრირა. ამჯერად ოზურგეთელები მოსკოვის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევის ინიციატივით გამოდიან, პეტიციით ისინი აღნიშნული ქუჩისთვის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭებას ითხოვენ.
“სრულებით შესაძლებელია, რომ ჩვენ ქალაქში სხვა უამრავი, უფრო სერიოზული საკითხი არსებობდეს განსახილველი, თუმცა, ურიგო არ იქნებოდა, ყურადღება გაგვემახვილებინა ერთ საინტერესო და ვფიქრობთ, მნიშვნელოვან ფაქტზე, რომლის გადაჭრაც ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია.
ქალაქებში ქუჩათა სახელდების პროცესი ყველა ეპოქაში ხორციელდება და ეს ქალაქის ცხოვრების ნაწილია. ხშირ შემთხვევაში, ქუჩებისთვის სახელის მინიჭება, აღდგენა და გადარქმევა სხვადასხვა სუბიექტური მიზეზით ხორციელდება.
ვფიქრობთ, ძალიან ბევრი ობიექტური გარემოება არსებობს იმისთვის, რომ ქ. ოზურგეთში მოსკოვის ქუჩას სახელწოდება შეეცვალოს. უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში, უამრავი გეოპოლიტიკური მოვლენის გადაფასების და გადააზრების შემდეგ, შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გაკეთება. მიუხედავად პატივისცემისა იმ ქვეყნის ნეიტრალური და არაიმპერიალუსტური აზროვნების მქონე ადამიანთა მიმართ, რომლის დედაქალაქის სახელსაც ატარებს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი პატარა ქუჩა, მიზანშეწონილია, მოხდეს მისთვის სახელწოდების ცვლილება და დაერქვას ის სახელი, რომელიც ჭეშმარიტად გამოხატავს კონკრეტულ ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების ანარეკლს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქუჩას უნდა მიენიჭოს ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი.
ბენიამინ ჩხიკვიშვილი დაიბადა 1879 წელს, ოზურგეთის მაზრაში, სოფელ საყვავისტყეში. 1900-იანი წლების დასაწყისში ის იყო გურიაში მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ლიდერი, „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა ნასაკირალის ბრძოლას 1905 წელს. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს ბენიამინ ჩხიკვიშვილი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს, იყო სოხუმის მერი, თბილისის მერი, ბათუმის ოლქის გუბერნატორი, პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოზურგეთის პირველი თვითმმართველობის ორგანოს _ ოზურგეთის სამაზრო ერობის წევრი. ბენიამინ ჩხიკვიშვილი დახვრიტეს 1924 წელს ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადების გამო. მისის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია”, _ აღნიშნულია პეტიაში.
პეტიციის ავტორები ოზურგეთში მცხოვრები გრიგოლ მახარაძე და გურამ მიქელაძე არიან. “გურია ნიუსმა“ ორივე მათგანი ჩაწერა.
გრიგოლ მახარაძე: ოზურგეთის ქუჩების უმეტესობას სახელები მინიჭებული აქვს საბჭოთა დროს. 1980-იანი წლების ბოლოს, 1990-იანი წლების დასაწყისში ბევრი საბჭოთა პერიოდის დასახელება შეიცვალა, არასაბჭოთა დასახელებებიც შეიცვალა და შეცდომებიც იქნა დაშვებული, მაგრამ მოსკოვის ქუჩის სახელი დარჩა, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ პატარა ქუჩაა და ყურადღება არავის მიუქცევია, მათ შორის, ამ წლების განმავლობაში არც ამ ქუჩის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მიუქცევიათ დიდი ყურადღება.
ამ ქუჩას თავდაპირველად შალვა ელიავას ქუჩა ერქვა და 1937 წელს უწოდეს მაშინდელი დედაქალაქის, მოსკოვის ქუჩა. მოსკოვი დიდი ხანია „ჩვენი დედაქალაქი“ არ არის და ლოგიკურია, რომ ქუჩასაც სახელი შეეცვალოს.
