„რა მნიშვნელობა აქვს გიორგი ქობულია თანამდებობიდან მოხსნეს თუ გადადგა?! ამ კაცის მთავრობაში ყოფნა შეცდომა იყო. ქობულია პროფესიით ექიმია, რომელიც მენეჯერული საქმიანობით იყო დაკავებული, მას უშუალოდ ეკონომიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეკონომისტი მარტო გამოცდილებით ვერ გახდები. ეკონომიკა ისეთივე მეცნიერებაა, როგორიც, თუნდაც, მედიცინა, რომელსაც სწავლა უნდა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პროფესორმა ლადო პაპავამ.
პაპავა პარლამენტის მიერ “საერთო სასამართლოების შესახებ“ მიღებული კანონის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონი ყველა “სახელგატეხილ მოსამართლეს“ სასამართლო სისტემის მაღალ თანამდებობებზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
_ ბატონო ლადო, პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც ოდიოზურ მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გამწესების საშუალებას აძლევს. გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში საკუთარი კანდიდატურის მოხვედრა არ გამორიცხა. ამ ფონზე, როგორ ფიქრობთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს კვლავ იმ სახელებითა და გვარებით დაკომპლექტებულ სიას შესთავაზებს, რომელთა წარდგენას მაღალი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა?
_ სასამართლო სისტემაში ისეთი მოსამართლეები არ უნდა მოხვედრილიყვნენ, რომელთაც საზოგადოებაში არანაირი ავტორიტეტი და რაც მთავარია, ნდობა არ გააჩნიათ. სამწუხაროდ, პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ისეთი კანონი მიიღო, რომელიც ყველა სახელგატეხილ მოსამართლეს იმის შესაძლებლობას უნარჩუნებს, რომ კვლავ გააგრძელოს თავის საქმიანობა, თანაც სასამართლო სისტემის მაღალ თანამდებობებზე. არ შეიძლება ადამიანი სასამართლოში მიდიოდეს და მოსამართლის მიმართ აშკარად გამოხატული უნდობლობა გააჩნდეს. ნამდვილად არ მესმის „ქართულ ოცნებას“ ოდიოზური მოსამართლეები რაში სჭირდება და რატომ არ ასრულებს იმ დანაპირებებს, რომლებიც მმართველმა პარტიამ თავის დროზე გასცა.
_ იმ ფონზე, როცა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ვენეციის კომისიის, აშშ-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციები სრულად არ ასახულა, როგორ ფიქრობთ, “ოცნების“ სტრატეგია კანონპროექტის ბუტაფორიულ განხილვებს წარმოადგენდა?
_“ქართულმა ოცნებამ“ სცადა ილუზიის შექმნა, თითქოს კანონში სხვადასხვა მოსაზრების გათვალისწინებას აპირებდა. მმართველმა პარტიამ აღნიშნული კანონპროექტი ისე განიხილა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაელოდა. ეს უკვე დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებდა.
_ ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიას პოსტიდან გადაყენების შემდეგ, კიდევ უფრო გააქტიურდა საუბარი საქართველოში არსებული არაფორმალური მმართველობის შესახებ. როგორ ფიქრობთ, რას შეეწირა ქობულიას თანამდებობა, პირად თუ სახელმწიფოებრივ ინტერესებს?
