ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 26-28 მარტს, სამი დღის განმავლობაში, რიგგარეშე სხდომებზე, 33-საკითხიანი დღის წესრიგით ისმენდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელთა ანგარიშებს.
რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები შედეგით წარმოდგენილ ანგარიშებს, ასეთივე შეფასება არგუნეს დეპუტატებმა, თუმცა, არ დასმულა ბევრი ისეთი კითხვა, რაც ანგარიშების წარმოდგენისას თავისთავად ჩანდა და ღიად ითხოვდა პასუხს.
“გურია ნიუსი” ესწრებოდა ყველა სხდომას და თავადაც სვამდა კითხვებს. არა ერთი კითხვა დაისვა დეპუტატებისგან, რომელთაგან ზოგიერთზე პასუხი სრულყოფილი იყო, ზოგიც ბუნდოვანი დარჩა. დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა, რომელიც ჩვენს რეგიონში ეკონომიკის გაძლიერებას ეხება.
ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა, როცა 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა, განსაკუთრებით გამოყო მუნიციპალური პროგრამა “გურიის ჩაის გზა”, რომლის მიზანია მოსახლეობის დასაქმება აგროტურიზმის განვითარების გზით. ამ პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთში “ჩაის ტურის” მოწყობა.
დეპუტატმა ნანული ორაგველიძემ უმნიშვნელოვანესი უწოდა და მოიწონა არაერთი პროგრამის შექმნა ამ სამსახურის მიერ, თუმცა, ჩაისთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და აუცილებელ პრიორიტეტად მიიჩნია გურიაში ჩაის აღორძინება:
_ კარგია ჟოლოს, მოცვის თუ სტევიას გაშენება, თუმცა, ჩაის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანა _ ამ კულტურას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. სახელმწიფომ არასრულად გამოაცხადა ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა, როცა 50%-იანი დაფინანსება გაახმოვანა. როგორც ჟოლოს თუ მოცვის კულტურის გაშენების პროგრამა გამოაცხადეს 100%-იანი დაფინანსებით, ასევე, უნდა მომხდარიყო ჩაის მიმართაც. არასრულყოფილი იყო ეს პროგრამა და მოსახლეობამ ამოძირკვა დაიწყო. ამიტომ, ჩაის რეაბილიტაციისთვის თქვენ მიერ უნდა დაისვას ასპროცენტიანი დაფინანსების საკითხი. ასევე, ძალიან კარგია, რომ აპირებთ მიწების თუ ხეხილოვანთა აღრიცხვას, თუმცა, აუცილებლად უნდა მოხდეს დარჩენილი ჩაის პლანტაციების _ დარეგისტრირებულის, დაურეგისტრირებელის თუ რეაბილიტირებულის აღრიცხვა. ეს იმის საშუალებას მოგვცემს, სად იქნება ჩაის გაშენების პერსპექტივა. გვაქვს თუ არა ადგილი. გარდა ამისა, ნერგების გამოყვანაზე ფიქრია საჭირო, _ თქვა მან.
ალეკო მამეშვილმა თქვა, რომ მას უკვე შესთავაზეს ჩაის სხვადასხვა ჯიშის ნერგი და სთხოვა ორაგველიძეს თავისთან მისვლა და ამ აქტუალურ თემაზე ერთობლივად შეჯერება.
ა(ა)იპ საბიბლიოთეკო-სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, გოგა ტრაპაიძემ პრობლემებზე პირველ რიგში ისაუბრა და გასული საანგარიშო პერიოდი, ფაქტობრივად, სამუზეუმო ექსპონატების გადარჩენისთვის ბრძოლის წლად შეაფასა:
_ გასულ წელს მუზეუმის მეორე ნაწილში დაწყებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია მუზეუმის შენობის დაზიანება. ექსპონატები ფონდსაცავში გადაიტანეს და ფაქტობრივად, თითოეული თანამშრომელი ამ ექსპონატების გადარჩენისთვის იბრძოდა, _ თქვა ტრაპაიძემ.
დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ დასვა კითხვა, ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის ფუნქციონირების შესახებ. იქ ფუნქციონირებს, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის მემორიალური კარმიდამო და მის შთამომავალს სურს, ეს სახელი ოფიციალურად ეწოდოს.
