გასულ უქმეებზე, ზესტაფონში გაიმართა რესპუბლიკური ტურნირი 2004-2005-2006 წლებში დაბადებულ ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა შორის, რომელშიც მონაწილეობდა ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მოჭიდავეთა ნაკრები გუნდი.
ლანჩხუთელთა მწვრთნელის, დავით მჟავიას ინფორმაციით, ამ ტურნირში კიდევ ერთხელ უნდა დაემტკიცებინათ და გაემყარებინათ ადგილი ეროვნულ ნაკრებში იმ მოჭიდავეებს, რომლებმაც ორი კვირის წინ ჩატარებულ საქართველოს პირველობაზე გაიმარჯვეს. ასევე, უნდა გარკვეულიყო იმ მეორე ნომრების ვინაობაც, რომლებიც ოთხ წონით კატეგორიაში ევროპის პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას.
„სასიხარულოა, რომ ჩვენი გუნდის ლიდერმა თამაზ ღლონტმა ისევ შეძლო ოქროს მედლის მოპოვება, რითაც დაუმტკიცა ყველას, რომ ის ამ U -15 წლამდე ასაკში და ასევე, მასზე უფროს Ú-17 წლამდე ასაკში, უდავოდ ლიდერია 44კგ. და 45კგ. წონით კატეგორიაში. კარგად იასპარეზა 52 კილოგრამ წონაში თამაზ აბაშიძემაც. მან ტოლი არ დაუდო მასზე უფროს მოჭიდავეებს და 4-დან სამი შეხვედრა მოიგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც დიდია ალბათობა, საქართველოს ნაკრებშიც მიიწვიონ. ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვს ჩვენებურ ოთარ ჯანელიძესაც, რომელმაც მართალია ორი შეხვედრა აშკარა უპირატესობით მოიგო, თუმცა, საბოლოოდ, მეხუთე ადგილზე გავიდა“, _ ამბობს დავით მჟავია.