ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ბოლო წლების განმავლობაში, საუკუნის პროექტების გახორციელების მიუხედავად (ახალი საბავშვო ბაღი, ევროპული სტანდარტის სკოლა, სოფლის ცენტრალური გზის კაპიტალური რეაბილიტაცია), მაინც მრავალი პრობლემა რჩებოდა მოუგვარებელი. თუმცა, უმთავრესი, რაზეც სოფელი, ლამის, დასაბამიდან წუხდა და წუხს, არის სოფლის მთავარ სასაფლაოზე მისასვლელი გზის მოუწყობელი ნახევარკილომეტრიანი აღმართი. ფაქტობრივად, აქ საცალფეხო გზით ასვლა უხდებათ ადგილობრივებს, სააღდგომოდ თუ სხვადასხვა საჭიროების დროს. მიცვალებულის დაკრძალვა კი სოფელ ლიხაურიდან, შემოვლითი გზით უხდებოდათ, რაც სამ კილომეტრზე მეტი გზის გავლას ნიშნავს და დღემდე ასეა.
ჭანიეთის მცხოვრებთა სიხარული გამოიწვია ხელისუფლების მიერ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის კვლავ გაგრძელებამ და თითოეული ოჯახი ელოდა საერთო კრების ჩატარებას.
ჭანიეთის თემის სოფელ ქაქუთში, ცენტრსა და ვაშტიალის უბანში სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში გათვალისწინებული 76 ათასი ლარის პრიორიტეტულად და მიზნობრივად განკარგვაზე სასაუბროდ, სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი 13 თებერვალს შეიკრიბა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად მოვიდნენ სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა სპეციალისტები.
ჭანიეთელებმა მადლიერებით აღნიშნეს სოფელში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე მშენებლობების შესახებ, თუმცა, კვლავ ათობით სერიოზული პრობლემა არსებობს, რომელთაგან მეტი სიმწვავის მქონეები ჩამოთვალეს:
_ რაც სოფელი არსებობს, თითქმის იმავე დროიდან მოდის სასაფლაოს გზის პრობლემაც. მაღალ ზეგანზე მდებარე სოფლის სასაფლაოზე ასასვლელ ნახევარკილომეტრიან გზაზე, რომელიც მთლიანად აღმართია და წლების განმავლობაში ნიაღვრისგანაა ჩარეცხილი, ფეხით ასვლაც ჭირს. ამიტომ მიცვალებულის დასაკრძალად სოფლის სასაფლაომდე სამ კილომეტრზე მეტი მანძილის შემოვლა უხდებათ აქაურებს. სოფელ ლიხაურის მხრიდან, სასაფლაომდე ასასვლელი სამანქანო გზით, დღემდე სარგებლობენ ჭანიეთელებიც. არაერთხელ იყო ეს საკითხი დასმული, თუმცა, გაკეთება არ მოხერხდა. დღეს გვეძლევა საშუალება, ავირჩიოთ პრიორიტეტი და მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც, პირველ რიგში, პრიორიტეტად ამ გზის გაკეთებას მიიჩნევს. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, როგორც შინაურებმა, ისე მობრძანებულმა სტუმრებმა ეს გაითვალისწინონ და პირველ რიგში, სასაფლაოს გზის გაკეთებაზე ვიფიქროთ, _ თქვა სოფელ ჭანიეთის მკვიდრმა, პედაგოგმა თამარ ლომჯარიამ.
სასაფლაოს გზის გაკეთების უპირველეს აუცილებლობაზე ისაუბრეს სკოლის დირექტორმა მალვინა ნინიძემ, სოფლის მცხოვრებლებმა: კაკო ლომჯარიამ, ცარო შავიშვილმა, ავთანდილ სურგულაძემ და სხვებმა.
საბავშვო ბაღის პედაგოგებმა მოითხოვეს ახალაშენებული ბაღის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების სასწრაფოდ მოწესრიგება და მილხიდების ჩასმა.
_ სოფელში გაკეთდა შესანიშნავი გზა და გაფრთხილება სჭირდება. თუ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არხები არ მოწესრიგდება, ნიაღვარი გადადის ახლად დაგებულ ასფალტზე და ერთ წელიწადში გააფუჭებს. ამიტომ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმე, მოსაწესრიგებელია, _ თქვა პედაგოგმა ქეთევან ლომჯარიამ.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის ატრაქციონი მოითხოვეს პატარების მშობლებმა.
_ კი აგვიშენეს ახალი საბავშვო ბაღი და მადლიერები ვართ, მაგრამ ბავშვებს, ჩვენს მომავალს, თამაში და გართობაც უნდათ. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ ესეც, _ თქვა მაია ჯაბანიშვილმა.
