„ოცნების“ ხრწნა გრძელდება, გუნდი ბოლშევიკურ პარტიას ემსგავსება. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ აფეთქდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება, თუ არჩევნებამდე მივიდა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მომდევნო პარლამენტში მაქსიმუმ 35-40 პროცენტს მიიღებს“.
_ ბატონო პაატა, „ქართულ ოცნებაში“ შიდაპარტიული პროცესები უფრო და უფრო იძაბება. პარტიის წევრები გუნდს თითქმის ყოველდღიურად ტოვებენ. როგორ ფიქრობთ, დეპუტატთა ნაწილს რატომ აღარ სურს „ოცნებასთან“ აფილირება?
_ “ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები მოსალოდნელი და ბუნებრივი იყო. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური კონკურენცია მოსპო და შემდეგ თანაპარტიელების ჭამა საკუთარ პარტიაშივე დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ დემოკრატიული პროცესები არ ვითარდება. დღეს „ქართული ოცნების“ ხრწნა გრძელდება, გუნდი ბოლშევიკურ პარტიას ემსგავსება. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ აფეთქდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება, თუ არჩევნებამდე მივიდა. როდესაც პოლიტიკური პარტია თავის წარმატებას უმრავლესობის რაოდენობით ზომავს, მან უნდა იცოდეს, რომ არჩევნების დროს ეს საზომი მათივე წარუმატებლობასაც გაზომავს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მომდევნო პარლამენტში, მაქსიმუმ, 35-40 %-ს მიიღებს.
_ 2012 წელს „ქართული ოცნება“ სამართლიანობისთვის მებრძოლ ძალად აღიქმებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი _ ძალადობრივ რეჟიმად. დღეს ეს მოცემულობა შეიცვალა?
_ პოზიციები არ შეცვლილა, უბრალოდ, „ქართული ოცნება“ „ ნაციონალური მოძაობის“ დონეზე ჩამოლაბორანტდა. „ქართული ოცნება“ ისეთივე ბანალური პარტია გახდა, როგორიც „ნაციონალური მოძრობაა“. ადრე მმართველი პარტია სამართლიანობისთვის მებრძოლი პარტია იყო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტების საწყისი ძალა, მაგრამ დღეს ორივე პარტია ერთსა და იმავე კლასშია და სამწუხაროდ, არ ჩანს მესამე ძალა, რომელიც მათზე ზემოთ დადგება. „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ კი ერთი კლასის ბანალური დისკრედიტირებული პარტიები არიან.
_ თქვენი შეხედულებით, ოდიოზური მოსამართლეების ბედი როგორ გადაწყდება. ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამოაზრეთა ჯგუფი სასამართლო სისტემიდან საზოგადოებისთვის არასასიამოვნო მოსამართლეების გადინებას დასთანხმდება?
_ ეჭვი მეპარება, რომ სასამართლო პროცესი ისე წავიდეს, როგორც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა ნეობოლშევიკური ჯგუფის მხრიდან. ქართულ საზოგადოებაში კანონი და სამართალი იმდენად არ მოქმედებს, როგორც პიროვნული სახეები და არამგონია, რომ დღევანდელი სასამართლოს უტიფრად მომღიმარმა მოსამართლეებმა წარმატებას მიაღწიონ. „ქართული ოცნება“ ახლა სხვა ოდიოზერ მოსამართლეებს ეძებს.
_ ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლას ყველანაირი მეთოდებით ცდილობს. იზიარებთ აღნიშნულ მოსაზრებას? და ასევე, როგორ ფიქრობთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიმართ მიმდინარე სამართლებრივი დავა პოლიტიკურად მოტივირებულია?
_ რუსეთს ნამდვილად არ უნდა, რომ საქართველო განვითარდეს. ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ბუნებრივია, რუსეთს არ აწყობს. რაც შეეხება შეტევას „თიბისის“ დამფუძნებლებზე, თავად ბანკის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მათ მიმართ ორკესტრირებული შეტევა დაიწყო და მათი განცხადება ჩემთვის მნიშვნელოვანია. მეც ვიყავი მთავრობაში და ვგრძნობდი, თუ როგორ ხდებოდა ამგვარი საქმეების ორკესტრირება და არაფრისგან შუშის კედლების შექმნა. ასე რომ, ეს აპრობირებული მეთოდია, არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ბიზნესში. ვინც ასეთ მცდელობებით არის დაკავებული, მინდა ვუთხრა, რომ მორალურად ძალიან სუსტი ადამიანია. ქვეყანაში ძლიერი ავტორიტარული მმართველობა უნდა იყოს, რომ თქვენი გაიტანოთ. „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კი ვერ გააკეთა ასეთი რაღაცები, ქართველი ხალხი ნებას შეაკვდა და ჩამოიშალა. ასეთი მცდელობების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ყველა პარტია ჩამოიშლება.