22 თებერვალს, ოზურგეთში, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ოფისში, გაიმართა საჯარო დისკუსია მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. შეხვედრას ლიდერთა სკოლის მოსწავლე ანა აბაშიძე უძღვებოდა.
“ამ ეტაპზე ვმუშაობთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის ადვოკატირებაზე, თუმცა, დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, ე. წ. “ქუჩის ძაღლების” თემაზე. პრობლემა, რომ აქტუალურია, ამას ბევრი საუბარი, ალბათ, არ სჭირდება და არც იმას სჭირდება დასაბუთება, რატომ შევარჩიეთ ეს თემა ადვოკატირებისთვის”, _ თქვა შეხვედრის დასაწყისში ანა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ეს პრობლემა თითოეულ ჩვენგანს ეხება.
“გვეხება ჩვენ, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს მეგობრებს. პრობლემა ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ბევრი საინტერესო გარემოებაა, რაზედაც პასუხების მიღება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მაგალითად, რატომ მომრავლდა განსაკუთრებით ახლა, ამ ეტაპზე ამდენი ძაღლი ქუჩაში, რა ეშველებათ ძაღლებს, რა გვეშველება ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ვართ საფრთხის წინაშე.
არანაკლებ აწუხებს ეს თემა სოფლებსაც. არსებობს ფაქტები, რომ ქუჩაში მცხოვრებმა უსახლკარო ძაღლმა დაკბინა ადამიანები, გამოეკიდა ბავშვებს, განსაკუთრებით, საღამოს საათებში, როდესაც ისინი მშივრები არიან. მათი თავდასხმის ობიექტი, ძირითადად, ის მოზარდები არიან, რომლებიც ქუჩაში სწრაფი კვების ობიექტის საკვებით იკვებებიან.
ბევრი ისტორიაა, რომლებიც მოწმობს, რომ პრობლემასთან გამკლავება რთულია. თუმცა, ეს პასუხისმგებლობისგან არავის ათავისუფლებს, რადგან ზემოაღნიშნული ფაქტები საგანგაშო და ყურადსაღებია.
სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, მოგეხსენებათ, ძაღლები და ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ცხოველები ხშირად სხვადასხვა ინფექციურ დაავადებას ავრცელებენ და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ისინი აგრესიულები არიან და როგორც უკვე აღვნიშნე ხშირად დაუკბენიათ ქუჩაში მიმავალი ადამიანები. უპატრონო ძაღლების მომრავლების გამო, ხალხი დაშინებულია”, _ აღნიშნა ანა აბაშიძემ.
ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის” ხელმძღვანელმა თენგიზ ქუტიძემ შეხვედრაზე თქვა, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ქალაქში ნამდვილად დგას.
“სპეციალური ჯგუფები იჭერენ ქუჩაში ძაღლებს, მაგრამ თავშესაფარში მათი გაჩერება 10 დღეზე მეტი ხნით არ ხდება. ამ დროის განმავლობაში მიდის მკურნალობა: ძაღლებს ვაქცინაციას ჩავუტარებთ, ცოფზე აიცრება და შემდეგ იმ ლოკაციის ადგილზე ვაბრუნებთ, საიდანაც აიყვანეს. ქალაქ ოზურგეთში ავიყვანეთ გარკვეული რაოდენობის ძაღლი და სანამ მათ უკან დავაბრუნებდით, ერთი იმდენი კიდევ დაგვხვდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ სოფლებიდან ჩამოჰყავთ ძაღლები და ტოვებენ ქალაქში. ბევრი ვიფიქრე და გამოსავალი ვერ მოვიფიქრე. ვფიქრობ, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა დადგეს და “დაიჩიპოს” ყველა ძაღლი. სერიოზული პრობლემაა და საჭიროებს მოგვარებას, ამაზე არავინ დაობს. ძალიან შეწუხებული ვარ, ბევრი ზარი შემოდის”, _ თქვა თენგიზ ქუტიძემ.
შეხვედრის დასასრულს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო შექმნის სამუშაო ჯგუფს და დეტალურად დაიწყება საკითხის შესწავლა, თუ როგორ და რა სტრატეგიაა შესაძლებელი პრობლემის შესამსუბუქებლად.