პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა იყო შეურაცხყოფა და მან კოლეგები დაადანაშაულა იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც თავად იცავს მთელი ამ ხნის განმავლობაში, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მე გთხოვთ ყველას, დარჩენილი 10 წუთი, რომლითაც ალბათ ბოლოჯერ მიწევს უმრავლესობის სახელით გამოსვლა. მინდა, ყველამ მოისმინოთ ჩემი სათქმელი. მინდა, დავიწყო იმით, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაასრულა თავისი გამოსვლა. მისი გამოსვლის ბოლო წინადადება იყო შეურაცხყოფა ჩვენი, იმ კოლეგების, რომლებსაც განსაკუთრებით მინდა მოვეფერო და მადლობა ვუთხრა. ირაკლი კობახიძემ ისინი დაადანაშაულა იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც თავად იცავს მთელი ამ ხნის განმავლობაში.
მინდა, ყველას, ვინც იბრძოდით და იბრძვით იმ იდეალებისთვის, რითაც პირველი ოქტომბერი მოვიდა ამ ქვეყანაში მადლობა გითხრათ. მინდა, ბოდიში მოგიხადოთ ირაკლი კობახიძის ნაცვლად იმ სიტყვების გამო, რითიც მან დაასრულა გამოსვლა. დღეს თურმე ამ გადაწყვეტილებისთვის ხმის მიცემა არის ტოლფასი ვიქნებით თუ არ ვიქნებით ერთად. ახლა სხდომა მიყავს იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ძალიან ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. მე და ზვიად ძიძიგური ვართ იმ თორმეტთაგანი, ვინც 2009 წლის არჩევნების დროს მანდატები დავტოვეთ და არ შემოვედით პარლამენტში. ეს კითხვაზე პასუხი იმათთვის, ვინც წვალობს დღეს და გაუბედავად ცდილობს, რაღაც შემოგვაპაროს. ყველას გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას იმათ გარდა, ვისაც მე არ ვთვლიდი და არ ჩავთვლი, რომ არის იმ იდეალების ერთგული, რომლის გარშემოც ჩვენ არა მხოლოდ 2011 წელს შევიკრიბეთ, არამედ 2011 წლამდეც ვიყავით ერთად“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, დღეს ისევ იქ დგას, სადაც ყოველთვის იდგა და ეს იმ ხალხმა ვერ გაიგო, რომლებიც სკამს, თანამდებობას, კომფორტს ვერ ელევიან.
„არ გვინდა რომანტიკული ფრაზები, ცოტა სხვა რეალობაა და შეხედეთ ამ რეალობას. ნუ ვამბობთ, რომ ეს კანონპროექტი ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას, ყველას ვერა, ნუ ქმნით ამ ილუზიებს, ეს არის მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი, რომელის გადადგმაც გვჭირს. მე არ მიკვირს ეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც მეორე მხარეს იდგნენ წლების განმავლობაში, დიახ, ეს პრობლემაა. მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც უკან არასდროს დაუხევიათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატმა უმრავლესობის სხდომები გაიხსენა და აღნიშნა, რომ როდესაც სხდომაზე ეს წინადადება დააყენა, მის წინააღმდეგ არავინ წასულა.
„რატომ შეიცვალა პოზიცია, იმიტომ, რომ გაბრაზდნენ ბიჭები, როგორც მათ უწოდებენ. რას კადრულობს ირაკლი კობახიძე. მინდა, რომ აქ იჯდეს, მე არ მჩვევია ადამიანის ზურგს უკან საუბარი, მაგრამ პირდაპირ ეთერში მოისმენს. ირაკლი კობახიძეც კონსტიტუციის ღირებულებებზე რომ მელაპარაკებოდა აქ, კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა ახსოვდა მაშინ დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას, ქალბატონო ეკა დანიშნეთ რა კომიტეტის სხდომა პარასკევს – სად იყო მაშინ კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა? როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გაბედა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია იმ ბიჭებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობასთან“ პარალელების გავლება მიუღებელია, რადგან მათთან ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტავს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლევან გოგიჩაიშვილი ციხეში ჩააგდო, ჩვენი თანამებრძოლები აწამეს, ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი დაიჭირეს, რა ბრალდებით იცით? პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ჩემი ძმა ერთი წელი მძევლად ჰყავდათ. ამ ხალხმა, ამათ არასოდეს არ ვაპატიებ იმ ადამიანების წამებას, რასაც ჩადიოდნენ. სხვებისგან განსხვავებით არ ვკურკურებ და კულისებში არ ვეთამაშები, კარგად იციან მათ ეს. შიგნით დიდი ხნის განმავლობაში ვილაპარაკე ვერ გაგაგაბინეთ იმათ, ვისაც უნდა გაეგო. თამარ ხულორდავას მინდა ვუთხრა, შენ მუშაობდი ევროკავშირის იმ უწყებაში რომლის წარმომადგენლებიც მე გუშინ შემხვდნენ, კიდევ ერთხელ შეგვახსენეს რეკომენდაციები, რომ უნდა შეჩერდეს უვადოდ დანიშვნა, რადგან რეფორმები გასატარებელია. ნუ დაიჩივლებთ, რომ უხერხულ მდგომაროებაში ხართ. არ არის საჭირო სამართლებრივი არგუმენტები მეტად, ყველაფერი ხელის გულზე დევს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.