„ქართული ოცნება“ დიდი ხანია, მწყობრიდანაა გამოსული. ეს პარტია ისეთი ტიპის კრიზისშია შესული, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა აღარ ძალუძს. დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან დეზორიენტირებული და დემორალიზებული ადამიანები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვის გამო ძალაუფლება მოიპოვეს”, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები სამარცხვინოა.
_ ბატონო დავით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ე.წ. ტვიტის გამო საქართველო ლამის საერთაშორისო სკანდალში გახვია. კერძოდ, საუბარია ზურაბიშვილის მიერ გაზიარებულ დონალდ ტრამპის პოსტზე, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტსა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს ” მძინარას” უწოდებს. როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო ასპარეზზე რამდენად დამაზიანებელია?
_ აღნიშნული ფაქტი ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი არ იქნება, მაგრამ საქართველოს არასერიოზულ ქვეყნად წარმოაჩენს. სალომე ზურაბიშვილის ქმედება არა იმდენად სახიფათოა, რამდენადაც სამარცხვინო ფაქტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახსნა-განამარტებები შესაძლო შეცდომასთან დაკავშირებით კიდევ უფრო არაკომპეტენტურად და ამავე სტრუქტურის დამაზიანებლად გამოიყურება. მინდა ქვეყანას ჰყავდეს სოლიდარულობითა და გულისხმიერებით გამორჩეული პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარი შეცდომების სხვისთვის გადაბრალების ნაცვლად, საზოგადოების პრობლემების საკუთარ თავზე აღება შეეძლება. გარკვეული შეცდომა ყველა ადამიანს მოგვდის, მაგრამ ზურაბიშვილი პრობლემების მოგვარების პროცესს ისე უმკლავდება, რომ აღნიშნული ორმაგად აზიანებს.
_ დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ მეზობელი ქვეყანის მიერ უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა. დღეს კი აღნიშნულ ტერიტორიას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გაზრდილი რაოდენობით აკონტროლებდნენ. როგორ ფიქრობთ, საქართველოსა და აზერბაიჯანის დემარკაციის პროცესში სადავო ტერიტორიის კუთვნილება ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდება?
_ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დავით გარეჯის კომპლექსი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეინარჩუნოს. პრობლემა სწორედ იმაშია, დავით გარეჯის კუთვნილებასთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განსხვავებული ხედვა არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2012 წელს ქვეყნებს შორის ვითარების გამწვავების ფაქტი დაფიქსირდა, ამ პერიოდის შემდგომ კი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახდა. სანამ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული თემა წინ წამოიწეოდა, რაც კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იყო, მანამდე სამუშაო ვითარებაში მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმება უნდა მიღწეულიყო, რასაც სერიოზული მუშაობა სჭირდებოდა.
_საქართველოში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, საქსტატის მონაცემების თანახმად, 2018 წელს ქვეყანა თითქმის 100 000-მა ადამიანმა დატოვა, რაც წინა პერიოდთან შედარებით, 16%-იან ზრდას ნიშნავს. „ქართულ ოცნებაში“ გაზრდილ მიგრანტთა რაოდენობას მეტწილად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას უკავშირებენ. თავად რას თვლით ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინების მთავარ ფაქტორად?
_საქართველოში მიგრაციის გამომწვევი ბევრი მიზეზია, მათ შორის, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება. ქართველები სიცოცხლისუნარიანი არსებები ვართ, გაჭირვების გადატანა არ გვესწავლება, მაგრამ აღნიშნულის გამომწვევი ერთ-ერთი მთავრი ფაქტორი ხალხში არსებული ხვალინდელი დღისადმი უიმედო დამოკიდებულებაც არის. ასევე, პოლიტიკაში დამანგრეველი პროცესები ვითარდება, რაც ხალხს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს.
_“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან მეშვიდე წლისთავზე მმართველი პარტიის წარმომადგენელების მხრიდან გაცნობიერებულია ის შეცდომები, რომლებმაც საზოგადებაზე ნაგატირური გავლენა მოახდინა, ხალხის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრება ვერ გააუმჯობესა ან სამართალი ვერ აპოვნინა?
_ „ქართული ოცნება“ დიდი ხანია მწყობრიდანაა გამოსული. ეს პარტია ისეთი ტიპის კრიზისში იმყოფება, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა აღარ ძალუძს. დღეს „ქართლი ოცნებაში“ არიან დეზორიენტირებული და დემორალიზებული ადამიანები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვის გამო ძალაუფლება მოიპოვეს. პანკისის მოვლენებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვაჩვენა, რა დონეზეა მთავრობის არაკომპეტენტურობა და არაკოორდინირებულობა, რაც ძვირად დაუჯდებათ. ამ პროცესში, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოზიტიური და დამაბალანსებელი როლი კი არ ითამაშა, პირიქით, ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მის მიერ დაშვებული საკმაოდ სერიოზული შეცდომაა. ფაქტია, ზურაბიშვილის განცხადებები მთლიანად მოსკოვის რიტორიკაშია ჯდება, რაც საქართველოს პრობლემაა.