უხვი ნალექის დროს, გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო, ჩოხატაურში, ბურჭულაძის ქუჩაზე მცხოვრებ 82 წლის ნორა დოლიძეს ეზო ეტბორება. როგორც თავად აღნიშნავს, ქუჩის მცხოვრებლებს ეტაპობრივად მოუგვარდათ მსგავსი პრობლემა, თუმცა, მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მიღებული მრავალი დაპირებისა, ყოველი გაწვიმებისას, დღემდე წყლით ივსება მისი ეზო.
ნორა დოლიძემ დახმარების თხოვნით “გურია ნიუსს” მიმართა და საკუთარი პრობლემის შესახებ დეტალურად უამბო.
“გზა ისე გააკეთეს, რომ წყალი ჩემს ეზოში ჩამოდის. 1 წელია დავდევ მერს, ირაკლი კუჭავას, მაგრამ ვერაფერს გავხდი. “ყველას გავუკეთეთ და შენც გაგიკეთებთო”, _ მითხრა. იმედიანად წამოვედი სახლში. თუმცა, არაფერი გაკეთებულა და რამდენჯერმე ისევ მივაკითხე. ხან ვნახე, ხან _ ვერა. თან დიაბეტი მაქვს და არ შემიძლია სიარული. მითხრეს, რა საჭიროა ამდენი მოსვლა, შეგპირდით და გაგიკეთებთო. მეც დავიჯერე და წამოვედი. 1 წელი შესრულდა აგვისტოში, რაც მპირდებიან გაკეთებას, როცა შემიძლია, მივდივარ და ვახსენებ. ვეუბნები, თუ არ აკეთებთ, რატომ მპირდებით და მაიმედებთ,-მეთქი. ერთხელ რომ მივედი, დაუძახა თამაზ ძნელაძეს (სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის დირექტორი. რედ.), ჩემი შვილის ძმაკაცადაც გამაცნო. ამ საქმეს მე ვიბარებ დღეის შემდეგო, დამაიმედა ძნელაძემ”, _ ამბობს ნორა დოლიძე.
როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, თამაზ ძნელაძე, “ვიღაც კაცთან” ერთად ესტუმრა კიდეც სახლში, თუმცა, მის ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია:
“რამდენჯერმე მოვიდა, თუმცა, პრობლემა ისევ პრობლემად მრჩება. მოვა, მოიყვანს ვიღაცას, გაზომავს, წავა და ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. მერე ვუთხარი, თანხა გამომიყავით და მე გავაკეთებ,-მეთქი. დამპირდა, სამშაბათს მოვა ეს ადამიანი და გაგიკეთებს შენს საქმესო, თან მეუბნება ჩვენი პურ-მარილით მოვალთ, შენ არ შეწუხდე, ნორა დეიდაო. საერთოდ არავინ მოსულა, რის გამოც დავურეკე რამდენჯერმე. მითხრა _ “ვსიო, ამის შემდეგ მე აღარ დამირეკო შენო” და გამორთო ტელეფონი”, _ ამბობს ქალბატონი ნორა.
რატომ არ შესრულდა ნორა დოლიძისთვის მიცემული დაპირება, ამის გასარკვევად თამაზ ძნელაძეს დავუკავშირდით.
მისი თქმით, მან ნორა დოლიძესთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლო:
“როგორც მისი შვილის მეგობარი, ამ პრობლემის მოგვარებას მეორე დღესვე ვაპირებდი. თავისი შვილის მეგობრებს დავუძახე _ 4-5 კაცს. მივედით და უნდა გაგვეკეთებინა ისე, რომ არ ჩასვლოდა წყალი სახლში, მაგრამ არ ინება ისე გაკეთება, როგორც ვთავაზობდით _ “ასე არ მინდა, ისე არ მინდაო”. მე ინჟინერი არ ვარ და გავანებე ამ საქმეს თავი, რადგან ვერ გამოვნახე მასთან საერთო ენა”, _ ამბობს ძნელაძე.
ნორა დოლიძის თქმით, მასთან პრობლემის მოსაგვარებლად ტარიელ ბერაძეც იყო მისული, თუმცა, შედეგი არც მის ვიზიტს არ მოჰყოლია და არც რამდენჯერმე მეზობლების მიერ ერთობლივ მიმართვას.