გოგა ტრაპაიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ორი სახლ-მუზეუმის არსებობა არასერიოზულია, რაც შეეხება მემორიალური კარმიდამოს შექმნას, ეს შეუძლებელი არ უნდა იყოს. იგივე თვალსაზრისი გამოთქვეს დეპუტატებმაც.
დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების” დირექტორის, თამარ ნადირიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, რომლის გაშუქებისას მან სლაიდები მოიშველია. თუმცა, მას ჩამოთვლილ ღონისძიებათა შორის, არ უხსენებია გასული წლის 11 აპრილს გამართული “პასკის ფესტივალი”, რომლის მოსაწყობად 4 800 ლარი გადარიცხა, რაც, ძირითადად, მოხმარდა ორგანიზატორთა ხელფასებს და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებს.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, ჰქონდა თუ არა უფლებამოსილება, რომ დაეფინანსებინა “პასკის ფესტივალი” და მიაჩნია თუ არა, რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯი, მან ბუნდოვნად გვიპასუხა და თქვა, რომ მაშინ ახალდანიშნული იყო. გარდა ამისა, მარტო ხელფასებზე არ გახარჯულა თანხა. გაკეთდა ბანერი და სხვადასხვა რამ, რაც ფესტივლისთვის სჭირდებოდათ.
თვალსაზრისზე, რომ ნებისმიერი ფესტივლის წინააღმდეგი არავინაა, თუმცა, როცა ფესტივალი არის კონკრეტული პირის იდეა და მას აქვს უფლება, მიმართოს მერიას პროექტის დაფინანსებისთვის და იქვე გაწერილი უნდა იყოს, რამდენპროცენტიან თანადაფინანსებას ახდენს ავტორი და რამდენს _ მუნიციპალიტეტი, არაფერი გვიპასუხა. ამ შემთხვევაში ფესტივალი მთლიანად ა(ა)იპ ორგანიზაციისგან დაფინანსდა. როცა მერიას ჰყავს კულტურის სამსახური, ფუნქციონირებს ა(ა)იპ ორგანიზაცია, რომელსაც უშუალოდ ამ ფუნქციის გახორციელება შეუძლია და ევალება კიდეც, რატომ ქირაობს სხვას ასპროცენტიანი დაფინანსებით? თუ კადრი არ გყავს, რატომ არ გყავს? აბა, რატომ გაქვს ნახევარმილიონიანი ბიუჯეტი? ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩება.
ერთობ კომიკური სახე მიიღო ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ “მერცხალის” დირექტორის, მამუკა გოგუაძის მიერ 2018 წლის ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ, შეფასების პროცედურამ. დეპუტატებმა ისაუბრეს კლუბში და სტადიონზე არსებული ე.წ. “ორხელისუფლებიანობის” და დაუსრულებელი დაპირისპირების, “დაუანგარიშებელი ანგარიშების”, არასწორად გაანგარიშებული ბიუჯეტის შესახებ, რამაც გამოიწვია ის, რომ ფეხბურთელებს თუ სხვა თანამშრომლებს ვერ მისცეს ხელფასი და გუნდი კატასტროფულად წავიდა უკან. საბოლოოდ, დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ, რომელსაც ძალიან მოეწონა არაერთი სამსახურის მუშაობა და ქება-დიდებაც არ დაიშურა, ამ შემთხვევაში შეუვალი პოზიცია დაიკავა და წამოაყენა წინადადება, მხოლოდ ცნობად მიეღოთ გამოსვლა და გოგუაძისგან მოითხოვა, ერთი თვის შემდეგ წარმოედგინა ანგარიში, სადაც პრობლემის აღმოფხვრის გზები იქნება დასახული.
ხუთი დეპუტატი ცნობად მიღების წინააღმდეგ წავიდა, დანარჩენები დაეთანხმნენ ერთი თვის შემდეგ ანგარიშის წარმოდგენას.
დეპუტატთა ერთმა ნაწილმა სამართლიანი გაკვირვება გამოხატა, თუ რა შეიცვლება ერთი თვის შემდეგ მოტანილი ანგარიშით.
