“ქართული ოცნება“იმისთვის შეიქმნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შესაფერისი სახელი დაერქმია და გამოდის, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარ მისიას უღალატა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, „სავსებით რეალურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგოს, რადგან ვანიშვილს დეპუტატებს შორის გამაერთიანებლის როლის შესრულება გაუჭირდება“.
_ ბატონო ვახტანგ, „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პარტიის წევრთა გაერთიანების მოტივით დაბრუნდა, თუმცა ფაქტია, რომ მისი მოსვლის შემდეგ „ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებმა შეუქცევადი სახე მიიღო. დეპუტატებს შორის შექმნილი კრიზისული ვითარება რაზე მეტყველებს _ ივანიშვილი გამაერთიანებლის როლს ვეღარ ასრულებს ?
_ მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატთა ნაწილმა პარტია დატოვა, ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი პროცესების დამაბალანსებლის როლს ასრულებს. როდესაც ირაკლი კობახიძის კლანმა პარტიიდან გარკვეული ადამიანების გარიცხვა მოინდომა, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა მათ პოლიტიკურ ხუშტურებს მხარი არ დაუჭირა. სირთულის მიუხედავად, ივანიშვილი გუნდის წევრების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა პარტიაში ძალთა ბალანსი უკვე დარღვეულია და პროცესები შეუქცევად სახეს იღებს, აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ივანიშვილს დეპუტატებს შორის შუამავლის როლის შესრულება გაუჭირდება.
_მმართველ პარტიაში ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი აღარ ირიცხებიან და როგორც ცნობილია, უმრავლესობას ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ -დემოკრატებიც“ გამოეყოფა. როგორ ფიქრობთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობასაც დაკარგავს?
_ სავსებით რეალურია, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას დაკარგავს. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში კლასიკური პოლიტიკური პარტიები საერთოდ არ არსებობენ, ჩვენ პოლიტიკური კრიზისის მომსწრენი ბევრჯერ გავხდებით. მოსამართლეების თემა და რეზოლუცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური შეფასების გაკეთებას გულისხმობდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და იმ პარტიის მომავალი, რომელიც იმ საპასუხისმგებლო პრინციპებს გადაუხვევს, რომელზეც თავად აღმოცენდა, წაგებისთვისაა განწირულია. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პარტია საფრთხეში თავად ჩააგდო, რადგან იმ ადამიანებს გაურიგდა, რომლებიც წინა რეჟიმის ჯალათების დამქაშები იყვნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნათელია, რომ მმართველი პარტია მოქალაქეთა კავშირის ბედს გაიზიარებს.
_“ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუატატმა ეკა ბესელიამ ფრაქციის შექმნა დააანონსა, ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად ვის სახელებსა და გვარებს ვიხილავთ ბესელიასთან ალიანსში, თუმცა პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მუსირებს მოსაზრება იმის შესახებ, რომ დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიულ ოპოზიციურ ძალას ქმნის. როგორ ფიქრობთ, “ოცნებასთან“ პოლიტიკური გაყრის შემდეგ, ეკა ბესელიას უკან კვლავ ბიძინა ივანიშვილი დგას?
_ ბიძინა ივანიშვილი დგას თუ არა ეკა ბესელიას უკან, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკა ბესელიას თანამოაზრეთა გუნდი „ნაცმოძრაობასთან“ რევანშიზმის რეალური სახეა, რაც კარგად ესმის, როგორც ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ისე „ქართულ ოცნებაში“ შემავალ იმ ადამიანებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით თავად „ნაცმოძრაობასთან“ აპირებენ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას. „ქართულ ოცნებაში“ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მიმდინარეობს ბრძოლა. თუ ძალაუფლება „ქართულ ოცნებაში“ პორტირებული ნაცების ხელში მოექცევა, პირდაპირ გეტყვით, რომ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების არანაირ შანსი არ ექნება.
_ პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებულ ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა. იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებით აშინებს, მმართველი პარტიის მხრიდან აღნიშნული კანონის ჩადგება რამდენად კანონზომიერი ქმედებაა?
_“ქართული ოცნება“ იმისთვის შეიქმნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შესაფერისი სახელი დაერქმია და და გამოდის, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარ მისიას უღალატა. ამ გუნდის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ კოჰაბიტაცია ყველა ვარიანტში წამგებიანი თამაშია, რაც 2019 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვით დაიწყო და დიდი ალბათობით, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლით დასრულდება. ახლა, როცა პროცესები ჩიხშია შესული, დიდი ალბათობით, ის ამომრჩეველი, რომელმაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანა, მმართველ პარტიას მხარს არ დაუჭერს.