მაისში, ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი, ექადია, ცენტრი 3 და ანასეული შედის შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ამ უბნების მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული (გარდაცვლილი) წევრის, ლევან თოიძის ნაცვლად ახალი წევრი უნდა აირჩიოს.
“გურია ნიუსმა” ცოტა ხნის წინ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ოლქში “ქარული ოცნება” ბავშვთა ცნობილ ექიმს, დავით მდინარაძეს დააყენებს.
ჩვენ, ასევე, ექსკლუზიურად გავარკვიეთ, რომ ამ საარჩევნო უბანზე კენჭისყრას, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის “მოსწავლე-ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების” დირექტორი თამარ ნადირიძე გეგმავს.
ნადირიძე ერთხელ უკვე იყო დეპუტატი _ ის, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან” მოხვდა.
ნადირიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის:
_ დამოუკიდებლად ვგეგმავ კენჭისყრას, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ნადირიძემ.
მისივე თქმით, ა(ა)იპ-ის დირექტორობა კარგია, თუმცა, საკუთარ თავს პოლიტიკაში უფრო ხედავს:
_ აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ არჩევანში ყველა თავისუფალია. მეც, ალბათ, უფრო კარგად ჩემს თავს პოლიტიკაში ვხედავ. ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით, ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ, _ გვითხრა ნადირიძემ.
ამ დროისთვის უცნობია ვის კანდიდატურას დააყენებს ოპოზიცია. არც “ნაციონალურ მოძრაობაში” და არც “ევროპულ საქართველოში” კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.