პანკისის ხეობაში გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ სიმშვიდეა. დღის განმავლობაში ადგილობრივები შეხვედრის გამართვას აპირებენ და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან. როგორც აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.
ამავდროულად მოსახლეობა მზად არის მიიღოს ხელისუფლების შეთავაზება და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. ადგილობრივები ამბობენ,რომ არ დაუშვებენ ვინმეს დაკავებას.
„რა საჭირო იყო ჯარის ამოყვანა? ვინ უნდა დაიჭირონ? რომელი ერთი უნდა დაიჭირონ? ყველანი ვიყავით მონაწილე,“ _ ამბობს ადგილობრივი ნოდარ ბორჩაშვილი.
პანკისელების პროტესტს შს მინისტრის ის განცხადება იწვევს, სადაც გიორგი გახარიამ თქვა, რომ კადრები გაიშიფრება და ყველა, ვინც დაპირისპირებაში მონაწილეობდა და კანონს არღვევდა დააკავებენ.
პანკისის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ ისევე გააპროტესტებენ ხეობელების დაკავებას, როგორც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
„გამოვალთ როგორც გუშინ. ვისაც დაიჭერენ გამოვიყვანთ. იგივე მდგომარეობაში ვიქნებით. მშვიდობიანად მივედით, იქაც მივალთ. ხეობას თუ დაიჭერენ დაიჭირონ კაცო. უნდათ, რომ აქედან აგვყარონ, სხვა არაფერი,“ _ ამბობს იუსუფ ბორჩაშვილი.
ამ დროისთვის საავადმყოფოში 16 პაციენტი რჩება. მედიკოსების განცხადებით, დაშავებულთა უმრავლესობა სამართალდამცველია, რომელთაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. სულ სამედიცინო დახმარება ორმოცამდე დაშავებულს დაჭირდა.