“გურია ნიუსის” მკითხველს რამდენიმე წლის წინ მეგრელი ყაჩაღი ქალის, ბარბარა დანელიას შესახებ პატარა ცნობა მივაწოდეთ (2016, 2 სექტემბერი). ახლა კი უფრო ვრცელ წერილს გთავაზობთ.
ამერიკელი ყაჩაღები საქვეყნოდაა ცნობილი – ამას მრავალი ფაქტორი უწყობდა ხელს: ძლიერი ქვეყანა, რომლისკენაც მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო მიპყრობილი (დღემდე ასეა), მთელ მსოფლიოში გავრცელებული ამერიკული ბულვარული რომანები ბანდიტებსა და ველური დასავლეთის გმირების შესახებ, ბაფალო ბილ ქოუდის ველური დასავლეთის შოუ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ბანდიტის და ქაუბოის რომანტიულ იმიჯს, დანარჩენი კი კინემატოგრაფმა გააკეთა. შედარებისათვის, ავსტრალიელებსაც ჰყავდათ განთქმული ყაჩაღები (ნედ ქელი, ,,ცოფიანი ძაღლი” მორგანი, ბენ ჰოლი და სხვები), მაგრამ ინფორმაციის და რეკლამის ნაკლებობის გამო ისინი მხოლიდ საკუთარ სამშობლოში იყვნენ ცნობილნი.
ქართველი ყაჩაღების, ბანდიტებისა და ტერორისტების შესახებ, რომლებიც თავისი თავგადასავლებით არაფრით ჩამოუვარდებიან, თუ არა ჯაბნიან კიდევაც, ამერიკელ და ავსტრალიელ თანამოძმეებს, თითქმის არავინ არაფერი იცის. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა – ალბათ პირველი ქართველი ყაჩაღი, რომლითაც უცხოური პრესა დაინტერესდა იყო ბარბარა დანელია
1898 წლის 16 ოქტომბრის ,,ნიუ იორკ თაიმსმა” სტატია მიუძღვნა მეგრელ ყაჩაღ ქალს ბარბარა დანელიას, რომელიც თურმე შიშის ზარს სცემდა არა მარტო სამეგრელოს, არამედ იმერეთსაც. იმ ხანებში, ⅩXI-XⅨ საუკუნის მიწურულს, გურიაში ფირალური მოძრაობა დროებით ჩაწყნარდა, მეზობელ რეგიონებში კი, ამერიკული გაზეთის მიხედვით, სისხლიანი ძარცვა_გლეჯა მიმდინარეობდა. დანელია აღწერილია, როგორც უბადლო ცხენოსანი და ჩუბინი, რომელიც რუსულ ვერცხლის მონეტას, ,,რომელიც ჩვენი ექვსი პენსის მონეტაზე უფრო მცირეა”, შორი მანძილიდან ახვედრებდა ტყვიას. ამასვე ადასტურებს ქართული ,,ცნობის ფურცელი” (1898, 706): ,,ცხენზე ჯდომა იცოდა საოცარი, იარაღსაც ხმარობდა როგორც კარგი მეომარი… მისი ბღვრიალა თვალები უნებლიედ კაცს შეაშინებდა”.
,,ნიუ იორკ თაიმსის” და სხვა უცხოური გაზეთების მიერ ის გამოყვანილია ნამდვილ ,,რობინ ჰუდად”, რომელიც თურმე კაცის ტანსაცმელში გამოწყობილი მხოლოდ მდიდრებს ძარცვავდა. ,,ღარიბ მოგზაურებს არავითარი საშიშროება არ ელით ბარბარასაგან, _ წერდა გაზეთი _ რადგან ის ძალიან ხელგაშლილი და გულკეთილია”. ქართული გაზეთი ,,ცნობის ფურცელი” (1898, # 623) კი მას აუგად მოიხსენიებს, როგორც ყაჩაღს, რომელიც ,,თითქმის ათ წელიწადზე მეტია… ქურდობს და ყაჩაღობს… რამდენი თავმომწონე ყმაწვილები ჩამოუხტუნებია ცხენიდან და გაუძარცვავს, რამდენი ავქალობა ჩაუდენია და სასამართლოებში ჰქონია საქმე, მაგრამ ყოველთვის გამომძვრალა.”
გაზეთი The Philipsburg Mail (1899) ბარბარა დანელიას ადარებდა ცნობილს ამერიკელ ყაჩაღ ქალბატონს დორა კოქსს – ,,ყველაზე ცნობილ კანონგარეშე ქალს, რომელსაც უცხოვრია ოკლაჰომაში”. (Re-Dressing America’s Frontier Past By Peter Boag) საინტერესოა, რომ კოქსის და დანელიას ბიოგრაფიები წააგავენ ერთნანეთს თავზეხელაღებული და საოცარი თავგადასავლებით: ისინი ერთი და იმავე წლებში ,,მოღვაწეობდნენ”. ორივე ატარებდა კაცის სამოსს, ძარცვავდა მგზავრებს, იპარავდა ცხენებს და ციხიდან იყო რამდენჯერმე გამოქცეული. ერთხელ როცა ციხეში ისხდნენ, დანელიამ და კოქსმაც, თავი შეაყვარეს ციხის დარაჯებს და მათი საშუალებით დააღწიეს საპყრობილეს. ერთმა უცხოურმა გაზეთმა მას Bandit Queen ბანდიტი – დედოფალი – შეარქვა და სწორედ ასე ეძახდნენ სახელგანთქმულ ბანდიტ ქალს ბელ სტარს და ზოგიერთ სხვა ყაჩაღ ქალბატონს ამერიკის ,,ველურ” დასავლეთში.
თურმე ძარცვისას დანელია თავაზიანად ექცეოდა მსხვერპლს, ყოფილა შემთხვევა ღვინოსც კი შეუთავაზებია. თუმცა მას ხელი სისხლში ჰქონია გასვრილი: ერთხელ მას დაედევნა პოლიციელი ერისთავი, რომელთანაც შეტაკება მოსვლია და ეს უკანასკნელი დაღუპულა.
როგორც წესი ყაჩაღის დასასრული ეს ძალადობრივი სიკვდილია სახრჩობელაზე ან ტყვიით. ასევე დასრულდა,,ლომ-კაცა-ქალი” ბარბარა დანელიას ცხოვრება, რომელიც იმ დროს იქნებოდა 35-40 წლის, შვილების პატრონი: ,,საბრალო საქურდლად წასულა, მაგრამ გაუგეს და მოკლეს.” თურმე ის იძახდა, რომ ,,მე უნდა მოვკვდე ვაჟკაცურადო, გამგმირავს ოდესმე თოფ-ხმალ-ხანჯალი და მოულოდნელად შეიტყობს ყველა ჩემს სიკვდილსო”, რაც აღსრულდა კიდევაც.