ოზურგეთი არის ქალაქი, რომელშიც დაიბადნენ, სწავლობდნენ ან ცხოვრების რაღაც ეტაპზე მოღვაწეობდნენ ადამიანები, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობაში 1918-1921 წლებში და სწორედ, ოზურგეთი უნდა იყოს ქალაქი, რომელიც სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ქუჩების სახელებით, შეინახავს მეხსიერებას ამ ადამიანების შესახებ. მათ შორის ერთ–ერთი გამორჩეული პიროვნება კი იყო ბენია ჩხიკვიშვილი და ვფიქრობ, გამართლებული იქნება მისი სახელის მინიჭება მოსკოვის ქუჩისთვის“.
გურამ მიქელაძე: “მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მიერ ამ საკითხის ინიცირება არ მომხდარა ერთპიროვნულად პირადი ინიციატივის საფუძველზე. პირველ რიგში, თემის განხილვა უნდა დაწყებულიყო მოსკოვის ქუჩის მცხოვრებლებთან, ვინაიდან მათთან კონსულტაციის გარეშე ინიცირების შეთავაზება საკრებულოსთვის არ იქნებოდა მართებული. შევხვდით ამ ქუჩის მცხოვრებთა არც თუ ისე მცირე ნაწილს. ცალსახად ყველა ერთსა და იმავე აზრზე არ იყო, რა თქმა უნდა. გავცვალეთ აზრები, შესაბამისად, წარიმართა დიალოგი. ბუნებრივია, როდესაც უცხო ადამიანი მოდის შენს ქუჩაზე და გესაუბრება იმ ქუჩისთვის სახელის გადარქმევის სურვილზე, რომელზეც ცხოვრობ, რა თქმა უნდა, დიალოგს ადგილი ექნებოდა. იყო საინტერესო კითხვები, მაგალითად, თუ რას მოგვცემდა ეს ცვლილება? ასევე, იყვნენ ადამიანები, ვინც არ იყო მომხრე მსგავსი ცვლილების, მათ ჰქონდათ თავიანთი არგუმენტები. უმრავლესობის პოზიციის გაცნობის შემდეგ მე და ჩემს მეგობარ გრიგოლ მახარაძეს, რომელსაც ბევრი უმუშავია ამ საკითხზე, ერთობლივად გაგვიჩნდა სურვილი, კანონით განსაზღვრული წესით შეგვექმნა პეტიცია ქ.ოზურგეთში მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ. თუკი კარგად წავიკითხავთ პეტიციის ტექსტს, არ იქნება რთული, გავიგოთ, თუ რას ემსახურება ეს ინიციატივა. ჩემს ქუჩას 90-იან წლებამდე სერგო ორჯონიკიძის სახელი ერქვა. დღეს ილია ჭავჭავაძის სახელითაა ცნობილი და არც არავის აღარ ახსოვს უკვე ძველი სახელწოდება. ვფიქრობ, დროულად რომ სწორად მომხდარიყო ჩვენ ქალაქში ყველა ქუჩის სახელდება, დღეს აბსოლუტურად სხვა სურათი გვექნებოდა.
სახელების გადარქმევის პროცესი დამეთანხმებით, რომ ძირითადად, სუბიექტურად და ქაოტურად ხდება, ხშირ შემთხვევაში, ქუჩებს ემოციურ ნიადაგზე ენიჭება ხოლმე სახელები _ რევანშის, ოკუპაციის, ერთი იდეოლოგიური ძალის მეორეზე გამარჯვების და სხვა მიზეზებით. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას სხვა მნიშვნელოვან კრიტერიუმებთან ერთად აუცილებელია ამ ადგილთან მჭიდროდ დაკავშირებული პიროვნების ან ისტორიული მოვლენის გათვალისწინება.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ემოციურად გაწონასწორებული პოზიციიდან ვსაუბრობთ, როდესაც ვქმნით ამ პეტიციას. გვაქვს გაანალიზებული და გააზრებული თუ რატომ გვჭირდება ამ საკითხის ინიცირება. ჩვენი ღრმა რწმენით, საჭირო ხელმოწერების მოგროვება მოხდება, ხოლო აუცილებელი პროცედურების მიმდინარეობის დროს კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს აღნიშნულ ლოკაციაზე მცხოვრებ ადამიანებთან უფრო ფართო შეხვედრა, რადგან მათ აქვთ უფრო მძაფრი ემოციური კავშირი იმ ადგილთან, რომლის სახელწოდების ცვლილებასაც ითვალისწინებს ეს ინიციატივა“.