სოფლის მკვიდრმა ლერი ურუშაძემ საგანგებოდ მიუთითა სოფლის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე:
_ დაჭაობებულია თითქმის მთელი სტადიონი. საჭიროა არხების გაჭრა და სათამაშო მინდვრის, ასევე, ღობეების მოწესრიგება. ხოლო სოფელ ჭანიეთის შესასვლელში, მგზავრთა მოსაცდელი ფარდული თავიდან არის გასაკეთებელი, რადგან არსებული, საგზაო მშენებლობის დროს დაზიანდა, _ თქვა მან.
ჭანიეთის თემის სოფელ ქაქუთში მდებარე ხიდის შეკეთების საკითხი დასვა ქაქუთის მკვიდრმა დამილ ბერაძემ:
_ ხიდი არც ისე დიდი ხნის წინ აიგო, თუმცა, უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა თავი იჩინა და საძირკველი წყალმა ისე გამოაცალა, უკვე დიდი საფრთხის შემცველია, _ თქვა ბერაძემ.
სოფელ ქაქუთის პირველ ბრიგადად წოდებულ უბანში წყლის მილის შეძენაზე წლების მანძილზე საუბრობდნენ, თუმცა, სახსრები არ გამოიძებნა.
_ გვიხარია, რომ სოფლის მხარდამჭერი პროგრამა კვლავ ამოქმედდა. ახლა არ უნდა დავრჩეთ უწყლოდ. ისედაც, დიდი ხანია, ეს პრობლემა დგას. ვის აღარ ვაწუხებდით თხოვნით, _ აღნიშნა ფატიმა მათითაიშვილმა.
სოფელ ქაქუთში, ასევე, დასვეს სასაფლაოს აღმართზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობის საკითხი, რაც ჭანიეთის სასაფლაოს მოუწყობელ გზაზე არანაკლებ პრობლემურია _ ჩაქცეულია გზის გარკვეული ნაწილი.
სოფელ ჭანიეთის ცენტრალური ქუჩის მეორე ჩიხის სახელით წოდებულ მონაკვეთზე მცხოვრები ოჯახების წარმომადგენლები ითხოვენ ჩიხში შემავალ გზაზე ჩამომავალ ღელეზე ხიდის აგებას.
_ ეს პატარა ღელე წვიმიან ამინდში პატარა მდინარეს ემსგავსება _ მოაქვს უამრავი ქვა-ღორღი და მოთხრილი მცენარეები. წელიწადის ნახევარზე მეტ დროს, აქაურებს წყალში სიარული ან მეზობლების ეზოებიდან შემოვლა უხდებათ, რომ შინ მივიდნენ. თუ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით ვერ მოხერხდება აქ ხიდის აგება, როგორმე უნდა დაგვეხმაროთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, რომ ტენდერის მეშვეობით მოხდეს ხიდის აგება, _ თქვეს აქაურებმა.
სოფლის არა ერთმა მკვიდრმა და ქალაქიდან მოსულმა ხელმძღვანელმა პირებმა ერთად მოიარეს ყველა ადგილი და უბანი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩასატარებელი. საბოლოოდ, შეჯერდნენ ისე, რომ ამ ეტაპზე, ჭანიეთში სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გაკეთდება სოფლის სასაფლაოს გზა, სტადიონი, რამდენიმე ადგილზე მოხდება მილხიდების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღისთვის ატრაქციონის შეძენა და მოსაცდელის მონტაჟი.
ჭანიეთის თემის სოფელ ქაქუთში პირველ ბრიგადაში შეიძენენ წყლის მილს, ასევე, მოეწყობა აღმართებზე რკინა-ბეტონის გზები.
_ ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოხდება ამ პროგრამით და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვახარებს, მაგრამ ჩვენთვის მაინც უმთავრესი და ამავე დროს მტკივნეული იყო სასაფლაოს გზის უქონლობა, რაც სოფელს ძალიან აწუხებდა. ამიტომ ახლა ყველაზე ძალიან ეს გვიხარია და ვიმედოვნებთ, მალე გაკეთდება, _ ამბობენ ჭანიეთელები: მანონ ლომჯარია, ირმა წიტაიშვილი, მინდია შავიშვილი, გიორგი და ზურაბ ლომჯარიები.
ჭანიეთის მცხოვრებთა სიხარული გამოიწვია გუბერნატორის მოადგილის, ქეთი მოისწრაფეშვილის ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სოფელში სამედიცინო უბანი არასახარბიელო მდგომარეობაშია, მდებარეობს ნახევრად ავარიულ შენობაში და მალე ახალ ადგილზე, რომლის შერჩევაც მოხდება, სოფელს ახალ სამედიცინო ამბულატორიას აუშენებენ.