„ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა ისეთ პერიოდს დაემთხვა, როცა საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა აკრძალული იყო და ფარულად ვმონაწილეობდით. – იგონებს ბატონი ნიკო ლეკიშვილი.
წითელი კვერცხით სკოლაში რომ გამოჩენილიყავი, არც შენ დაგადგებოდა კარგი დღე და არც მშობლებს. მე-6 კლასში ვარ, წავიღე სკოლაში სააღდგომო კვერცხები, მოვქუჩდით მყუდრო ადგილას ერთი ათი ბიჭი და წავიდა გახურებული შეჯიბრი დამტვრევაში. როგორც წესი, გამარჯვებული მოწინააღმდეგის გატეხილ კვერცხს თავის ჯიბეში იდებდა, რომ მერე შეეჭამა. აზარტში ვართ შესული და უცებ სასწავლო ნაწილის გამგე წამოგვადგა თავზე:
_ ჰაიტ, თქვე სამარცხვინო პიონერებო! მე თქვენ გასწავლით ჭკუას! – მოგვხვია ყველას ხელი და დირექტორთან, ალიოშა ცინცაძესთან შეგვიყვანა, შესანიშნავი პიროვნება იყო, ტრადიციების დიდი მიმდევარი.
– ამხანაგო დირექტორო, – ეუბნება, – ესენი საბჭოთა ქვეყნის პროლეტარიატისა და კომუნიზმის მტრები არიან. სკოლაში წითელი კვერცხებით მობრძანდნენ და ერთმანეთს ურტყამდნენ.
– რას მელაპარაკები! – გაიკვირვა, – აბა, რომელმა გაიმარჯვა?
– მე, – ამოიკნავლა ერთ-ერთმა, მაგრამ თქმა არც უნდოდა, ისე ჰქონდა გამობერილი ჯიბეები ჩვენი გატეხილი კვერცხებით.
– პატიოსნად მოიგე?
– კი, – ლამის ატირდა.
– რა ქათამმა დადო ამისთანა? – გაოცდა ბატონი ალიოშა და ჯიბიდან წითელი კვერცხი ამოიღო, – მოდი, ჩამირტყი.
სასწავლო ნაწილის გამგეს პირი დარჩა ღია. გაწითლდა, გამწვანდა, ხმას ვეღარ იღებს.
– ტრადიციის დავიწყება არ შეიძლება, – გახედა დირექტორმა.
– ახლავე მოვალ, – კარისკენ გაიწია.
– რად მიდიხარ?
– ჩანთაში კვერცხი მეც მიდევს, მოვიტან…“