მოსკოვის ქუჩის მცხოვრები ზაზა შარაშიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ქუჩას ის სახელი უნდა ჰქონდეს, რომელიც აქვს.
“იყოს, რადგან ყველა საბუთი ამ ქუჩის სახელზეა შედგენილი. მოსკოვმა რა დააშავა? ხალხმა რამე დააშავა?“ _ გვითხრა ზაზა შარაშიძემ.
_ თუ უნდა შეიცვალოს სახელწოდება, ვისი სახელი შეიძლება ეწოდოს?
_ ათასი მწერალია, პოეტია, გმირია. ახალგაზრდების გადასაწყვეტია ეს საკითხი, მე ვინღა მეკითხება აზრს, _ ამბობს შარაშიძე.
“გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას აღნიშნული პეტიციის შესახებ, სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა გამოხმაურება.
“მე, პირადად, მოსკოვის ქუჩაზე ვცხოვრობ და სახელის გადარქმევა მესმის, მაგრამ სხვა სახელის მინიჭება შესათანხმებელია. დადიოდნენ ამ საკითხზე, მაგრამ მოსახლეობის აზრი არაერთგვაროვანი იყო და აქედან გამომდინარე, მგონი, ამ სახით დარეგისტრირება არასწორია“, _ წერს სოციალურ ქსელში თამარ ღლონტი.
ჩვენთან საუბრის დროს თამარ ღლონტმა აღნიშნა, მოსკოვის ქუჩას უნდა გადაერქვას სახელი და ამ მოსაზრებას ეთანხმება.
“კარგი იქნება ევროპის ქუჩა თუ დაერქმევა, მაგრამ ეს ჩემი აზრია და ამ საკითხში აქტიურად უნდა ჩაერთოს მოსახლეობა“, _ გვითხრა თამარ ღლონტმა.
“ოჰო, ქართული ხასიათის უცნაურობანი! ძალიანაც ვაფასებ წარსულს და ბენიამინ ჩხიკვიშვილს ნამდვილად ჰქონდა თავისი შარმი. წარმოიდგინეთ, რომ მისი შვილიშვილიც კი მოვძებნე და ვესაუბრე. მაგრამ ამ კაცმა გურიისგან რომ რესპუბლიკა შექმნა, ანუ რეალურად გურია საქართველოს გარეთ მოიაზრა და თავი მის პრეზიდენტად გამოაცხადა, ეს არაფერი? სადაა საქართველოს ერთიანობა?! გურიაში კაცი დაილია, რომ ქუჩას მის სახელი დაერქვას? მე თავად ვცხოვრობ ამ ქუჩაზე და სულ არა მინდა ე.წ. გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელი დაერქვას! მაპატიეთ, მაგრამ თუ თავად ვერ მოიფიქრეს, ისტორიული წყაროები არსებობს და იქ წაიკითხონ გურული მამულიშვილების შესახებ. მეც შევეშველები თუ უნდათ, _ მაგალითად, შემოქმედში 16 წლის ბოლქვაძემ, ისე წააცალა თავი ალიხანოვ-ავარსკის ოფიცერს, პუზირევსკის სოფლის შეურაცხყოფისთვის, რომ გონზე არ იყო, პრეზიდენტობა რა იყო!“ _ წერს ფეისბუქზე ჟურნალისტი ეთერ ერაძე.
მსახიობი გიორგი დოლიძე, რომელიც მოსკოვის ქუჩაზე ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ პეტიცია კარგი წამოწყებაა.
“მე ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაში და ქალაქში ოკუპანტი რუსეთის დედაქალაქის სახელწოდების ქუჩა არ უნდა იყოს“, _ გვითხრა გიორგი დოლიძემ.
მოსკოვის ქუჩის სახელწოდების გადარქმევის ინიციატივის მომხრეა კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ქეთევან სამნიძე.
“კარგი პროცესი დაიწყო და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. იმედია, ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდება ამ საკითხით და ხალხის აზრსაც მოისმენს“.