2019 წლის 15 მაისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ყოფილი კადეტთა კორპუსი, თბილისი, რუსთაველის გამზირი, 27) გაიხსნება წურაბ წერეთლის გამოფენა ,,ჩარლი ჩაპლინი თბილისში”.
თბილისი (ტფილისი 1936 წლამდე) ერთი იმ ქალაქთაგანია, რომლის მჩქეფარე ცხოვრებისათვის დამახასიათებელი იყო მრავალფეროვანი, მდიდარი და ორიგინალური ცხოვრების სტილი, ტყუილად კი არ უწოდებდნენ თბილისს ,,სახლი მხიარულებისა”.
XIX საუკუნის შუა წლებში თბილისში გაიხსნა იტალიური ოპერა და ლამის მთელი თბილისი ოპერის არიებს მღეროდა. მოგვიანებით გამოჩნდა ცირკი – სამყარო, სადაც ყველა კარგად გრძნობს თავს – ბავშვებიც და უფროსებიც.
ცირკის ბობოქარმა პალიტრამ, განსაკუთრებით კი მასხარამ, Commedia Dell’arte პერსონაჟმა პიერომ, ბევრი მხატვარი მოხიბლა, მათ შორის დომიე, რენუარი, დეგა, პიერო ვატო, პიკასო, ფერნან ლეჟე, ვასილი შუხაევი, ჯორჟ რუო და სხვები. ცირკმა მონუსხა ცნობისმოყვარე და მგრძნობიარე ბიჭუნა ზურაბ წერეთელიც. ცირკის თემას, რომელიც ყოველთვის ახლობელი იყო წერეთლისათვის, მან წლების განმავლობაში ხელოვნების მრავალი ნიმუში მიუძღვნა. ტანმოვარჯიშეებმა, ილუზიონისტებმა, აკრობატებმა და მასხარებმა მომავალ მხატვარს შესთავაზეს დინამიურობითა და დრამატიზმით აღსავსე, მდიდარი, ნათელი, მხიარული სამყარო. როგორც ერნესტ ჰემინგუეი ამბობდა: ,,ცირკი ერთადერთი წარმოდგენაა, როდესაც გიჩნდება გრძნობა, რომ შენ გძინავს და ხედავ ნამდვილად ბედნიერ სიზმარს…”
ცირკის მსახიობები ითვლებოდნენ სოციალურ აუტსაიდერებად, ისინი ღარიბები იყვნენ, მაგრამ დამოუკიდებელნი. ზურაბ წერეთლის ცირკთან დაკავშირებული ტილოები ეხმიანება მარკ შაგალის სიტყვებს: ,,ცირკი! მაგიური სიტყვა, მრავალსაუკუნოვანი გასართობი აღლუმი, სადაც ცრემლი, ღიმილი, ხელის თუ ფეხის მოძრაობა მაღალი ხელოვნების ხარისხს იძენს. და რას ღებულობს სამაგიეროდ ცირკის მსახიობი? პურის ქერქს. ღამეს განმარტოება და ნაღველი მოაქვს, რომელიც მომდევნო დღემდე გრძელდება და ისევ ძველი ცხოვრების განახლებას უქადის. ჩემთვის ცირკი ყველაზე ტრაგიკული სპექტაკლია”.
განსაკუთრებული ადგილი ზურაბ წერეთლის შემოქმედებაში ფრინველებს და ცხოველებს უჭირავს, რომელთაც მხატვარი ადამიანურ თვისებებს ანიჭებს და ათავსებს ადამიანებისთვის დამახასიათებელ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
მხატვრობასა და ლიტერატურაში .ცხოველების ,,გაადამიანურებას” და ადამიანის ცხოველით ჩანაცვლებას ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. ეს ალეგორიული ხერხი გამოყენებული იყო პოპულარულ იმპროვიზირებულ ხალხურ სანახაობაში ,,ბერიკაობა”. ცხოველების პერსონაჟები ბატონ ზურაბის ნახატებში დაჯილდოებულნი არიან ადამიანური ხასიათებითა და ემოციებით, სიყვარულითა და ერთგულებით, სევდითა და სიხარულით…
XIX საუკუნის ბოლოს დაიბადა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება – კინო, ანუ დიადი მუნჯი, როგორც მაშინ მას ეძახდნენ. ცოტა ხანში კი ეკრანებზე გამოჩნდა ჩარლი ჩაპლინის კეთილი და ამავე დროს სევდიანი მაწანწალა. პატარა ზურაბი ბებიასთან ერთად ჩაპლინის არც ერთ ფილმს არ აცდენდა და მღელვარებით თვალყურს ადევნებდა, განიცდიდა და იცინოდა მის თავგადასავლებზე. მოგვიანებით, ჩარლი ჩაპლინის გმირმა შთააგონა მხატვარი შეექმნა უზარმაზარი სერია ნაწარმოებისა, რომელშიც გადახლართულია რეალური სცენები ფილმებიდან და მხატვრის ფანტაზია, სადაც ჩაპლინის გმირი მოთავსებულია ხელოვანის მიერ მოგონილ სიტუაციებში.
