ა(ა) იპ „სპორტული ცენტრში“ რეორგანიზაციის შესაძლო გახორციელებაზე ლანჩხუთის საკრებულოში განხილვები უკვე მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა საკითხი სოციალურ საკითხთა კომისიაზე განიხილეს სპორტული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის წერილის საფუძველზე. საკრებულოსთვის მიმართულ წერილობით განცხადებაში ცენტრის თანამშრომლები ითხოვენ, რომ დღის წესრიგში დადგეს საფეხბურთო სკოლის დამოუკიდებელ სამსახურად შექმნის საკითხი.
,, სფფ–ის სკოლების კატეგორიზაციის დებულება მოითხოვს საფეხბურთო სკოლის, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული ორგანიზაციის არსებობას. მისი სხვა ორგანიზაციის (,,სპორტული ცენტრის“) იურიდიულ სტრუქტურაში ყოფნის შემთხვევაში არ განიხილება სკოლისთვის პირველი და მეორე კატეგორიის მინიჭება, რაც იწვევს ფინანსურ თუ სხვა დახმარების დაკარგვას“, -ნათქვამია საკრებულოსთვის გაგზავნილ წერილში.
წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებელ ერთეულად არარსებობის გამო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სკოლას მესამე კატეგორია მიენიჭა, რამაც გამოიწვია მისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარების საგრძნობლად შემცირება. ამ ჯერზე სკოლამ 15 000 ლარი მიიღო აუცილებელი ინვენტარის შესაძენად, პირველი ან მეორე კატეგორიის მიღების შემთხვევაში, დაფინანსება 50 000- დან 80 000 ლარამდე გაიზრდება.
მოკლედ, წერილის განხილვის შემდეგ ზემონახსენები კომისიის წევრმა დეპუტატებმა მწვანე შუქი აუნთეს საკითხის დადებითად გადაწყვეტას და წერილი შემდგომი ღონისძიების გასატარებლად მერიაში გადააგზავნეს. სწორედ მერიას ეთქმის სეფე სიტყვა გააგრძელებს დამოუკიდებელ ა(ა)იპ-ად ფუნქციონირებას საფეხბურთო სკოლა, რომელიც სწორედ ამ უწყების გადაწყვეტილებით შეერწყა ერთი წლის წინ სპორტულ ცენტრს. მაშინ „გოგონათა ექსპერიმენტული სარაგბო-საფეხბურთო სკოლის“ შეერთებაც იყო გათვალისწინებული, იმ მოტივით, რომ ცვლილებები ფინანსური რესურსების დაზოგვას წაადგება სასიკეთოდ. თუმცა გოგონათა საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელმა, დურმიშხან ჩხაიძემ თავისი გაიტანა და შეძლო სკოლა ცალკე სტრუქტურად შეენარჩუნებინა.