ქალები, რომლებიც დღეში რამდენიმე ფინჯან ყავას სვამენ, ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი სწავლულები.
ამ მოვლენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ კვლევების ავტორები ამტკიცებენ, რომ კოფეინი ტვინში ქიმიურ პროცესებზე მოქმედებს.
ჰარვარდის სწავლულთა ჯგუფის ხელმძღვანელის, შვედი მკვლევრის, ბერტილ ფრედჰოლის აზრით, სწორედ კოფეინი აძლიერებს ცხოვრებისგან მიღებული კმაყოფილების გრძნობას და ენერგიის მოზღვავებას. ყავას, კოფეინის გარეშე, ასეთი ეფექტი არ გააჩნია.
ექსპერტების აზრით, საჭიროა ამ პრობლემის დაწვრილებით შესწავლა. მაგრამ, მათი აზრით, ჯერ ადრეა, დეპრესიისგან გასათავისუფლებლად ქალებს ყავის გაძლიერებული მოხმარება ურჩიონ.
კვლევების შედეგებით ქალებს, რომლებიც კვირაში მხოლოდ რამდენიმე ფინჯან ყავას სვამენ, 15 პროცენტით მეტად აქვთ დეპრესიის განვითარების რისკი, ვიდრე მათ, ვინც დღეში 2-3 ფინჯანს მიირთმევს. იმ ქალებში კი, რომლებიც დღეში 4 ფინჯან ყავას სვამდნენ, რისკი დაახლოებით 200 პროცენტით მცირდებოდა.
ყავის მოყვარული ქალები, ასევე ნაკლებად იტანჯებიან სიმსუქნის, მაღალი სისხლის წნევისა და დიაბეტისგან. სწავლულები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევის შედეგები ემთხვევა უფრო ადრეული კვლევების შედეგებს, როცა აღმოაჩინეს, რომ ადამიანთა შორის, რომლებიც ხშირად სვამენ ყავას, სუიციდის შემთხვევები ნაკლებია.