30 წელი 1989 წლის 9 აპრილიდან და 28 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან _ აღნიშნული თარიღები ლანჩხუთში სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნა. ჯერ ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ტაძრის წინამძღვარმა ცხრა აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. 9 აპრილის მომიტინგეებთან შეხვედრა და ამ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში. ასევე, ცხრა აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტო-გამოფენას, ფაქტების მოკლე ისტორიული მიმოხილვას, ცხრა აპრილის მოვლენების ლანჩხუთელ მონაწილეებთან შეხვედრას და დოკუმენტური კადრების ჩვენებას უმასპინძლა ოკუპაციის მუზეუმმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერების: გია ფირცხალაიშვილისა და გურამ გუჯაბიძის საფლავები. დასასრულს კი კულტურის სახლში ამ დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა.
„გურია ნიუსთან“ საუბარში 30 წლის წინანდელი ამბები გაიხსენეს იმ ადამიანებმა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მაშინდელ მოვლენებში.
„ცხრა აპრილის მოვლენებმა ეროვნული მოძრაობა უფრო მეტად დააახლოვა ხალხთან და იგი სახალხო გახადა. ძნელია იმის დავიწყება, რაც ლანჩხუთში ცხრა აპრილის შემდეგ დღეებში ხდებოდა. ქალაქის ცენტრში უამრავი ადამიანი იკრიბებოდა სანთლებითა და ყვავილებით ხელში. საღამოობით იწყებოდა მიტინგები, სადაც მოდიოდნენ დელეგაციები ლანჩხუთის სხვადასხვა საწარმოებიდან, მოქალაქეები გამოდიოდნენ სიტყვით.
იქნებოდა თუ არა სხვაგვარად, რომ არა ცხრა აპრილის ტრაგედია, განსჯა ძნელია, თუმცა, ფაქტია, რომ ის მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან ამ დღემ დიდი როლი შეასრულა ქართველი ერის კონსოლიდაციის საქმეში, ეროვნული დამოუკიდებლობის მისწრაფების გაღვივებასა და მერე ყველაფერი ამის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში“.
მაშინ დედაქალაქში მიმდინარე პროცესებისადმი მხარდამჭერი აქციები იმართებოდა რეგიონებშიც. გამონაკლისი არც ლანჩხუთი იყო, სადაც 1989 წლის რვა აპრილს ქალაქის ცენტრში საკმაოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართა, რომელმაც გვიან საღამომდე გასტანა, რაც პატარა რაიონისთვის მართლაც უჩვეულო რამ იყო.
„ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბერში მიმდინარე პროცესებისას ჩვენ დავუკავშირდით გია ჭანტურიას და მის ჯგუფს, რომლებთან ერთადაც ადგილზე შევქმენით პატარა გუნდი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: სოსო კვაჭაძე, რუსუდან ებრალიძე, დოდო გუგეშაშვილი და კიდევ რამდენიმე პატრიოტულად განწყობილი ადამიანი. სწორედ ჩვენმა ჯგუფმა, 1989 წლის აპრილში მიიღო გადაწყვეტილება, შეერთებოდა დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს და ლანჩხუთში, ცენტრალურ სკვერში, სადაც ღია ამფითეატრია, გაგვემართა მიტინგები. ლანჩხუთი მესამე ქალაქი იყო, სადაც მსგავსი აქცია გაიმართა.
მიტინგისთვის თავისუფალი საქართველოს დროშა თბილისიდან ჩამოგვიტანეს, მეგაფონი კი პირველი საშუალო სკოლიდან წამოვიღეთ. სამასი-ოთხასი კაცი ესწრებოდა აქციას, რომელმაც რვა აპრილის გვიან საღამომდე გასტანა იმ განწყობით, რომ დილას ისევ შევიკრიბებოდით, თუმცა, ცხრა აპრილის დილას გავიგეთ შემზარავი ტრაგედიის შესახებ“, _ იხსენებს ლანჩხუთში მაშინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვახტანგ ზენაიშვილი. დღევანდელი გადასახედიდან ის თვლის, რომ ცხრა აპრილის მონაპოვარის შენარჩუნებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ ვივლით ნაცადი ევროპული გზით, რომელიც არის თავისუფალი ბაზრების და შეზღუდული სახელმწიფოს გზა.
„მინდა ცხრა აპრილს დაღვრილთა სისხლი უკვალოდ არ გაქრეს და ევროპის კარი, რაც შეიძლება მალე შევაღოთ. ცხრა აპრილი წყალგამყოფია ბოლშევიკურ და ლიბერალურ-დემოკრატიულ აზროვნებას შორის“.
30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა, დილის ოთხ საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, მანიფესტაციის დაშლის დროს 16 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი ორსული, ყველაზე ახალგაზრდა კი 16 წლის გოგონა გახლდათ. ამ სისასტიკეს სულ 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებებით კი 2000-მდე მომიტინგე მოიწამლა.
ფაქტობრივად, ეს იყო ეროვნული მოძრაობის პიკი, როდესაც რამდენიმე ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეებმა, რომლებთაც დამოუკიდებლობის კომიტეტი ხელმძღვანელობდა, მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით.