დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ თემში შემავალი ორი სოფლის _ წითელმთისა და შემოქმედის მოსახლეობის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, სოფლების, მაკვანეთისა და წითელმთის დამაკავშირებელ ხიდთან.
_მდინარე ბჟუჟზე კარიერები აღარ უნდა იყოს. წისქვილისას დაამსგავსეს მდინარის კალაპოტი. იღებენ ქვა-ღორღს და 70 ტონა ტვირთი მიაქვს მანქანებს. ბჟუჟის ხიდზე უკვე სერიოზული ბზარი გაჩნდა. რა გვეშველება? გეუბნებით, მთავრობას როცა გჭირდებათ, ხალხი გვერდით გიდგათ და ახლა თქვენ დაგვიდექით გვერდით, თორემ იცოდეთ, ცუდია ხალხის ბუნტი, _ უთხრეს ადგილზე მისულ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გია მიმინოშვილმა, დათო ჩხაიძემ, ავთო თოდრაძემ და სხვებმა.
გია და გოჩა მიმინოშვილებმა „გურია ნიუსთან აღნიშნეს, რომ მათ მშვიდობიანი აქცია მოაწყვეს და გზა არ გადაუკეტავთ. შეიკრიბნენ და მთავრობას წარუდგინეს თავიანთი მოთხოვნა.
_გზა არ გადაგვიკეტავს, ნუ გაგვამწარებენ, რომ ასეც ვქნათ. უნებართვოა ეს კარიერები, გაგვეცალონ აქედან! _ ამბობენ ისინი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტმა ბუნებრივი რესურსების სარგებლობის საკითხებში, ირინა ინარიძემ „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ ჩვენ მოვუსმინეთ მოსახლეობის წარმომადგენლებს და მათ გვერდით ვდგავართ. დავგეგმეთ შეხვედრა და შევჯერდებით, დავიცავთ მათ ინტერესებს.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიას „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.