მსახიობი და ბიზნესმენილევან ჯიბღაშვილი პროკურატურამ 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჯიბღაშვილმა გლდანის საპყრობილე გვიან ღამით დატოვა. სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებასთან მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მათ შორის იმაზეც, რომ გავრცელდა მისი ფოტო შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან ერთად.
“იმდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ შეფასება ძალიან რთულია. არ მისარგებლია ჩემი პირადი კონტაქტებით ცხოვრებისეულ არც ერთ ეტაპზე, მით უმეტეს, როდესაც მომივიდა შეცდომა. არასდროს ვისარგებლებდი ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენით.
კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, გამარჯობაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. სასამართლოზე მადლობა გადავუხადე ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ობიექტურები იყოთ, რადგან თქვენმა არასწორად ინტერპრეტირებულმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს როგორც ჩემი ბედი, როცა სასამართლო არ არის სრულად დასრულებული, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანის ბედი.
ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს ყველაფერი, ჩემია და დანარჩენ ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავთქვამ. ჩვეულებრივად, თბილისში, ორთაჭალაში მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ეს დაადასტურა გამოკვლევამ. ვიხვეწებოდი, დამარეკინეთ, დაესწრონ ჩხრეკას-მეთქი. შემთხვევით დამინახა ჩემმა მეგობარმა და დაიწყო რეკვა ჩემს ახლობლებთან და ამის შემდეგ მოვიდნენ ადვოკატები. ელემენტარულად, დარეკვის საშუალებაც არ მომეცა“, – განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა.
ამასთან, ლევან ჯიბღაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რომელი ნარკოტიკი აღმოუჩინეს.
„მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან არ დასრულებულა პროცესები, დროებით ვარ გარეთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მედიას, რომ იყოს ობიქტური, რადგან არასწორმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს დღეს ჩემი ბედი და ხვალ ნებისმიერი ადამიანის ბედი, რომელიც ჩემს ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც არავის ვუსურვებ“, _ აღნიშნა ლევან ჯიბღაშვილმა.
მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობისთვის მზადაა.