„ქართული ოცნების“ რღვევა იქამდე გაგრძელდება, სანამ ცხოვრება არ გაუმჯობესდება და მოსახლეობაში უკმაყოფილების დონე არ შენელდება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცინცაძემ.
ექსპერტმა პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ განაცხადა, რომ მას შს მინისტრობისა და პრემიერობის დროს განსაკუთრებული ნიჭი არ გამოუვლენია.
_ ბატონო სოსო, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ რინგზე ’’ოქროს სათადარიგო მოთამაშე“ ირაკლი ღარიბაშვილი შემოიყვანა და მიზნად „ქართულ ოცნებაში“ არსებული კრიზისის დაძლევა დაისახა. როგორ ფიქრობთ, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილი რამდენად ძლიერი და ეფექტური მოთამაშე იქნება?
_ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის დროს ქვეყნის მართვის ნიჭი არ გამოუვლენია და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ რას ისწავლიდა, ნამდვილად არ ვიცი. პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ღარიბაშვილმა ოპოზიცია კვლავ გააკრიტიკა და მათ დესტრუქციული ძალა უწოდა. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ქვეყანაში მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის უშეცდომო პარტია, რაც სწორი არ არის. ღარიბაშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მთავარ პრობლემად კვლავ ოპოზიციას მიიჩნევს, არადა, მთავარი პრობლემა ქვეყანაში არსებული ვითარებაა. ოპოზიცია მაშინ არის ობიექტური, როცა გასაკრიტიკებლად საბაბს მისცემ. ქვეყანაში კარგი ცხოვრება რომ იყოს, ოპოზიცია ასე არ იყვირებდა.
_ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არსებულ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე ლეგიტიმურად პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“, მმართველი ძალის მცდელობა ოპოზიციის სახით შექმნას პოლიტიკური საფრთხობელა, რამდენად გაამართლებს?
_ძნელია ოპოზიციის სახით პოლიტიკური საფრთხობელის შექმნამ გაამართლოს. “ქართულმა ოცნებამ“ თუ მთელი სიმძიმე კვლავ ოპოზიციაზე გადაიტანა და ქვეყანაში არსებული რთული ვითარების სიმძიმე ისევ ოპოზიციას ჩამოკიდა, „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება კი არ შენელდება, არამედ უფრო გაიზრდება. ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ ხალხს მხოლოდ ნორმალური ცხოვრება აინტერესებს. რამდენიმე ათეული წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ნორმალური ცხოვრების დონეს ვერ მივაღწიეთ, რაზეც, პირველ ყოვლისა, მთავრობა არის პასუხისმგებელი.
_ პარტია “ქართულ ოცნებას“ დეპუტატები თითქმის ყოველდღიურად ტოვებენ. თქვენი აზრით, ხომ არ ჩნდება განცდა, რომ აღნიშნულ ქმედებას საფუძვლად 2012 წელს აღებული პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის მცდელობა უდევს?
_ ბუნებრივია, ასეა და „ქართული ოცნების“ რღვევა იქამდე გაგრძელდება, სანამ ცხოვრება არ გაუმჯობესდება და მოსახლეობაში უკმაყოფილების დონე არ შენელდება. „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, სურსათზე, სამედიცინო პროდუქციასა და სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა და ხალხს უკეთესი წინსვლის იმედი როგორ უნდა ჰქონდეს?! აღნიშნულს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში კრიმინალმა საგრძნობლად მოიმატა. ხელისუფლება გრძნობს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას? _ სავარაუდოდ, არა.
_“თიბისიდან“ წასვლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრზე შტურმი მიიტანა და განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ შანტაჟის შემცველი წერილი გაუგზავნა. როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს გახარიას ხაზარაძესთან?
_ აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება, ჯერჯერობით, პრინციპულად რთულია. ლონდონში გაგზავნილი წერილის ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ და შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდება. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებულია, ეს იქნება ნებისმიერი კანონის მიღება, საკადრო ცვლილებები თუ გადაადგილება.