კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე საქართველოში ცნობილი ფრანგი მსახიობი პიერ რიშარის ყოფნის დღეებს შემდეგნაირად აღწერდა.
“მახსოვს, პიერ რიშარის ჩამოსვლისას რა სიბნელე იყო აეროპორტში. მაგრამ ის იმდენად უბრალოა, აბსოლუტურად არ აღელვებდა ეს სირთულეები. საათობით იჯდა და ჭადრაკს ეთამაშებოდა ლია ლორიას. ლია ჩემი მამიდაშვილია, ფრანგული იცოდა და ამის გამო ვთხოვე დახმარება.
პიერ რიშარი რომ წავიდა, ინტერვიუში თქვა: ნუთუ 40 წელი უნდა მეთმინა, რომ საქართველოში მოვხვედრილიყავი! პირველად მივხვდი, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა! ისეთი დაბადების დღე მქონდა იქ, როგორიც არასოდეს მქონია! მახსოვს ყველაფერი და… როდის ვმუშაობდი, ეს არ მახსოვსო. ფანტასტიკური პარტნიორები ჰყავდა: რამაზ ჩხიკვაძე – ჩემი საყვარელი არტისტი და ადამიანი და კახი კავსაძე”.