„ის არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, მან ვერ შეძლო ამ პარლამენტის ღირსების დაცვა,“ – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით გააკეთა.
ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დეკემბერში წარდგენილი მოსამართლეთა სიის დამტკიცების მიზნით, კომიტეტის სხდომა არ უნდა დაენიშნა.
„ის შეშინებული იყო დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც ვერ ბედავდა ხმა აემაღლებინა და ეთქვა, რომ არ შეიძლება იმ კომიტეტის სხდომის დანიშვნა და არ შეიძლება იმ 10 კაცის, სააკაშვილის ჯალათების დანიშვნა,“ – ამბობს ეკა ბესელია.
ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სწორედ ის იბრძოდა. ბესელიას თქმით, გუნდში არიან ის ადამიანები, ვისაც წინა ხელისუფლების პერიოდში ხმა არ აუმაღლებიათ.
„წარსულით იზომება პოლიტიკოსი დღესაც და ის ადმიანები, როდესაც ჩვენ იმ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ზოგი ჩირგვებში იჯდა, ზოგი მართლა გოგლიმოგლს ჭამდა, ოღონდ ცუდი არ არის გოგლიმოგლი, უდროო დროს არ უნდა მიირთვა და ზოგი იმ ჩირგვებიდან ისროდა და ის ადამიანები, რამდენიმე ამ გუნდში აღმოჩნდნენ _ 2016 წლის შედეგებია ეს და საკუთარი თავი დაინახოს ყველამ.
არასოდეს არ მექნება საერთო „ოცნებას“ დაირქმევს ის ადამიანი თუ კიდევ „სუპერ ოცნებას“, არასდროს არ მექნება საერთო, არასდროს არ ვიქნები ალიანსში და არასდროს არ ვიქნები იმ სათავეებთან, სადაც ის ადამიანები არიან,“ – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ მოსამართლეებთან დაკავშირებულ მუხლებთან დაკავშირებით „შპარგალკები“ კიდევ ერთხელ ახსენა და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ზუსტად ამ დროს უნდა დაეცვათ.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტის თავმჯდომარე ან ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, მე მის მაგივრად მოვუხადე ბოდიში კოლეგებს, რაც მან დღეს აქ იკადრა ან ის ზუსტად იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც ის გახდა სწორედ ამ თანამდებობაზე გამწესებული.
თუ მან არ იცის, ეს რას ნიშნავს, ჩვენ ვაჩვენებთ, ეს როგორ ხდება. მე ამ ბრძოლას, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია, გავაგრძელებ იმ ხალხთან ერთდ, ვისაც სჯერა ამის და ყველა ნახავთ იმ შედეგს, რა იქნება საბოლოოდ,“ – ამბობს ბესელია.