“მეზობლებმაც მივმართეთ ერთობლივად. მერე გამომაყოლეს ტარიელ ბერაძე, ვწუხვარ, რომ გარდაცვლილ ადამიანზე მიწევს საუბარი. რომ მოვიდა, მაღალი წნევა მქონდა და ვიწექი. გამომიშვეს, მაჩვენეთ, პრობლემა სად არისო, _ ამბობდა ბერაძე. გავედი და ვაჩვენე. ამის შემდეგაც არაფერი გაკეთებულა.
ამ ზამთარში საერთოდ გაუსაძლისია აქ ყოფნა _ ოდნავ გაწვიმებაზეც კი ივსება ეზო და ხომ წარმოგიდგენიათ, ზამთრის უხვი ნალექის დროს რა მდგომარეობაა.
ამის შემდეგ ტარიელ ბერაძეს მივაკითხე. გაუკვირდა, კიდევ არ გაუკეთებიათ? მე დავაპროექტე ეგ უკვეო. დაურეკა გია გიორგაძეს (საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. რედ.), რომელიც გაუწყრა, ეგ საქმე მე არ მეხება და ეს ქალი ჩემთან რატომ გამოუშვიო. ასეთი არაფერი მინახავს _ აქამდე მთავრობასთან არასდროს მქონია საქმე. ვიცი, არაფერი მოგვარდება, მაგრამ ჩემნაირი მოხუცის აბუჩად აგდებას არ ვაპატიებ, რაც გულს მიხეთქავს”, _ ამბობს ბერიძე.
როგორც ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა ამბობს, ნორა დოლიძესთან სპეციალისტები არაერთხელ იყვნენ მისულები და გადაწყდა, რომ ჭიშკრის მიმდებარედ მოეწყობოდა ბეტონის ფილა, რისთვისაც 300 ლარი გამოუყვეს.
“ბურჭულაძის (ყოფილი გურიის) ქუჩაზე, სადაც ქალბატონი ნორა ბინადრობს, 2017 წელს დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი. სამუშაოების მიმდინარეობის დროს ქალბატონს პრეტენზია არ გამოუთქვამს. მხოლოდ შემდეგ მოგვმართა, რომ გზის მონაკვეთის აწევამ, გამოიწვია მის ეზოში წყლის ჩადინება წვიმის დროს. ადგილზე ჩვენი სპეციალისტების არა ერთხელ მისვლით და მასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ჭიშკრის მიმდებარედ მოეწყობოდა ბეტონის ფილა. შესაბამისი თანხა (300 ლარი) აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად ჩაერიცხა კიდეც”, _ ამბობს კუჭავა.
თუმცა, როგორც ნორა დოლიძე ამბობს, 300 ლარი კი ჩაურიცხეს, მაგრამ საქმის გამკეთებელი ვერავინ ნახა:
“30 აგვისტოს გამომიყვეს 300 ლარი, თუმცა, დამხმარე ვერ ვიშოვე. 50 ლარი ჭიშკრის აწევაში გადავიხადე, 20 ლარი სადილისთვის დამეხარჯა და დანარჩენი კი მიდევს. არ ვიცი, ახლა ვინ მომიგვარებს პრობლემას. ნინოშვილის ქუჩიდან წამოსული ნაერთი წყალი ჩემს სახლში შედის. სამეზობლოში სხვებს მოუგვარეს ეს პრობლემა, ნინოშვილის ქუჩაზე ყველას გაუკეთეს, ჩემთან კი ისევ ისეთი მდგომარეობაა.
მოვა უხვი ნალექი, დავრეკავ, მოვა გოჩა ჯინჭარაძე (გამგებლის წარმომადგენელი დაბა ჩოხატაურში. რედ.), გადაიღებს ფოტოებს და მიდის. კარგი ბიჭია, მაგრამ საქმე ვერ კეთდება. ვარ ასე გამწარებული _ თუ მოვკვდები, ამის გამო მოვკვდები. რას ვიფიქრებდი, ასე თუ აბუჩად ამიგდებდა ხელისუფლება”, _ ამბობს დოლიძე.