გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის ციფრულმა, კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტმა დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებზე საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
კომიტეტის მიერ გაკეთებული ძირითადი დასკვნები ასეთია:
- გაერთიანებული სამეფოს მთავრობა თავს იკავებს იმ უტყუარი მტკიცებულებების აღიარებისაგან, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს 2016 წლის რეფერენდუმში რუსეთის ჩარევას ადასტურებენ;
- Facebook-ის წამყვანმა თანამდებობის პირებმა 2018 წლის თებერვალში კომიტეტი შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში (ან ხელმძღვანელების მიერ არ იყვნენ ინფომირებულები), როდესაც განაცხადეს, რომ 2016 წელს კომპანიამ არაფერი იცოდა არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით სოციალურ ქსელში რუსეთის აქტივობების შესახებ;
- მიუხედავად იმისა, რომ Facebook, ერთი შეხედვით, მოწადინებულია, სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას შეებრძოლოს და გამჭვირვალობის შთაბეჭდილებას ქმნის, კომპანიის რეკლამების აუდიტისას გაუგებრობა იქმნება. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რეკლამებთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწვეტილების მისაღებად მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ კონტენტის წყარო და მიზანი;
- Facebook-მა მიზანმიმართულად დაარღვია მისი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა და ეს მონაცემები აპლიკაციების შემქმნელებს გადასცა;
- სადაზღვევო კომპანია Eldon Insurance Ltd და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერი კამპანია Leave.EU (“დატოვე ევროკავშირი”) ურთიერთდაკავშირებული ორგანიზაციებია და მათ შორის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უკანონო გაცვლა ხდებოდა;
- Eldon Insurance Ltd-ს მფლობელის მიერ Leave.EU (“დატოვე ევროკავშირი”) კამპანიისათვის შეწირული უმსხვილესი თანხის წარმომავლობა დაუდგენელია;
- პოლიტიკური კონსულტაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია Aggregate IQ, რომელიც აშშ საპრეზიდენტო არჩევნებისთვისა და “ბრექსითთან” დაკავშირებული ორგანიზაციებისათვის მუშაობდა, გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმზე მუშაობის პროცესში აგროვებდა, ინახავდა და სხვებს უზიარებდა ბრიტანეთის მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს მათ პოლიტიკურ არჩევანზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით;
ანგარიშში ასახული პრობლემების გადასაჭრელად კომიტეტმა რამდენიმე მკაცრი რეკომენდაცია შეიმუშავა, მათ შორის:
- ტექნოლოგიური კომპანიებისათვის სავალდებულო ეთიკის კოდექსის შემუშავება, რომელსაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო გაუწევს ზედამხედველობას. ეთიკის კოდექსის საფუძველზე სოციალურ ქსელებს მოუწევთ დამაზიანებელი კონტენტის, მათ შორის დეზინფორმაციის, წყაროს დაბლოკვა;
- ქვეყნის საარჩევნო კანომდებლობა უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ სავალდებულო გახდეს დაკვეთილი პოლიტიკური რეკლამის დამკვეთისა და რეკლამის განმთავსებლის ღიად მითითების აუცილებლობა;
- ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე საგარეო ფაქტორების ზემოქმედების გათვალისწინებით, კომიტეტი მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობას შეცვალოს კანონმდებლობა იმგვარად, რომ უცხოეთიდან შემოსული შემოწირულობის გზით გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში ჩარევა გამოირიცხოს;
- რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაერთიანებული სამეფოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევის გათვალისწინებით, კომიტეტი მოუწოდებს მთავრობას, გამოიძიოს საგარეო ფაქტორების ზემოქმედება 2014 წლის შოტლანდიის რეფერენდუმზე, 2016 წლის რეფერენდუმსა და 2017 წლის არჩევნებზე.