წერეთელმა ჩარლის მაწანწალა მოათავსა ძველ თბილისში და ის მაშინვე თავისიანად იქცა, თითქოსდა ჩარლი იქ დაიბადა და გაიზარდა. აი, ჩარლის გმირი ქუჩის ფეხსაცმლის მწმენდავთან ერთად, სხვა ტილოზე ის და კინტო განუყრელი ძმაკაცებივით არიან გამოსახულნი. კინტოს და ჩარლი ჩაპლინის გმირს შორის ბევრია საერთო: მხიარულება, ენერგიულობა, სიცუღლუტე, ფამილიარობა… თავად ჩარლიც ბატონ ზურაბის ტილოებზე ქართველს ჩამოგავს, მისი პლასტიკა და მიმიკა დავით კლდიაშვილის გმირებს მოგაგონებთ…. სხვანაირად არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ზურაბ წერეთლის ხელოვნებაში დიდი როლი ითამაშა ეთნოგრაფიულმა ექსპედიციებმა ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით: ,,ღრმა კვალი დატოვა ჩემში აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ. მაგონდება, მთვარიან ღამეში, ცეცხლის პირას გატარებული ღამეები და საუბრები გიორგი ჩიტაიასთან. მან სხვა თვალით შემახედა ჩემი სამშობლოს ისტორიას, ბუნებას, ხალხს და ჩემს საქმიანობასაც. მსოფლიო კულტურის საგანძურში _ შთამაგონებდა ბატონი გიორგი _ ადგილს დაიკავებს მხოლოდ ის ნაწარმოები, რომელიც ეროვნული ფორმით გამოხატავს ზოგადსაკაცობრიო იდეალებს” – იგონებდა ბატონი ზურაბი.
დიდი კომიკოსის შვილი ჯერალდინა 2011 წელს სტუმრობდა მხატვარს მოსკოვში და ერთ ინტერვიუში განაცხადა: ,,ზურაბმა მიჩვენა პორტრეტი, სადაც მე მამასთან ერთად ვარ გამოსახული… მე იქ ცოტა ქართველს ვგევარ და ხელში კატა მიჭირავს”. მხატვარმა ჯერალდინას მამის სკულპტურა აჩუქა. ,,შეიძლება ითქვას, რომ ჩარლი ჩაპლინი თქვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირია? – შეეკითხნენ ბატონ ზურაბს. – წინათ მე მართლა მიყვარდა მისი ხატვა, ახლა კი, რაც მისი შვილი გავიცანი, ორივეს ერთად დავხატავ ხოლმე!”
კომპოზიციები ჩაპლინის გამოსახულებით არ არის პორტრეტები პირდაპირი გაგებით, ისინი უფრო მაღალ პოეტურ ფორმას ნაზიარები ნაწარმოებებია. დიდი მსახიობი წერდა: ,,ორმოც წელზე მეტია მე ვაცინებდი ადამიანებს მთელს დედამიწაზე. მაგრამ მე უფრო ბევრს ვტიროდი, ვიდრე ისინი იცინოდნენ”.
ხელოვნების დანიშნულება ეს არ არის მარტო ხილულის ჩვენება, არამედ იმის გამოაშკარავებაა რაც არ ჩანს, ჩამალულია. როცა ჩვენ კამერით სამყაროს ვაკვირდებით, ვხედავთ ის რაც ჩანს. მაგრამ თუ ფოკუსიდან გავალთ, ხილული სულ სხვა ეფექტს მოგვცემს და ეს სხვა ხსნის მხატვრის ხედვას და მსოფლმხედველობას. მიუხედავად ,,პატარა მაწანწალას” გამოსახულებიანი ზოგიერთი ნაწარმოების მელანქოლიური ტონალობისა, მხატვრის ტილოებში იგრძნობა ხელოვანის მთავარი მოწოდება – სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და რომ მთავარი ფასეულობა ცხოვრებაში ეს სიყვარულია.
ორ ოსტატს, ჩაპლინსა და წერეთელს შორის ბევრია საერთო – შეიძლება ითქვას, რომ ორივე არის “Self Made Man”. მათი საერთო ნიშანია ადრე გამომჟღავნებული ნიჭი და ორიგინალურობა. ხელოვნების მწვერვალები რომ დაეპყროთ, ორივეს დიდი შრომის და ენერგიის დახარჯვა მოუწიათ. ხელოვანების – არტისტისა და მხატვრის – ჩარლზ სპენსერ ჩაპლინისა და ზურაბ წერეთლის მენტალურმა სიახლოვემ დასაბამი მისცა მრავალ საინტერესო მხატვრულ ნაწარმოებს, რომლებიც იქმნებოდა ორმოცი წლის მანძილზე და ეს შემოქმედებით დიალოგი კვლავ გრძელდება…