მსახიობი ტრისტან სალარიძე ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებს.
„შატილში ვიყავით გოდერძი ჩოხელის ფილმის “მიჯაჭვული ამირანის” გადასაღებად. მთავარ როლებში არიან დონ კოხოტი – კახი კავსაძე, სანჩო პანსა – გივი ბერიკაშვილი, ლუარსაბ თათქარიძე – რამაზ ჩხიკვაძე და მისი შინაყმა – დათო ვარ მე. ჩემი ვაჟი გიორგი, რომელიც კინოს საოპერატოროზე სწავლობდა, შემეხვეწა, მეც თან წამიყვანეო. ავუსრულე ოცნება და წავედით ხევსურეთში.
ეს ჩვევა აქვს რამაზ ჩხიკვაძეს, საიდანაც არ უნდა მოვდიოდეთ, თბილისში რომ შემოვალთ, აუცილებლად უნდა შევიდეს სადმე რესტორანში და კეთილად დაბრუნება აღნიშნოს.
ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ თბილისში ვბრუნდებოდით. ამჯერად, თქვა – მცხეთაში შევიდეთ და ერთი ბოთლი მოვცხოთო. შევედით რესტორანში, მზარეული კიტრს ჭრიდა, ჩვენ ფილმის ფორმებით შევედით, მე და ლუარსაბი – ჩოხებით, გიორგი სპორტულად ჩაცმული, მოხეტიალე რაინდებიც შესაბამისი სამოსელითა და საჭურვლით. უცნაური სტუმრების დანახვაზე მზარეულს დანა გაუვარდა ხელიდან და პირი გაღებული დარჩა. მერე ვიღაცამ უთხრა, მსახიობები არიანო და გონს მოვიდა, გვიცნო კიდეც, თავი სინანულით გადააქნია და შევიდა „მთლად უფროსის“ დასაძახებლად. იმანაც, გაიხარა, გვეფერა და გვითხრა, ჩემს მოსვლამდე ღვინო არ დალიოთო, მოარბენინა ოცლიტრიანი ბოცა და რამაზმაც მოსცხო თამადობა.
კუპეები მიატოვა ხალხმა და ჩვენ შემოგვიერთდა, მთელი რესტორანი ერთ სუფრად იქცა, ჩვენც გაგულისებულებმა „ბოლომდე ამოვცხეთ მწყერ-ოფოფები” და რიჟრაჟიც დავლოცეთ. თუმცა, თამადის გეგმის თანახმად, მხოლოდ ერთი ბოთლი უნდა დაგველია ხუთ კაცს.
აი, ასე იქცევა ხოლმე ერთი ჭიქა მთელ ზღვად. მერე გიორგი ამბობდა, თქვენს გვერდით შატილიც ლეგენდაა, მცხეთაც და ყველაზე ღარიბი სოფლის ტალახიანი ორღობეცო. ამით გამოხატა მადლიერება ხევსურული ოდისეისთვის.მეც ასე ვფიქრობ, უფრო დიდ „სულიერ მემკვიდრეობას“ ვერ დავუტოვებ შვილებს, ვიდრე მხიარული და თავშესაქცევი ამბების მოგონებებს“.