„მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყონ უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ბავშვების დასახმარებლად განსაკუთრებული ზომების მიღება. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას და ბოდიშს ვუხდი როგორც რიგითი მოქალაქე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მარტვილში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი მოიკლა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ 15 წლის ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა. ოჯახის წევრები ბავშვის შიმშილით სიკვდილს უარყოფენ და ითხოვენ, ამ თემით მანიპულირება შეწყდეს.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.