გაზეთი ,,ივერია” წერდა, თუ როგორ მოკლა ბლაღოჩინი, მღვდელი ი. ცინცაძე მისივე მრევლმა და მეზობელმა ბესარიონ სიხარულიძემ. ეს უკანასკნელი თურმე მღვდელთან მოჯამაგირედ იდგა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ ცინცაძეს ჯამაგირი რვა მანეთი არ გადაუხდია. ერთხელ სიხარულიძე დახვდა გზაზე მიმავალ ჯორზე ამხედრებულ მღვდელს – მიხდი თუ არა ფულსო? გამეცალე იქეთო, უპასუხა მღვდელმა და მათრახი გადაუჭირა. მაშინ სიხარულიძემ გადმოიღო თოფი, დაუმიზნა და ღმერთს შეევედრა: ,,შენ იყავ მოსამართლე მე და ამ კაცს შორის, თუ უმართლოდ მართმევდეს ჩემს ნაოფლარს, ტყვიას ნუ ააცდენ, და თუ არა, დაიფარეო”. ესროლა და იქვე მიაწვინა.
მუზეუმში გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებით შეხვედრა გვქონდა ჟურნალისტ ჟანი სიხარულიძესთან, რომლის ბაბუაც აღმოჩნდა ზემოთ ხსენებული ბესარიონი. აი, რას მომიყვა მის შესახებ ბატონი ჟანი: ბესარიონი თურმე გადაასახლეს ციმბირში, ცოტა ხანში ცოლი მოიყვანა, ბავშვიც შეეძინა, მაგრამ ერთ დღეს, როცა ბესარიონი სახლში არ იყო, ოჯახს თავს დაესხნენ, გაძარცვეს და ცოლ-შვილი მოუკლეს. სიხარულიძე დიდხანს ეძებდა მკვლელებს, მარა ვერ მიაგნო. ერთხელაც ტრახტირში შევიდა, სადაც არყით გალეშილი ხუთი ნაცნობი რუსი დახვდა. ბესარიონს რუსულად დაუძახეს – კაცო, აქ მოდიო და დაგვილიეო. ის მივიდა სადღეგრძელო უთქვამს და ვერ დავლევო… როგორ თუ ვერ დალევო, დალიე, თორემ იმავე დღეს დაგაყენებთ, რაც შენს ოჯახსო. ბესარიონი გაშრა, ხმა არ ამოიღო და რუსებს უთხრა, ახლავე მოვალო. წავიდა სახლში, ამოიღო იარაღი, დაბრუნდა ტრახტირში და ხუთივე ადგილზევე ჩაცხრილა. სასამართლომ ის გაამართლა. ცოტა ხანში დაბრუნდა გურიაში, ისევ მოეკიდა ოჯახს და ბუნებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე.