„რადგან შალვა ნათელაშვილმა ჩემზე თქვა მოღალატეაო, მეც ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის პოლიტიკური სარეველაა, რომელსაც მოვლა არ სჭირდება. მასზე ისეთი რაღაცების თქმა შემიძლია, რომ დედამიწაზე თავი არ ექნება გამოსაყოფი, ამიტომ ცეცხლთან თამაშს ნუ გაბედავს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ.
კახაძე პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო.
_ ბატონო ვლადიმერ, პაატა ბურჭულაძის ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომლის სახელით 2016 წელს მთაწმინდის ოლქში კენჭი იყარეთ და შემოწირულობის სახით 60 000 გადაურიცხეთ, რატომ დატოვეთ?
_ თავდაპირველად არსებობდა საქართველოს განვითარების ფონდი, სადაც ვმუშაობდი და ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც პოლიტიკური ანგაჟირების სფეროს არ წარმოადგენდა. შემდეგ აღნიშნულმა მოძრაობამ ტრანსფორმირება განიცადა, როგორც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩემი აქტიურობა იმ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც წინა ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა, არ ივარგებდა.
_ 2016 წელს მთაწმინდის ოლქში გამართულ არჩევნებში მხარი ამომრჩეველთა 2.65%–მა დაგიჭირათ, „ქართული ოცნების“ კანდიდატობის პირობებში გაქვთ არჩევნებში გამარჯვების იმედი?
_ რა თქმა უნდა, მაქვს. პაატა ბურჭულაძის ბლოკში ჩემი აქტიურობა აბსოლუტურად ნული იყო, თუმცა ამ პერიოდს ძალიან წარმატებულად ვთვლი. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც მაშინ ჩემი კონკურენტი იყო, ხელი არ შემიშლია. ტელეეთერით მის წარსულს, ისტორიულ ღვაწლსა და საგვარეულოს მადლობაც გადავუხადე, რაც პარტიის შიგნით კარგად აღქმული არ იყო. მიხარია, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ. ჟურნალისტები ხართ ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება განაპირობეთ. იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად დამასახელებდა, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე თემებზე ჩემს აზრს ვაფიქსირებდი და ოჯახმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, მოინდომა, რომ ასეთი პოზიციების მქონე ადამიანი მათი გუნდის წევრი გამხდარიყო, რაც დიდი სიხარულით აღვიქვი.
_სალომე ზურაბიშვილმა, რომლის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყავით ჩართული, პრეზიდენტის რანგში განაცხადა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბა, ზურაბიშვილის აღნიშნულ პოზიციას იზიარებთ?
_საქართველოს ომი არასდროს დაუწყია. არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ ისტორიულ წარსულშიც კი. პირადად სულ სხვა პრეტენზიები მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ _ ცეცხლის ჩასაქრობად წყალი უნდა დაასხა და არა ნავთი.
_ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარგადგინათ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გაგაკრიტიკათ და „მოღალატე ლეიბორისტი“ გიწოდათ. „ყველას გამოექცა და კიდევ გამოექცევა, „ოცნებას“ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს“, _აღნიშნა ნათელაშვილმა. მის ბრალდებებს რას უპასუხებდით?
_პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ არ ვარ ადამიანი, რომელიც ხალხის გულის ტკენისთვისაა დაბადებული. საკრებულოში შალვა ნათელაშვილი 12 კაცით შევიდა, რაშიც მე და ჩემს მეგობრებს ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის. ნათელაშვილმა თქვა, კახაძე მე დავნიშნე საკრებულოს თავმჯდომარედო, სირცხვილი მატყუარას! „ლეიბორისტულ პარტიაში“ არ შევსულვარ, ნება მივეცი, რომ ჩემი თავი სიაში ჩაეწერათ. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად შალვა ნათელაშვილის თორმეტკაციან სიას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ოპოზიციურმა ფლანგმა ჩემი სახით მხარი დაუჭირა იმ კანდიდატს, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა. ნათელაშვილს სხვა კანდიდატს არავინ გააყვანინებდა. ასევე, მან თქვა, კახაძე „ლეიბორისტული პარტიიდან“ გაიქცაო, მის 12-კაციან ფრაქციაში ორი კაცი დარჩა. პარტიიდან ათი კაცი რომ გავა, ეს ლადო კახაძის ბრალია?! რადგან მან ჩემზე თქვა მოღალატეაო, მეც ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის პოლიტიკური სარეველაა, რომელსაც მოვლა არ სჭირდება. მასზე ისეთი რაღაცების თქმა შემიძლია, რომ დედამიწაზე თავი არ ექნება გამოსაყოფი, ამიტომ ცეცხლთან თამაშს ნუ გაბედავს!