თუმცა, ეს ანგარიშის მოსმენა იყო და ასე ვთქვათ, სამუშაო გეგმის წარმოდგენა, თუ როგორ გადაჭრან პრობლემები. მით უმეტეს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ თვეში, შესაძლოა, მამუკა გოგუაძე აღარ იყოს “მერცხალის” დირექტორი და აღნიშნულ თანამდებობაზე ის ზურაბ ჯუღელმა ჩაანაცვლოს, რადგან გოგუაძეს კლუბის მიერ იურიდიული ფორმის შეცვლის შემდეგ, უფლებამოსილების ვადა გაუვიდა.
შპს “ოზურგეთს მერცხალი” კი ოზურგეთის მერიას აუქციონზე გააქვს გასაყიდად. მყიდველიც ნაპოვნია _ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ლანჩხუთელი ბიზნესმენი კობა მირზაშვილია. აქედან გამომდინარე, კომიკურ ელფერს იძენს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მამუკა გოგუაძეს ერთი თვით გადაუვადდა “პრობლემების გადასაჭრელი” ანგარიშის წარმოდგენა.
მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის უფროსმა, კობა ხაბალაშვილმა თავისი ანგარიშის წარმოდგენისას განაცხადა, რომ 2018 წელს შემოწმდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორი სტრუქტურული ერთეული, სოციალური და ჯანდაცვის სამსახური და ოთხი ა(ა)იპ ორგანიზაცია. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულია კანონთან შეუსაბამო 135 მიგნება. გაიცა 52 რეკომენდაცია.
_ მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩვენი სამსახურის შეფასება, სადაც ნათქვამია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურს მნიშვნელოვანი მიგნებები აქვს გაკეთებული, _ თქვა ხაბალაშვილმა.
დეპუტატმა გელა ჩავლეშვილმა აღნიშნა, რომ უსამართლო და არასწორი გადაწყვეტილებაა მერიის მიერ მოქალაქეთათვის მედიკამენტებისთვის გასაცემი თანხის შეჩერება და კობა ხაბალაშვილს მიმართა კითხვით _ ბიუჯეტის კონკრეტული მუხლის ხარჯვის შეჩერების საფუძველი არის თუ არა ის, რომ ამოიწურა მუხლით განსაზღვრული ხარჯების ერთი მეოთხედი?
ხაბალაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, მუხლის ხარჯვა არ უნდა შეჩერდეს:
_ შეჩერება შეიძლება მოხდეს მხოლოდ საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ასეთი მოვლენის დაფიქსირების შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიწეროს შენიშვნა და გაიცეს რეკომენდაცია, _ თქვა მან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის ანგარიში, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან სანიკიძემ წარმოადგინა. მან თქვა, რომ 2018 წელს ამ სამსახურის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო მილიონ 585 000 ლარით და განახორციელა 19 სახის პროგრამა.
სანიკიძემ არა ერთ პროგრამაზე ამომწურავად ისაუბრა. კითხვები დაისვა სარიტუალო დახმარების პროგრამის მიმართ. დეპუტატებმა, ძირითადად, მოიწონეს წარმოდგენილი ანგარიში. თუმცა, არავის უკითხავს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული თუ მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარებისა და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამის მიზნობრივად გახორციელების შესახებ. კონკრეტულად, არსებობს თუ არა კონტროლი ამ მხრივ, ვის და რა დამსახურებისთვის ერიცხება თანხა, ვთქვათ, პირად ანგარიშზე, რომლის კონტროლი შემდეგ არ მომხდარა. მაგალითად, 26 მოქალაქეს, როგორც ითქვა, დახმარება გაეწია სახლის დასახური თუ სხვა სამშენებლო მასალით. თუმცა, “გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხდება ისე, რომ მოქალაქეს პირდაპირ საკუთარ ანგარიშზეც ურიცხავენ რამდენიმე ათას ლარს, რომლის კონტროლიც თითქმის ერთი წლის მანძილზე აღარ მომხდარა.
არის თუ არა ფულის ჩარიცხვა პირად ანგარიშზე არასწორი? უფრო გამჭვირვალეა თუ არ პროცესი, როცა მოქალაქეს შეუძენ სათანადო სამშენებლო მასალას, მიუტან, თან აკონტროლებ, რის პრაქტიკაც საკმაოდ დიდი აქვს მუნიციპალიტეტის მერიას? და თუ მაინც და მაინც ჩაურიცხავ, უნდა აკონტროლო თუ არა? _ ამ თემებზე “გურია ნიუსი” მუშაობს და ინფორმაციას მალე შესთავაზებს მკითხველს.