მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახდა რეგიონული განვითარება, ადგილობრივი დემოკრატია და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია.
„ის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ მიმართულებით აღიარა ევროსაბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში.
კონგრესის ანგარიშმა დაადასტურა, რომ ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას ხელისუფლების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ყველა დაინტერესებული პირის ფართო ჩართულობით მომზადდა.
სტრატეგიის მთავარი პრინციპებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის უზრუნველყოფა.
სტრატეგიის მომზადების ამ პროცესს კოორდინაციას სამინისტრო უწევდა.
მასში ხელისუფლების, თვითმმართველობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, ექსპერტს.