ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ზვიადაძის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და უკვე პროცესიც შედგა. კონკრეტულად კი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერიის თანამშრომლებმა კუკა ბარამიძემ და თინათინ სარიშვილმა პირველ ინსტანციაში მერიას მოუგო და ორივე მათგანის დასაქმება დაევალა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტებმა ეს საქმე გაასაჩივრეს. მოსამართლე გოჩა აბუსერიძის გადაწყვეტილება ამ საქმეზე 15 მარტს გახდება ცნობილი.
სასამართლო პროცესზე ორივე მხარე გამოცხადდა. გარკვეული მიზეზების გამო ქუთაისში არ იმყოფებოდა თინათინ სარიშვილი.
“მოსამართლემ სასამართლო პროცესის დროს იკითხა, ხომ არ იყო მორიგების საკითხი დაყენებული მერიის მხრიდან. მერიის იურისტებმა თქვეს, რომ სამ სოფელში და ერთ დაბაში იყო მერის წარმომადგენელის ვაკანსია. კარგი თანამდებობა არისო და გვჭირდება იურისტიო. რაზეც ვთქვი უარი, ეს არ არის ჩემთვის სასურველი თანამდებობა და არც ჩემი საქმიანობის თვალსაზრისითაც არის ახლოს. გარდა ამისა, შემოთავაზებულ პოზიციაზე უმჯობესია იყოს ადამიანი, ვინც ამ სოფლებს კარგად იცნობს და იცის მისი პრობლემები და შესაძლებლობები. ჩემს თავს ვხედავ იქ, რასაც ვითხოვ და მეკუთვნოდა კანონით. სასამართლოს პროცესში იურისტების შემოთავაზებაზე ასეთი კომენტარი გავაკეთე: თუ კარგი თანამდებობაა და მორიგების შესაძლებლობა არსებობს, ის ადამიანები გაუშვით მანდ, ვინც ამ პოზიციებზე არის, რომელზედაც მე ვდავობ და ჩვენ (საუბარია თინათინ სარიშვილზე) დაგვაბრუნონ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლაშა თავაძის თქმით, კუკა ბარამიძეს და თინათინ სარიშვილს კარგი თანამდებობები შესთავაზეს, მაგრამ ორივე მათგანმა მათ შეთავაზებას უარი უთხრეს,
“ჩვენ შევთავაზეთ ის ადგილები, რომელზედაც ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.“ – გვითხრა ლაშა თავაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბარამიძე და სარიშვილი მობილობის და რეორგანიზაციის პროცესში გამოცემული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტების და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის #45 დადგენილების ბათილად ცნობას; მობილობის წესით თანამდებობაზე გადაყვანის დავალდებულებას; მერიის უკანონო მოქმედებით გამოწვეული იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და ამასთან ერთად ხელფასზე დაკლებული ანაზღაურების ნაწილის დაუყოვნებლივ ჩარიცხვის დავალდებულებას ითხოვდნენ.