ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა ჩაატარეს საცეკვაო მოძრაობების მკაცრი ანალიზი, რომლებიც მამაკაცებს ქალთა თვალში მიმზიდველს ხდის.
როგორც მკვლევრები ამტკიცებენ, კარგ მოცეკვავეებს საუკეთესო ჯანმრთელობა აქვთ და, შესაბამისად, კარგი რეპროდუქციული პოტენციალი გააჩნიათ.
როგორც ბრიტანეთის ნორტუმბრიის უნივერსიტეტის ევოლუციური ფსიქოლოგიის სპეციალისტმა, დოქტორმა ნიკ ნივმა განაცხადა, სწავლულებმა პირველად სცადეს, შეემოწმებინათ იმის ინტუიტიური გაგება, თუ რას წარმოადგენს კარგი და ცუდი მოცეკვავე საცეკვაო მოძრაობების ბიომეტრიული ანალიზით.
სწავლულებს ექსპერიმენტის დაწყების წინ მიაჩნდათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხებისა და ხელების გამომეტყველებითი მოძრაობები. ამიტომ, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ქალები ფეხებისა და ხელების მოძრაობის ნაცვლად ტანის, კისრისა და თავის მოძრაობას აკვირდებოდნენ, ასევე, ყურადღებას ამახვილებდნენ მოცეკვავის ენერგიულობაზე, იმაზე, როგორ ამრავალფეროვნებდნენ მამაკაცები მოძრაობებს, ავლენდნენ თუ არა სტილურობას და შემოქმედებით შესაძლებლობებს.
კვლევების დროს დადგინდა, რომ ცეკვა არის ძალზე მოქმედი მეთოდი იმისთვის, რომ ადამიანმა მიიქციოს მოწინააღმდეგე სქესის ყურადღება. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მამაკაცი, ისევე, როგორც მამრი ცხოველებში, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყოს, რათა რთული საცეკვაო მოძრაობები შეასრულოს და სწორედ ამით იზიდავენ ისინი ქალებს.
ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცთა სისხლის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს, რომლებიც კარგ საცეკვაო შესაძლებლობებს ავლენდნენ, უკეთესი ჯანმრთელობა ჰქონდათ, ვიდრე ცუდ მოცეკვავეებს.