„რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს“,_აღნიშნული განცხადება RT-ს ინფორმაციით, კონგრესმენებთან აშშ-ს არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ გააკეთა.
„რუსეთი ბირთვული შესაძლებლობების გამო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების განადგურება შეუძლია“,_განაცხადა გენერალმა და დასძინა, შესაძლებლობის ქონა არ ნიშნავს, რომ რუსეთი გეგმავს მის გამოყენებას.
გენერლის განცხადებით, მოსკოვი სავარაუდოდ ამერიკის ინტერესებს საფრთხეს მომდევნო 20 წლის განმავლობაში შეუქმნის, რადგან ცდილობს დაიბრუნოს კონტროლი ისტორიული გავლენის სფეროებზე და ევროპის ეკონომიკა და უსაფრთხოების სტრუქტურები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
მისივე განცხადებით, რუსეთი ეცდება ნატოს ძირი გამოუთხაროს და ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს ყველა რეგიონში გამოიწვიოს.
მილის განცხადებით, ჩინეთი და რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დომინირების აღმოსაფხვრელად აგრესიულად ახორციელებენ მოდერნიზაციის პროგრამებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გენერალმა მსგავსი განცხადება 2015 წლის მიწურულსაც გააკეთა.
რუსეთიდან ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით საფრთხის შესახებ დასმულ კითხვაზე პრეზიდენტი ტრამპი პასუხობს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს და იმედოვნებს არაფერი მოხდება.