„არ ვიზიარებ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი „თიბისი ბანკის“ მისაკუთრებაა. პრობლემა გაცილებით რთულია. ივანიშვილს „თიბისის“ რეპუტაციის შელახვა იმ მოტივით სურს, რომ ანაკლიაში დიდი მასშტაბის პროექტი ვეღარ განხორციელდეს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელი თვლის, რომ ქართულ სახელმწიფოს ანაკლიის პორტის მშენებლობა აღარ აინტერესებს. „ბიძინა ივანიშვილი ზუსტად იმ მომენტში აჩერებდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებს, როცა საკითხის გადაწყვეტას წინ არაფერი ედგა, რაც დამთხვევა ნამდვილად არ არის“, _ ამბობს ხიდაშელი.
_ ქალბატონო თინა, ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებს უკავშირებს. მათი თქმით, ივანიშვილის მიზანი ბანკის ხელში ჩაგდება და ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებაა. აღნიშნულ საქმეში ივანიშვილის შესაძლო ინტერესებზე ეჭვს აჩენს შემდეგი გარემოება, პროკურატურამ გამოძიება, ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძის მიმართ უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა. თავად რას უკავშირებთ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?
_ ბიძინა ივანიშვილისგან პირადად გვაქვს მოსმენილი როგორია მისი დამოკიდებულება ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული მოვლენები კონკრეტული სცენარის მიხედვით განვითარდეს, თუმცა არ ვიზიარებ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ივანიშვილის მიზანი „თიბისი ბანკის“ მისაკუთრებაა. პრობლემა გაცილებით რთულია. ივანიშვილს „თიბისის“ რეპუტაციის შელახვა იმ მოტივით სურს, რომ ანაკლიაში დიდი მასშტაბის პროექტი ვეღარ განხორციელდეს.
_ ცნობილია, რომ სახელმწიფო თავად არის ჩართული და დაინტერესებული ანაკლიის პორტის მშენებლობაში, აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს პროექტის ჩავარდნა რაში უნდა აწყობდეს?
_ დიახ, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს სახელმწიფო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში თავად იყო ჩართული, თუმცა ეს ფაქტი იმის შესახებ არ მეტყველებს, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის განხორციელებით დღესაც დაინტერესებულია. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ყოველთვის ხელს უშლიდა და იგივე ხდება ანაკლიასთან დაკავშირებით. ზუსტად იმ მომენტში ჩერდებოდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებზე მუშაობა, როცა საკითხის გადაწყვეტას წინ არაფერი ედგა, რაც დამთხვევა ნამდვილად არ არის.
_ ინიციატივა, რომელიც 2024 წლის იანვრამდე სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო და დიდი ალბათობით, კანონპროექტს არც სესიაზე ექნება დეპუტატთა მხარდაჭერა. თუ ასე მოხდა, კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების მიზნით ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ. როგორ ფიქრობთ, აღნიშნული ცვლილების დაკანონება რამდენად რეალურია?
_ გააჩნია სახელმწიფო სტრუქტურებზე პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან როგორი მასშტაბის ზეწოლა განხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სისტემა საკმაოდ კომფორტულად მოერგო ახალ პატრონს, ივანიშვილს. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური გამჭრიახობა, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ძალიან მძიმე პროცესი გაეჩერებინა და საზოგადოებაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების რწმენა გაეჩინა, რაც ქართულ სახელმწიფოებრიობას დაანგრევს.
_ საზოგადოებას ახსოვს, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემა მთლიანად ხელისუფლებას ემორჩილებოდა და ფაქტი იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს წინა რეჟიმის მსხვერპლი მოსამართლეების მანტიები მოარგო, რაზე მეტყველებს?
_“ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძე სასამართლო სისტემაში გაბატონებული კლანის სრულფასოვანი წევრია. განცხადებები, რომლებსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აკეთებს, მაფიქრებინებს, რომ მანაც მოაგვარა და დაიმშვიდა ურთიერთობები სასამართლო სისტემაში გაბატონებულ კლანთან, რაც სამწუხაროა. ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს პრობლემები სწორედ მართლმსაჯულების გამო დაიწყო და არამგონია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში რამე განსხვავებულთან გვქონდეს საქმე. „ქართული ოცნება“ აბსოლუტიზმის გამყარების მცდელობაშია, რაც მარცხით დასრულდება.
_ ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის შეცვლის მიზნით კიდევ ერთხელ გაერთიანდა და მილიონი ხელმოწერის შეგროვება დაიწყო. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დათანხმდება?
_ არამგოანია, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ დათმობაზე წავიდეს. ზუსტად ვიცი, რომ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, სახლში ბრუნდება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს საკუთარ დასასრულს აწერს ხელს თუ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას აპირებს.