_ ქობულია პროფესიით ექიმია, რომელიც მენეჯერული საქმიანობით იყო დაკავებული, მას უშუალოდ ეკონომიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, გიორგი ქობულია მოხსნეს თუ გადადგა?! ამ კაცის მთავრობაში ყოფნა შეცდომა იყო. ამ ადამიანს მიერ გაკეთებული რამე ღირებული საქმე გახსოვთ?! საერთოდ, ქობულია რა ჩამოსაყვანი და მინისტრად რა დასანიშნი ადამიანი იყო?! კაცი პროფესიით ექიმია, რომელსაც გამოცდილება აქვს მენეჯერულ საქმიანობაში. ეკონომისტი მარტო გამოცდილებით ვერ გახდები. ეკონომიკა ისეთივე მეცნიერებაა, როგორიც, თუნდაც, მედიცინა, რომელსაც სწავლა უნდა. არაპროფესიონალი ხალხი კი ხშირად შეცდომებს უშვებს ან საერთოდ არაფერს აკეთებს. პრობლემა ის კი არ არის, რომ ქობულია თანამდებობიდან გაუშვეს, პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ჩამოიყვანეს. გიორგი ქობულია თანამდებობიდან ისე გაუშვეს, როგორც ნებისმიერ მინისტრს უშვებენ. საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, რატომ ატყდა ამაზე აჟიოტაჟი, ჩემთვის გაუგებარია. რაც შეეხება „ოცნების“ ლიდერებთან მის უთანხმოებებს, ამის შესახებ თავად უნდა ისაუბროს. თუ თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი მისი არაპროფესიონალიზმი იყო, მივესალმები, თუ მიზეზი სხვა რამეა, მაშინ გულდასაწყვეტია, რომ მთავრობა ვერ მიხვდა, ეკონომიკის სამინისტროს თუ როგორი არაპროფესიონალი მართავდა. ვერ ვიტყვი, რომ მთავრობაში სხვას აქვს გამორჩეულად მკაფიო ეკონომიკური ხედვები, მაგრამ ქობულია „ქართული ოცნების“ მთავრობაში ყველაზე დიდი გაუგებრობა იყო. ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ამ პიროვნების შელამაზება აწყობს, რომ თურმე, რეფორმატორი იყო. მითხარით, ქობულიამ რა გააკეთა? სისულელეების მეტი არაფერი უკეთებია.
_ სუს–ის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილედ, შესაძლოა, შევარდნაძის მმართველობის ერთ-ერთი ჩინოვნიკი შენგელი ფიცხელაური დაინიშნოს, რომელიც უშიშროების სამსახურში, საგამოძიებო მიმართულებას 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა. ძველი კადრების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, თქვენი აზრით, “ოცნების” საკადრო კრიზისზე მიუთითებს?
_ ბატონ ფიცხელაურს არ ვიცნობ, ჩემგან დარგით ძალიან შორს არის. ფაქტი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ ძველ კადრებს მაღალ თანამდებობაზე ნიშნავს, შეიძლება ორი არგუმენტით აიხსნას. პირველი _ „ქართულ ოცნებაში“ საკადრო კრიზისია და მეორე _ მმართველი პარტია ძველ კადრებთან მუშაობით არ არის დაკომპლექსებული. თუ ადამიანი რომელიღაც ეპოქაში გაჩნდა, ეს მისი დანაშაული არ არის.
_ დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ მეზობელი ქვეყანის მიერ უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა. დღეს კი აღნიშნულ ტერიტორიას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გაზრდილი რაოდენობით აკონტროლებდნენ. როგორ ფიქრობთ, საქართველოსა და აზერბაიჯანის დემარკაციის პროცესში სადავო ტერიტორიის კუთვნილება ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდება?
_ საკითხის გადასაჭრელად მუშაობაა საჭირო ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორია. ძალიან ფრთხილი და ფაქიზი მუშაობა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ამბიციები, სულისკვეთება და მოთხოვნილებები მაქსიმალურად დაცული იყოს. აღნიშნულს რუტინული მუშაობა სჭირდება და არა პიარკამპანიები, რომლებიც საქმეს აფუჭებს.
_საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პიარკამპანიად უთვლით დავით გარეჯის მონასტრიდან საზღვრის დემარკაციის შესახებ გაჟღერებულ განცხადებას, რომელსაც აზერბაიჯანული მხარის გაღიზიანება მოჰყვა?
_ ქალბატონ სალომე ხშირად ძალიან უცნაური განცხადებების გაკეთება სჩვევია. ის ჩვენი ქართული სხეულისთვის უცხო ნაწილია. მან არ იცის, საქართველო როგორ ცხოვრობდა და აქამდე როგორ მოვიდა. თუ ზურაბიშვილს კარგი ექსპერტთა ჯგუფი ეყოლება, რომელთანაც წინასწარ კონსულტაციებს გაივლის იმასთან დაკავშირებით სად, რა და როგორ თქვას, უკეთესი იქნება.