11 აპრილს, ოზურგეთში ტაქსის მძღოლების აქცია მოეწყო. თავიდან, აქციის მონაწილეები, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრთან შეიკრიბნენ. მათ, როგორც თავად თქვეს, სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში მომუშავე ტაქსისტებს. ასევე, პროტესტს გამოთქვამდნენ ტექდათვალიერების მიუღებელი პირობების გამო.
ტაქსის მძღოლები მანქანების საყვირების ხმით მივიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან. მათ აქციას ორგანიზებას უწევდა ოზურგეთის “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატი დავით მამალაძე. მან თქვა, რომ “ლეიბორისტული პარტიის” ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც ტარდება აქციები:
_ ოზურგეთელი ტაქსისტები სოლიდარობას უცხადებენ თბილისელ ტაქსის მძღოლებს. დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დადგენილი რეგულაციების წინააღმდეგნი ვართ. მათ არ იკმარეს მითვისებული წიაღისეული სტრატეგიები და ახლა ტაქსისტებს ჩაუყვეს ჯიბეში ხელი. ოღონდ საკუთარი ოჯახები და ცოლ-შვილი ჰყავდეთ უზრუნველყოფილი, სხვას არ დაეძებენ, _ თქვა “გურია ნიუსთან” დავით მამალაძემ.
თბილისში, ტაქსების მძღოლებს ქალაქ მერისგან მიეცათ გადაღებვის ან თეთრი ფირის გადაკვრის არჩევანი, მაგრამ თავად წინააღმდეგი წავიდნენ, რადგან, მათი აზრით, ეს მანქანების ფასს დასცემს:
_ კახა კალაძეს არ უჭირს და ვერ ხვდება სხვების გაჭირვებას. ტაქსების გადაღებვა და ორჯერ ტექდათვალიერება დანაშაულია, _ ხმამაღლა გამოთქვამდნენ ისინი პროტესტს.
ნოდარ ბუცხრიკიძე, ტაქსის მძღოლი:
_ ან თავი დაგვანებონ, ან სამსახური გვიშოვონ და ხელფასი მოგვცენ. ქუჩაში წანწალი ვის უხარია? ჯერ მაგ მხრივ მოაწესრიგონ საქმე და მერე მოვწესრიგდებით ჩვენც.
ვლადიმერ გოლიაძე, ტაქსის მძღოლი:
_ ჩვენ მოგვდგნენ ახლა, საწყალ ხალხს, თითქოს, სხვა ყველაფერი დალაგებულია. სამუშაო მოგვცენ, დაგვასაქმონ და სულ არ მინდა ეს “ტაქსაობა”.
გიზო ღლონტი, ტაქსის მძღოლი:
_ წელიწადში ორჯერ “ტეხასმოტრის” გაკეთებას ეხუმრები? ტრაფარეტს მოგცემთ უფასოდო. მაგი კალაძემ დაიბნიოს ზურგზე. ადამიანებივით დაგველაპარაკონ _ ჩვენ გვინდა სამუშაო!
მერაბ ხინთიბიძე, ტაქსის მძღოლი:
_ მარტო “სტაიანკის” ფულს დღეში ლარს ვიხდით. თუ ვერ გადაიხადე, უცებ ათლარიანი ჯარიმაა დაწესებული. დილის ოთხ საათზე გამოვდივართ სახლიდან, თორემ რიგი ან მოგიწევს, ან _ არა. თუ არ მოგიწია,რჩები იმ დღეს მშიერი. როგორია, სახლში რომ მიხვალ და ბავშვი გეტყვის, მამა, კანფეტი რატომ არ მომიტანეო? კანფეტს ვინ ამბობს, პურს ვერ ვიყიდით. სამუშაო გვინდა და მთავრობამ ჯერ ამაზე იფიქროს.
ერთგვარი შემაჯამებელი სიტყვა თქვა ტაქსის მძღოლმა კოტე დოლიძემ:
_ რეგულაციების წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ. ადამიანს, მძღოლს, მგზავრი თუ არ გიყვარს, თავი ხომ გიყვარს? გაუმართავი მანქანით სულელის მეტი ვინ გამოვა სახლიდან. ვითხოვთ შეღავათიან პირობებს. ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა კარგია, მაგრამ მაშინ ევროპული ყოფა-ცხოვრებაც მოგვიწყონ აქ. იყოს სამუშაო ადგილები და ყველაფერი ევროპულად. აქ არიან მძღოლები, ზოგს ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისელ ტაქსის მძღოლებს, _ თქვა დოლიძემ.
ლეიბორისტმა დავით მამალაძემ აქციის დასრულებისას განაცხადა, რომ ასე სოლიდარულები, როგორც დღეს არიან ტაქსისტები საქართველოში, დიდი ხანია, არ ყოფილა მოსახლეობა, რაც აუცილებლად მოიტანს წარმატებას.