ლანჩხუთში, მერიის შენობის მიმდებარედ, სარაგბო კომპლექსის აშენება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაანონსდა და ადგილზე გარკვეული სამუშაოებიც გახორციელდა, თუმცა, ირკვევა, რომ პროექტი ჩაშლის პირასაა.
კომპლექსის მშენებლობის იდეის ავტორი და დამფინანსებელი რუსეთში მცხოვრები, სოფელ ქვიანის მკვიდრი, გიორგი ფირცხალაიშვილი გახლდათ. მისი ერთადერთი ვაჟი რუსეთის ქალაქ როსტოვის სარაგბო გუნდის წევრი იყო და დიდი მომავალიც ჰქონდა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ 19 წლის ვაჟკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. სწორედ შვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად გადაწყვიტა გიორგი ფირცხალაიშვილმა, სპორტის ეს სახეობა აეღორძინებინა ლანჩხუთში და საკუთარი ხარჯებით ქალაქის ცენტრში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, სარაგბო კომპლექსის აეშენებინა, რომელსაც შემდეგ უსასყიდლოდ გადასცემდა მუნიციპალიტეტს.
ამ ჩანაფიქრს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დადებითად შეხვდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე, წინასწარი, სიტყვიერი თანხმობით, მიწის ფართიც გამოყო სარაგბო კომპლექსის ასაშენებლად და ასევე, სიტყვიერი გარანტიაც შეაშველეს ბიზნესმენს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდოდა.
წინასწარი მონაცემებით, ქალაქის ცენტრში უნდა მოწყობილიყო ორი სარაგბო სტადიონი _ ძირითადი და სათადარიგო, თავისი ინფრასტრუქტურით, გასახდელებითა და სველი წერტილებით. ძირითად მინდორს გაუკეთდება ტრიბუნა, დაახლოებით, 750 ადამიანზე გათვლილი და თანამედროვე ტაბლო. ასევე, ადმინისტრაციული შენობა, სატრენაჟორო დარბაზი და პატარა სასტუმრო, რომელიც საწვრთნელ შეკრებებს მოემსახურებოდა.
აღნიშნული პროექტის ჩაშლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, კახა ასკურავამ გააკეთა.
„საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სრულიად უსასყიდლოდ მოეწყო რაგბის სტადიონი, ყველა თავისი საჭირო მოწყობილობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც თავად მერიამ შესთავაზა, უარი განაცხადა. ათი ათასი ლარი, რომელიც უკვე დახარჯული ჰქონდა, მითითებული ადგილის მოსასწორებლად, უბრალოდ, წყალში გადააყრევინეს.
დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში, მერიამ ის ვერ გაარკვია, მათსავე მითითებულ ადგილზე შეძლებდა თუ არა საბოლოდ ამ კეთილ ადამიანს მოეწყო სტადიონი.
საბოლოოდ კი, ამ მეტად საშურის საქმის ჩაშლის მიზეზი, უაზრო ბიუროკარტიული ბარიერების გარდა, კერძო პირების პირადი ინტერესებიც გახდა…“ _ წერს ასკურავა და აქვე აანონსებს, რომ „ის მაგარი კაცი მაინც მოაწყობს რაგბის სტადიონს, ოღონდ თავად მიიყვანს მის წამოწყებულ საქმეს ბოლომდე. საქმის ბოლომდე მიყვანის ყველანაირი გაგებით“.
მერიაში აღნიშნული პროექტის შეჩერების ფაქტს ადასტურებენ და ზოგადი განმარტებით შემოიფარგლებიან, რომ მშენებლობის შეჩერება გარკვეულმა ობიექტურმა მიზეზმა გამოიწვია. თუმცა, კონკრეტულად რა „ობიექტური პრობლემების“ გამო ემუქრება პროექტს ჩაშლა, ამაზე მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ.
ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის მიერ გაკეთებული განმარტებით, ის ყველანაირად გვერდში დაუდგა ამ პროექტს, მაგრამ მოხდა გაურკვევლობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თუმცა, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ კარგი საქმის ბოლომდე მიყვანა მოხერხდეს.
ის, რომ აღნიშნულ პროექტს ჩაშლა ემუქრება, ფაქტია, თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, არა ბიუროკრატიული ბარიერების გამო, არამედ კერძო პირების ინტერესების გადაკვეთის მოტივით. მათი არგუმენტით, ტერიტორია, სადაც ბიზნესმენი მერიასთან შეთანხმებით სარაგბო კომპლექსის აშენებას გეგმავდა, „კონფლიქტში მოვიდა“ იქვე არსებულ ორ ბიზნესთან _ ჩაისა და თხილის გადამამუშავებელ საწარმოებთან. აქვე, მერიის მიერ რაგბის მოედნისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე, „გამწვანების სახელით“ ხეებია დარგული ერთ-ერთი კერძო პირის მიერ.
ის, რომ ტერიტორიასთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა მართლაცაა, რაგბისთვის გამზადებულ ფართსა და მის მომიჯნავედ უკვე არსებულ მცირე ბიზნეს შორის, ამას მხარეები პირად საუბრებში არ უარყოფენ, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარი არც ერთ მხარეს არ სურს. ერთადერთი, რასაც ბიზნესმენი გიორგი ფირცხალაიშვილი ამბობს, ისაა, რომ იგი დაღალა გაურკვევლობამ.
„ერთი წელია უკვე თითქმის გასული, რაც ეს საქმე წამოწყებულია და კონკრეტული პასუხი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერ მივიღეთ. ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელზე ვაკეთებ ამ ყველაფერს და არ მინდა ვინმესთან სადაო დარჩეს რამე, ამიტომ მირჩევნია, ეს სტადიონი ჩემსავე სოფელში გავაკეთო, ტერიტორიასაც თავად შევიძენ და ყველაფერს პირადად მივხედავ“, _ ამბობს გიორგი ფირცხალაიშვილი.